ზელენსკი - რუსებმა უკრაინის ენერგეტიკაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელეს, აშშ-ში რეალობა უნდა დაინახონ

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენეს. მტერმა 15-ზე მეტ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტს შეუტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე რთული ვითარება იყო ლუცკში, რივნეში, ჟიტომირში, ვინიცაში, შევეტივკაში, სლავუტასა და ნეტიშინში იყო. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის, კიევის, დნიპროსა და სხვა რეგიონების ენერგეტიკულ ობიექტებზეც.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერმა 320-ზე მეტი რეაქტიული და "შაჰედი“, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჯარისკაცები ახერხებენ მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამოგდებას, რუსული დარტყმების მასიურ და უწყვეტ ხასიათს, კერძოდ, ენერგეტიკის წინააღმდეგ, სამწუხაროდ, ბევრი უარყოფითი შედეგი მოჰყვება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამავდროულად, მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტები უკვე მომზადებულია.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები უკვე მოამზადეს, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაშიც ყველამ დაინახოს, თუ რა ხდება რეალურად. იმ დროს, როდესაც რუსებმა ჩვენს ენერგეტიკულ სექტორზე ასეთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, ამერიკაში, სამწუხაროდ, მიიღეს გადაწყვეტილება, სრული იგნორირება გაუკეთოს ლინდსი გრემის აქტს, რომელსაც რუსეთზე მართლაც ეფექტური ზეწოლა უნდა მოეხდინა ამ ომის დასასრულებლად. ამ აქტს შეეძლო უდიდესი დახმარების გაწევა და კვლავაც შეუძლია! თუმცა, საჭიროა ის რეალურად ამოქმედდეს და ამისთვის თითოეულ მხარდამჭერ ხმას აქვს მნიშვნელობა.
რუსეთი ცდილობს უკრაინაში ბლექაუტი გამოიწვიოს – პირდაპირ ზამთრის წინ. რუსეთი ცდილობს, მილიონობით ჩვენი მოქალაქე ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. ამის შესაჩერებლად საჭიროა ზეწოლა. აშშ-ის მიერ სანქციების პროცესის გაჩერება, აგრესორზე ზეწოლის შემცირება და პუტინისთვის ფინანსური ჯილდოები – ყოველივე ეს მას მხოლოდ თავდასხმების გაგრძელებისკენ უბიძგებს. ჩვენ არ უნდა დავთმოთ პოზიციები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მცდელობები ომის დასასრულებლად. უნდა დავასრულოთ ის და არა მივცეთ პუტინს ყველა საფუძველი მისი განუსაზღვრელი ვადით გასაგრძელებლად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მართლაც იბრძვის მშვიდობისთვის და ეხმარება უკრაინას!" - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




