ზელენსკი - ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსები რიცხობრივად 6-8-ჯერ გვჭარბობენ, თუმცა უკრაინა საჭირო შედეგებს მაინც აღწევს

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსეთის საოკუპაციო ძალების რიცხობრივი უპირატესობა უკრაინელ სამხედროებთან შედარებით ექვსიდან რვაჯერ მეტია, თუმცა უკრაინის თავდაცვის ძალები საბრძოლო ამოცანების შესრულებას და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას მაინც ახერხებენ.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე რუსები რიცხობრივად ექვსიდან რვაჯერ გვჭარბობენ, ჩვენ მაინც ვაღწევთ იმ შედეგებს, რომლებიც უკრაინას სჭირდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამხედრო დანაყოფებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
კერძოდ, პრეზიდენტმა გამოყო უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების მე-12 ბრიგადა „აზოვი“, პირველი საპრეზიდენტო ბრიგადა „ბურევი“, საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ძალების 95-ე ბრიგადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების 413-ე პოლკი „რეიდი“, ტერიტორიული თავდაცვის 104-ე ცალკეული ბრიგადა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დანაყოფი „ფენიქსი“.
„მადლობას გიხდით თქვენ და ყველას, ვინც უკრაინისთვის ისე იბრძვის, როგორც საკუთარი თავისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ფრონტის კონკრეტულად რომელ მონაკვეთებზე ფლობენ რუსეთის ძალები ექვსიდან რვაჯერ რიცხობრივ უპირატესობას.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




