ზელენსკი - რუსების მხრიდან ეს არის აბსოლუტური მხეცობა, უბრალოდ ნაძირალები არიან, აუცილებლად ვუპასუხებთ

ავტორი
Front News საქართველო
კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული მიზანმიმართული ორმაგი დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, 100-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 11 ბავშვია, ეს რუსული თავდასხმა იყო მიზანმიმართული და ვერაგული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ამჟამად კრივი-რიჰში, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მობილიზებულია ყველა საჭირო ძალა. სამწუხაროდ, ბევრია დაზარალებული. განხორციელდა რამდენიმე რუსული დრონის იერიში. მიზანმიმართული, ლაჩრული. ერთმანეთის მიყოლებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია 14 დაღუპულის და 100-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, მათ შორის 11 ბავშვია.
"ამ წუთებში ადგენენ ინფორმაციას ყველას შესახებ, ვინც შესაძლოა, ამ სავაჭრო ცენტრში ყოფილიყო. რუსების მხრიდან ეს არის აბსოლუტური მხეცობა. უბრალოდ ნაძირალები არიან. აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზი გაუსვა იმის მნიშვნელობას, რომ მსოფლიო არ უნდა დუმდეს რუსულ დარტყმებზე და აღნიშნა, რომ "ამ რუსულ ომს წერტილი უნდა დაესვას“.
"ასეთი დარტყმები უბრალოდ ტერორისტული თავდასხმებია და მსოფლიომ შესაბამისად უნდა უპასუხოს, აგრესორზე რეალური ზეწოლით. მშვიდობის არსებობისთვის რუსეთს რეალური პასუხისმგებლობა სჭირდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
დღეს რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰის სავაჭრო ცენტრზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. მტრის დრონებმა ორჯერ დაარტყეს მშვიდობიან მოსახლეობას, მეორედ სწორედ მაშინ, როდესაც მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახურები უკვე ადგილზე მივიდნენ. თავდასხმისთანავე ხუთი დაღუპულის და 50-ზე მეტი დაშავებულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოგვიანებით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა და 90-ს გადააჭარბა, რომელთაგან ორ ათეულზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია.





