Logo

ზურაბ პატარაძე რევაზ სოხაძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

რეგიონები
55
Frontnews
ზურაბ პატარაძე რევაზ სოხაძესთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ხულო–ზარზმის 47 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია, სადაც ასფალტბეტონის საფარი უკვე 44 კმ-ზეა მოწყობილი, დარჩენილ მონაკვეთზე კი სამუშაოები გრძელდება. პროექტის დასრულების შემდეგ ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო დაახლოებით 1.5 საათით შემცირდება. სამუშაოების დასრულება ეტაპობრივად, 2026–2027 წლებში იგეგმება.

გრძელდება ბათუმი (ანგისა)-ახალციხის გზის რეაბილიტაციაც. პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი 8 კმ-ზე უკვე მოეწყო. სამუშაოების ღირებულება 20.6 მილიონ ლარამდეა. ასევე მიმდინარეობს ზომლეთი–ხიხაძირის 7 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა.

დასკვნით ეტაპზეა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დანისპარაული–ველათი–მწვანე ტბის მიმართულებით განხორციელებული 6.2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი. 5.2 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ცემენტბეტონის საფარი უკვე მოეწყო, დარჩენილ ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება. განახლებული გზა სოფელ დანისპარაულს მწვანე ტბასა და გოდერძის უღელტეხილთან დააკავშირებს.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია; მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები კი გააუმჯობესებს მოსახლეობის გადაადგილებას, გააძლიერებს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

აჭარაში დაგეგმილი პროექტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმი–სარფის ახალი, 11.3 კმ სიგრძის, მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომლის განხორციელების შესახებ ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 8 კმ სიგრძის გვირაბისა და სამი ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი. ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს საქართველო–თურქეთის საზღვართან დააკავშირებს, გააუმჯობესებს სატრანზიტო მოძრაობას და განტვირთავს სანაპირო დასახლებებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ქობულეთის 2.1 კმ-იანი სანაპირო ზოლის აღდგენისა და ნაპირდაცვის სამუშაოები. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით კი მზადდება შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის დეტალური საინჟინრო პროექტი, რომელიც ქობულეთის ჩათვლით ცხრა პრიორიტეტულ ლოკაციას მოიცავს.

პროექტების მიმდინარეობას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები