ზელენსკი - უკრაინას რუსული გამშვები სისტემების გასანადგურებლად Taurus-ის რაკეტები სჭირდება

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინას რუსული გამშვები სისტემების გასანადგურებლად Taurus-ის ფრთოსანი რაკეტები სჭირდება. კიევი სამოქალაქო ობიექტებზე ან რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს არ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"რატომ გვსურს Taurus-ის რაკეტების შეკვეთა? იმიტომ, რომ როდესაც ამერიკელებმა საჰაერო თავდაცვისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მოწოდება ვერ შეძლეს, ჩვენ მხოლოდ ერთი გამოსავალი დაგვრჩა: რუსული გამშვები სისტემების განადგურება. ისინი გვხოცავენ, ჩვენ კი თავის დაცვაც არ შეგვიძლია. ეს არ არის სამოქალაქო ობიექტები, ინფრასტრუქტურა ან ენერგეტიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას არა მხოლოდ ამ რაკეტების შეკვეთა, არამედ მათი გამოცდაც სურს და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანია.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა სკეპტიკოსების სიტყვებს, რომლებიც ინტერესდებიან, თუ რას აკეთებს უკრაინა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მას ეხმარებიან. კერძოდ, მან IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენების შედეგებზე ისაუბრა.
"ჩვენ IRIS-T მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდად ვაქციეთ, ანტიბალისტიკური Patriot-ების შემდეგ. ახლა ეს სისტემა 600 ათასიდან სადღაც მილიონ-ნახევრამდე ღირს. ეს ამ ომმა გააკეთა. ჩვენ ასევე მოვაგვარეთ ყველა პრობლემური საკითხი, რადგან მხოლოდ რეალურ ომში შეიძლება ნებისმიერი თავდაცვის სისუსტეების სრულად აღმოფხვრა", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გერმანიას IRIS-T-ის შეკვეთებზე 10-20 წლიანი რიგები აქვს, რაც ასევე ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. გარდა ამისა, თავად რაკეტის ღირებულებაც ათჯერ გაიზარდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




