ზელენსკი - ყირიმის დაბრუნების გარეშე უკრაინელებისთვის ნორმალური ცხოვრება შეუძლებელი იქნება

ავტორი
Frontnews საქართველო
აგრესორმა ქვეყანამ მსოფლიოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა 2014 წელს დაიწყო, როდესაც ყირიმის ანექსია მოახდინა. მხოლოდ ნახევარკუნძულის უკრაინისთვის დაბრუნება იქნება უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გარანტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გამართულ ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის რიგით მეექვსე სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა მზადაა წვლილი შეიტანოს შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობისა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაში, თუმცა რუსეთმაც უნდა გადადგას რეალური ნაბიჯები დეესკალაციისკენ.
მისივე თქმით, რუსეთმა რაღაცით უნდა დაიწყოს, კერძოდ კი, სხვების პატივისცემით.
"მშვიდობისადმი ელემენტარული პატივისცემა მარტივი რამით იწყება: სურსათის უვნებლობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ადამიანების უფლება, იცხოვრონ შიშის გარეშე. რუსეთმა ეს ცვლილებები უნდა გაიაროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მშვიდობისადმი უპატივცემულობა 2014 წელს დაიწყო, როდესაც აგრესორი ქვეყანა უკრაინის ყირიმში შეიჭრა.
"ამიტომ, ნორმალურ ცხოვრებაში სრული დაბრუნება შეუძლებელია ყირიმის გარეშე - უსაფრთხოების აღდგენის, ადამიანებისა და მათი სიცოცხლის დაცვის, რუსეთის მიერ დაკავებულების გათავისუფლებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან დაბრუნების გარეშე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი აზრით, რუსეთმა უნდა ისწავლოს, რომ ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში 2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიის 890 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი იმავე პერიოდში 800 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა რუსეთთან ენერგეტიკული ზავისთვის. მან აღნიშნა, რომ ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვის შეწყვეტა ორმხრივი უნდა იყოს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




