Logo

ზელენსკი - პუტინს ყირიმის სცენარის გამეორება სურს, მაგრამ ამჯერად ეს არ გამოვა

უკრაინა
251
Frontnews image description

რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ყირიმის სცენარის გამეორებას ცდილობს, ომში პაუზის ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე გაცვლით. უკრაინა ემზადება საპასუხოდ, რათა არ დაუშვას ქვეყნის გაყოფა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ამერიკულ მხარესთან კონტაქტები თითქმის 24 საათის განმავლობაში გრძელდება - სხვადასხვა დონეზე - და ჩვენ ყველაფერს არ ვასაჯაროებთ. ყველას შეუძლია დაინახოს პუტინის ტაქტიკა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კრემლის ხელმძღვანელი სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რომ "გადაახტეს მათ".

„მას სურს ომში, მკვლელობებში პაუზის გაცვლა ჩვენი მიწების ოკუპაციის ლეგალიზაციაზე - მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება. მას ყირიმის აღების უფლება მისცეს და ამან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია გამოიწვია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსმა დიქტატორმა წარმატებას მიაღწია და პრევენციული სასჯელიც კი არ მიიღო, როდესაც უკრაინის საზღვრებზე კონტინგენტი შეკრიბა, რამაც მოგვიანებით სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ნაწილის ოკუპაცია გამოიწვია.

"ახლა პუტინს სურს, რომ მას აპატიონ ჩვენი ხერსონის ოლქის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორიის, დონეცკის ოლქის, ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის დაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. რუსეთის აზრია - სადაც მეორეა, იქ მესამეც არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ამის გათვალისწინებით, უკრაინა კვლავაც მტკიცედ დაიცავს თავის მკაფიო პოზიციებს.

"ჩვენ ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც დაფუძნებული იქნება მკაფიო, საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე. ჩვენი პარტნიორები მზად არიან დაგვეხმარონ ამაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement