ზელენსკი - ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში, დღეს 390 ადამიანი, შაბათს და კვირას ველოდებით, რომ გაცვლა გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ და რუსეთმა 1000 1000-ზე ფორმატის ფარგლებში ტყვეების გაცვლა დაიწყეს. პროცესი სამ დღეს გაგრძელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ტყვეთა გაცვლის შეთანხმების პირველი ნაწილი შეასრულეს.
"ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში, დღეს 390 ადამიანი. შაბათს და კვირას ველოდებით, რომ გაცვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება და მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რათა უკრაინელებმა შეძლონ სახლში დაბრუნება.
"ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ტყვედ მყოფი ადამიანის დაბრუნება. ჩვენ ვამოწმებთ ყველა სახელს, ინფორმაციას ყველა ადამიანის შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიპლომატიურ მუშაობას, რათა ასეთი ნაბიჯები შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 მშვიდობიანი მოქალაქე სახლში დააბრუნეს.
"ესენი არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საზღვაო ძალების, საჰაერო-სადესანტო ძალების, ტერიტორიული თავდაცვის ძალების, ასევე უკრაინის ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები“, - განაცხადეს საკოორდინაციო შტაბში.
განთავისუფლებული ჯარისკაცები იცავდნენ უკრაინის ტერიტორიას დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, ასევე მონაწილეობდნენ ბრძოლებში ჩერნიგოვის, სუმისა და კიევის ოლქებში.
გათავისუფლებულთა შორის სამი ქალი და 387 მამაკაცია. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განმარტა, რომ დღეს გათავისუფლებული დამცველების ნაწილი ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
2025 წლის 16 მაისს, სტამბოლში, სამი წლის შემდეგ, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებების დროს მიღწეული იქნა შეთანხმება ტყვეთა გათავისუფლების შესახებ ფორმულით "1000 1000-ზე".


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა