ზელენსკი - რუსეთს ბლექაუტი სურს, ტრამპის "ზავიდან" ერთ კვირაში ენერგეტიკაზე უკვე 76 დარტყმა განხორციელდა

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკისა და ნავთობისა და გაზის სექტორებზე 76 თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"იმ მომენტიდან, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა, უკრაინის ენერგეტიკულ და ნავთობგაზის სექტორზე მიზანმიმართულად უკვე 76 დარტყმა განახორციელა", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 18 ოქტომბრის ღამეს რუსულმა ჯარებმა იერიში მიიტანეს ქვესადგურებზე ვინიცის, ჟიტომირის, ხმელნიცკის და ოდესის ოლქებში. თავდასხმების გამო ათიათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ენერგეტიკოსები და სარემონტო ბრიგადები მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ, რათა დაზიანებული ობიექტები აღადგინონ და მომხმარებლებს შუქი დაუბრუნონ.
გარდა ამისა, ღამით რუსები უკრაინის რეგიონში საცხოვრებელ სახლებსაც დაესხნენ თავს. დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. დაზარალებულებს შორის ორი ბავშვია.
დილას დარტყმის ქვეშ მოჰყვა ვოლინის სასოფლო-სამეურნეო საწარმოც. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
"ამ დარტყმების მთავარი მიზანი სწორედ ენერგეტიკაა, რუსები ბლექაუტის მოწყობას ცდილობენ. ამერიკამ უნდა დაინახოს, რომ რუსეთი სანქციების მოხსნისა თუ შეთანხმებების საპასუხოდ არანაირ შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოსკოვი პოტენციური ეკონომიკური სარგებლის ან შეთანხმებების შესახებ სიგნალებს აღიქვამს როგორც ნიშანს იმისა, რომ ომის გაგრძელება მისთვის შესაძლოა, მომგებიანი იყოს.
"სწორედ რუსეთის ამ პოზიციის გამო გრძელდება ომი და არა იმიტომ, რომ უკრაინა სამართლიანად იცავს თავს. სწორედ რუსეთზეა საჭირო ზეწოლა, რათა მშვიდობას შანსი ჰქონდეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ხვდება და გვეხმარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი თითქოს შეთანხმდნენ ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებს შეწყვეტდნენ.
იმავე დღეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ შეთანხმებია მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ უკრაინა მზად იყო მხარი დაეჭირა მისთვის, თუ რუსეთიც შეწყვეტდა თავდასხმებს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




