ზელენსკი - მზად ვარ თურქეთში პუტინთან შესახვედრად

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის თურქეთში ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართოს. მთავარი მიზანი მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა CNN Türk-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელს შეუწყობს თურქეთში პუტინთან მოლაპარაკებების ორგანიზებას.
უკრაინის პრეზიდენტი უმაღლეს დონეზე დიალოგს "აუცილებლად" მიიჩნევს, რადგან მხარეებს შორის აქამდე არსებული კონტაქტები ომის დასრულებას ვერ დაეხმარა.
"ჩვენ მზად ვართ ამ შეხვედრისთვის თურქეთში. ვიცი, რომ პრეზიდენტ ერდოღანს აქვს თავისი კავშირები პუტინთან. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეხვედრას თურქეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პრეზიდენტებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს იმ საკითხების გადაჭრის გზების პოვნას, რომელთა გადაწყვეტაც დელეგაციისა და ტექნიკური ჯგუფის დონეზე შეუძლებელია.
"სწორედ ამიტომ მსურს მასთან შეხვედრა, როგორც ადამიანთან, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პუტინთან შესაძლო შეხვედრის საკვანძო თემებს შორის უკრაინის ლიდერმა ფრონტის ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტა და შეთანხმებების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმის შექმნა დაასახელა.
გარდა ამისა, მისი აზრით, პრეზიდენტების დონეზე უნდა განიხილონ უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინის აღდგენა და ტერიტორიული საკითხები.
ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დათანხმდება პუტინის მოთხოვნებს დონბასის გადაცემისა და ყირიმის რუსულად აღიარების შესახებ. მან განმარტა, რომ მსგავსი დათმობები უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცნობისთვის, მანამდე კრემლში განაცხადეს, რომ პუტინმა შესაძლოა, უპასუხოს ზელენსკის ზარს. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ზელენსკი ჯერჯერობით პუტინთან დარეკვას არ აპირებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




