ზურაბ ცეცხლაძე – სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ, 15 იანვარს, 15:00 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას


ავტორი
Front News საქართველო
სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა.
პატიმრის მშობლები და ოჯახის წევრები მოქალაქეებს 15 იანვარს სამი საათით გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
“ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, მეუღლეები, შვილები, მოგიწოდებთ თითოეულ მოქალაქეს, დამსაქმებელს თუ დასაქმებულს, საკუთარი ქვეყნისთვის და ჩვენი შვილებისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათზე, შემოუერთდეთ გამაფრთხილებელ გაფიცვას. მოგიწოდებთ 3 საათით შეწყვიტოთ მუშაობა და დადგეთ თქვენი სამუშაო ადგილის წინ, ასე გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა და მოითხოვოთ სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ჩვენი შვილები დღეს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმის მძევლები არიან. მათთვის გაუქმებულია სასამართლო და სამართალი. მათი დანაშაული ისაა, რომ ქართველი ხალხის ნება და არჩევანი დაიცვეს. ივანიშვილის პირადმა კრიმინალებმა ჩვენ შვილებზე იძალადეს, აწამეს და დააპატიმრეს. ეს ჩვენთვის სასჯელიცაა და სიამაყეც. საქართველოს დამოუკიდებლობის და მომავალს დასაცავად, პროტესტზე გამოსული ასიათასობით პატრიოტთა შორის ჩვენი შვილები იქცნენ გმირებად. ჩვენ ვამაყობთ მათით.
ჩვენი შვილები უსამართლო სასამართლოშიც აგრძელებენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ახალი არჩევნებისთვის, დემოკრატიისთვის. როდესაც ჩვენ ქუჩებში ვდგავართ, იმალებიან ისინი, ვისაც ეს ქვეყანა მძევლად ჰყავს აყვანილი. როდესაც ჩვენ ერთად ვართ, მტერი ყოველთვის მარცხდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის უმრავლესობა და საქართველო გვეკუთვნის ჩვენ! თავისუფლება საქართველოს სიყვარულისთვის უკანონოდ დაპატიმრებულებს! 15 იანვარს იფიცება საქართველო!”, – განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
თაგები:
ზვიად ცეცხლაძე

“3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ” – 15 იანვარს, 15:00 საათზე, მასშტაბური გაფიცვა დაანონსდა

“ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის”

ზურაბ ცეცხლაძე – განსაკუთრებული დღეა პარასკევი, რომელიც კონკრეტულად ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების სოლიდარობას