ჟან-ნოელ ბარო – მარინ ლე პენი უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტას გეგმავს, რაც პუტინის წინაშე კაპიტულაციას ნიშნავს

ავტორი
Frontnews საქართველო
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლე პენის განცხადებას გამოეხმაურა.
მინისტრის განცხადებით, ლე პენი ბრიუსელში ანტიევროპელ ლიდერებთან ერთად გამოჩნდა და ღიად განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს.
„მის მსგავსად, აქაც და სხვაგანაც ფსევდოპატრიოტები ჩქარობენ კაპიტულაციას ვლადიმირ პუტინის წინაშე, რომელიც ევროპის დაშინებას, ჩვენს დაყოფასა და დასუსტებას ცდილობს“, – განაცხადა ბარომ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მსგავსი პოზიცია საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას და ზრდის კონტინენტზე ომის გავრცელების რისკს.
მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უშუალოდ საფრანგეთის ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება.
"ისინი, ვისაც გულწრფელად სურს მშვიდობა და თავისუფლება, მხარს უჭერენ უკრაინას. საფრანგეთის ინტერესების ნამდვილი დამცველები მხარს უჭერენ უკრაინას. ჩვენ ამ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რადგან უკრაინის დახმარება საფრანგეთის დახმარებას ნიშნავს“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
მანამდე მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთში ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ერთ-ერთი ლიდერია, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთს უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვს.
თაგები:
ჟან-ნოელ ბარო




