Logo

ზელენსკი - კიევსა და რეგიონზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური და მასშტაბური იყო

უკრაინა
99
Frontnews
ზელენსკი - კიევსა და რეგიონზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური და მასშტაბური იყო

გუშინ ღამით რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი შენობა, სკოლა, საავადმყოფო და საბავშვო ბაღი. ამ დროისთვის 15 დაღუპულის შესახებ არის ცნობილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები კიევსა და კიევის რეგიონზე მტრის დარტყმის შედეგების აღმოსაფხვრელად, სამუშაოებში უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 600-ზე მეტი მაშველი და პოლიციის თანამშრომელია ჩართული.

"მხოლოდ კიევსა და მიმდებარე რეგიონში დაზიანდა 30 საცხოვრებელი შენობა, სკოლა, ბავშვთა საავადმყოფო და საბავშვო ბაღი. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ცნობილია კიევში 15 ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა დაჭრილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობა, ასევე იმის მნიშვნელობა, რომ უკრაინის პარტნიორები არ გაჩუმდნენ დაბომბვის შესახებ და დაეხმარონ თავდაცვაში.

"რუსეთის ეს დარტყმა ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური, გათვლილი და მასშტაბური იყო. გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის რაკეტები და 168 დრონი. ჩვენმა ჯარისკაცებმა დღეს ყველა რუსული "კალიბრი" ჩამოაგდეს. საერთო ჯამში, ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების მაჩვენებელი 93%-ია და დრონების ჩამოგდების მაჩვენებელიც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, ყველაზე დიდ საფრთხედ ბალისტიკა რჩება. მისი თქმით, ეს მთლიანად დამოკიდებულია უკრაინის პარტნიორებზე და Patriot-ებისთვის რაკეტების მიწოდებაზე.

20 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური, კომბინირებული საჰაერო დარტყმა განახორციელა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში დაახლოებით ცხრა საათის განმავლობაში გაგრძელდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები