Logo

ზელენსკი - არ ვისურვებდი, სამი ლიდერის შეხვედრას ისე მივუახლოვდეთ, რომ რუსეთს ყველა სანქცია მოხსნილი ჰქონდეს

უკრაინა
564
Frontnews
ზელენსკი - არ ვისურვებდი, სამი ლიდერის შეხვედრას ისე მივუახლოვდეთ, რომ რუსეთს ყველა სანქცია მოხსნილი ჰქონდეს

ნეიტრალიტეტი და არმიის რაოდენობა არ განიხილება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსებმა ვერ უნდა უკარნახონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსები აშშ-სთან საუბრებში საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც აყენებენ, თუმცა ამ განხილვების დეტალები მან არ იცის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში გამართულ მოლაპარაკებებს პროდუქტიული და საგნობრივი უწოდა.

მისი თქმით, ბალისტიკური დარტყმების შესახებ დაზვერვა 100%-ით მუშაობს, ხოლო შაბათს, დილის 05:20 საათზე - უკრაინასა და აშშ-ს შორის ხანგრძლივი „ემოციური დიალოგის“ შემდეგ - Starlink-მა მუშაობა განაახლა.

ამ „ემოციური დიალოგის“ გამო უკრაინა სამი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: საჰაერო თავდაცვის დეფიციტი;
Starlink-ის შეზღუდვა და აშშ-ისგან სადაზვერვო მონაცემების შეზღუდვა.

"ორი საკითხი მოხსნილია, რჩება საჰაერო თავდაცვის საკითხი. ჩვენ გვაქვს სწორი შედეგი, გამოვედით იმით, რაც გვჭირდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ოსლოში გამართული მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ამერიკულმა მხარემ სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა გამართა. ამერიკელებმა დაადასტურეს, რომ პუტინი ნოემბერში ჯგუფების შეხვედრას დათანხმდა და ორივე მხარე (უკრაინაც და რუსეთის ფედერაციაც) მზად არის სამმხრივი შეხვედრისთვის. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ მასზე წარმოდგენილი იყოს ევროპა.

ამერიკული მხარის მიერ შემუშავებულ და პუტინისთვის გადაცემულ დოკუმენტზე (უიტკოფის დოკუმენტი) კომენტირებისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ ისაუბრებს სახელმწიფოს ნეიტრალურ სტატუსსა და უკრაინული არმიის შეზღუდვაზე.

მან აშშ-სთან არსებული შეთანხმებების გამო უარი თქვა „წითელ ხაზებში“ დეტალურად ჩაღრმავებაზე, თუმცა გამოყო საკვანძო პრინციპები:

• ნეიტრალიტეტი და არმიის რაოდენობა არ განიხილება: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რუსებმა ვერ უნდა უკარნახონ. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა - ეს არის ექსკლუზიურად უკრაინის შიდა საკითხი და მისი ურთიერთობა ნატოსთან (თუ უკრაინა ალიანსში იქნება, რაოდენობა შეიძლება იყოს 800 ათასი ან ნაკლები, დაფინანსებიდან გამომდინარე).

• ტერიტორიების საკითხი: ტერიტორიული საკითხის განხილვა (რასაც ამერიკელები ტერიტორიების გაცვლას - "swap the territory" უწოდებენ) შესაძლებელია ექსკლუზიურად ლიდერების დონეზე. დანარჩენი საკითხები ტექნიკური ჯგუფების დონეზე განიხილება.

• უსაფრთხოების გარანტიები: თუ უკრაინა არ არის ნატოში (სადაც მე-5 მუხლი მოქმედებს), აშშ-მა და ევროპელებმა უნდა აიღონ გარანტიები, რომ რუსეთი აგრესიას კვლავ არ დაიწყებს.

"პუტინისთვის გეგმა კი არ მიუტანიათ დასამტკიცებლად, რადგან ყველაფერს ყველა მხარე წყვეტს. არსებობს წინადადებები განსახილველად ამერიკული მხრიდან, რომლებსაც ისინი ჩვენთან განიხილავენ“, - განმარტა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები აშშ-სთან საუბრებში საკუთარი თავისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხსაც აყენებენ, თუმცა ამ განხილვების დეტალები მან არ იცის.

იმ მიზეზების კომენტირებისას, თუ რატომ დათანხმდა პუტინი მოლაპარაკებებს, ზელენსკიმ დაუშვა მისთვის უცნობი შეთანხმებების არსებობის შესაძლებლობა, თუმცა მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნაზე.

"არ ვისურვებდი, რომ სამი ლიდერის შეხვედრას ისე მივუახლოვდეთ, რომ რუსეთის ფედერაციას ყველა სანქცია მოხსნილი ჰქონდეს. სანქციები დაწესდა აგრესიის გამო და არა სალაპარაკოდ შეკრების შესაძლებლობისთვის. ამიტომ, სანქციების მოხსნა ჩვენ შეგვიძლია დავუკავშიროთ მხოლოდ იმას, რომ ხდება ომის დასრულება, დიპლომატია, იმის გაგება, თუ როგორ უნდა აღდგეს სახელმწიფო, და უსაფრთხოების გარანტიები. მე მაქვს განცდა, რომ როდესაც რუსეთის ლოიალობაზე ვსაუბრობთ, მისი ყიდვა ასეთ ფასად არ არის საჭირო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს პუტინმა, რათა აჩვენოს ომის დასრულების რეალური სწრაფვა, პრეზიდენტმა კონკრეტული პირველი ნაბიჯი დაასახელა: "ენერგეტიკული ზავი, როგორც პირველი ნაბიჯი. ეს არის სიგნალი. თუ ის არ იქნება - სამმხრივი შეხვედრა ლიდერების დონეზე. ის შეიძლება შედგეს“.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებზე და აღნიშნა, რომ უკრაინის დარტყმებს მსოფლიო ფასებზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან რუსეთის ფედერაციიდან დიზელის ექსპორტის წილი მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ეს არის ძალისა და სამართლიანობის საკითხი მტრის ქმედებებზე საპასუხოდ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა პარტნიორებს სიტუაციიდან გამოსვლის მკაფიო ალტერნატივებს და ვარიანტებს სთავაზობდა:

1. ენერგეტიკული ზავი: თუ პარტნიორებს სურთ რუსულ დიზელს და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტა, რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის ენერგეტიკაზე.

2. Starlink-ის გახსნა: დაფარვის ზონის გახსნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის თავზე, რათა განადგურდეს რუსული ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები, რომელთა ადგილმდებარეობაც უკრაინისთვის ცნობილია.

3. რაკეტები Patriot-ისთვის: თუ Starlink.-ის დაფარვის ზონას არ ხსნიან (ილონ მასკის პოზიციაზე მითითებით), მისცენ უკრაინას დამატებითი რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

"და რა მივიღეთ? მოცემულ მომენტში ჩვენ არაფერი მიგვიღია. ანუ, სანქციები მოუხსნეს, Patriot-ის დამატებითი რაკეტები არ მოუციათ, Starlink-ს სიჩქარე დაუგდეს. ამიტომაც რეაქციაც შესაბამისია, ჩვენი სიცოცხლისთვის ვიბრძვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები