Logo

ზურაბ პატარაძემ სამუშაო შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა

რეგიონები
215
Frontnews
ზურაბ პატარაძემ სამუშაო შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უხვი ნალექის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საჭიროებებს, მიყენებული ზიანის აღრიცხვასა და დამეწყრილი ტერიტორიების გეოლოგიური შესწავლის საკითხებს; იმსჯელეს შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გასატარებელ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზეც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრის მიზნით დროული რეაგირება.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეგიონის კლიმატური პირობების და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია არა მხოლოდ დადგენილი ზარალის დათვლა და შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება, არამედ სამომავლოდ, პრევენციული მიდგომების და ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რათა მსგავს გამოწვევებს მუნიციპალური სამსახურები და პროფილური უწყებები შესაბამისი მზაობით დახვდნენ.

"მოსახლეობის უსაფრთხოება და მოქალაქეების კომფორტული პირობებით უზრუნველყოფა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და ნებისმიერ, განსაკუთრებით კი ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ყველა სახელმწიფო უწყების და საჯარო მოხელის ვალდებულებაა უწყვეტ რეჟიმში გააკეთოს მაქსიმუმი თავისი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში, რათა დროული რეაგირებით მოხდეს დაზარალებული თანამოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით უზრუნველყოფა“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, აჭარის მთავრობის აპარატის და ადმინისტრაციის უფროსები, ბათუმის, ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი, ბათუმის საგზაო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს და ასევე, „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები