ზაზა ბიბილაშვილი - ჩვენ აღარ ვიბრძვით სოციალური სამართლისა და თავისუფალი სასამართლოსთვის, ვიბრძვით, რომ გვერქვას დამოუკიდებელი ქვეყანა

ავტორი
Front News საქართველო
პარადოქსული ვითარებაა, როდესაც, ერთი მხრივ, სახეზეა ბოროტი უცხო, რუსული ძალის მმართველობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მიიტაცა და მძევლად აიყვანა და მეორე მხრივ, ეს ძალა გახდა კომიკური და გროტესკული, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" ხელს არავინ ართმევს, გარდა უნგრეთისა და კვლავ უნგრეთში ვიზიტებს აგრძელებენ.
"ჩვენ გვაქვს პარადოქსული ვითარება, როდესაც, ერთი მხრივ, სახეზეა ბოროტი უცხო, რუსული ძალის მმართველობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მიიტაცა და მძევლად აიყვანა და მეორე მხრივ, ეს ძალა გახდა კომიკური და გროტესკული. უხერხულია, როცა უკვე მერამდენედ ჩადიან უნგრეთში, სხვაგან არ ჩაესვლებათ და ისევ უნგრეთში მიდიან, ისევ უწევთ იმ უსუსური სურათის შექმნა, რომ მათ ვიღაც კიდევ ართმევს ხელს. ეს ბოლო ვიზიტი დაემთხვა იმას, რომ ადამიანი, რომელიც უნდა თავმჯდომარეობდეს პატრიარქის დაკრძალვის კომისიას, ამ საკვანძო მომენტში ადამიანი პოულობს დროს და მიდის სხვა ქვეყანაში იმ ქვეყნის არჩევნებში ჩასარევად - ასე ჰქვია მათივე ენაზე ამას. მაგრამ კობახიძისგან ეს გასაკვირი არ არის, რადგან ეს ის ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აუზზე ხვდებოდა, "ირუჯებოდა" და ამბობდა - რა საჭიროა ჩემი იქ ყოფნაო. ეს არის მათი შეგნება, მათი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. შედეგები არის აბსოლუტურად ბუნებრივი.
დღეს ჩვენ აღარ ვიბრძვით სოციალური სამართლისა და თავისუფალი სასამართლოსთვის, ეს თემები მეორეხარისხოვანი გახდა, ვინაიდან ეგზისტენციალური პრობლემა გაჩნდა - ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებლობისა და იმისათვის, რომ გვერქვას დამოუკიდებელი ქვეყანა.
რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, ის, რაც მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში, ეს არ არის უბრალოდ ვიზების გაცემის შეზღუდვა, არც პროცესის გართულება და ეს ბუნებრივია. ეს ნიშნავს, რომ აშშ-მა, თანაც ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელთანაც ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ, უპასუხა და უთხრათ - თქვენ ხართ ველურები. ეს რეჟიმი თვითონ ჩადგა იმ ვითარებაში, რამაც გამორიცხა ნებისმიერი ტიპის ნორმალიზაცია დასავლელ პარტნიორებთან", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი




