Logo

ზვიად გაბისონია - ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს გაერთიანების მინიმალური ვადა ალბათ, იქნება ექვსი თვე, თუმცა შეიძლება, გაგრძელდეს კიდეც

პოლიტიკა
236
Frontnews image description

ტექნიკური უნივერსიტეტის და თსუ-ს გაერთიანების ვადას რაც შეეხება, ალბათ, მინიმალური იქნება ექვსი თვე, თუმცა შეიძლება, ის გაგრძელდეს გასაგები მიზეზების გამო, რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა არსად ხდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, შესაძლებელია, რომ პროგრამების დადარების ნაწილშიც ბევრი პრობლემა იყოს.

„გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან გვქონდა საუბარი. მათ გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომელიც სამინისტროს პოზიციიდან, შეიძლება, დეტალებში არ ჩანდეს. ამიტომ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, მინისტრი ქვეყანაში არ არის, ძალიან მნიშვნელოვან მივლინებაში გახლავთ ისრაელში, იურუსალიმის უნივერსიტეტში უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ქართველოლოგიის ცენტრს ვხსნით. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პარასკევისთვის ქვეყანაში იქნება უკვე და საშუალება გვექნება, მყისიერად მოვაწყოთ შეხვედრები“, – განაცხადა გაბისონიამ.

მისივე თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების პოზიცია არის ძალიან იმპერატიული, რომ შენარჩუნებული იყოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბრენდი.

„ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წელს 104 წლის გახდა. ამავე დროს დღეს გვექნება შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთანაც. მათი პოზიციების მოსმენაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. პარასკევს ქვეყანაში მინისტრის დაბრუნებასთან ერთად დაიწყება შეხვედრები მინისტრთანაც და შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები ალბათ იქით კვირაში იქნება მიღებული. მოგეხსენებათ, რომ ოქტომბერში დაანონსებული იქნა უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა. მოგეხსენებათ, რომ ეს რეფორმა თვითონ პრემიერ-მინისტრმა დააანონსა. ასეთი ტიპის რეფორმა 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და, შესაბამისად, მისი აღსრულების ეტაპი დადგა. დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ შვიდი გამოწვევა, რაც მითითებულია კონცეფციაში, დაძლეული იქნეს. შესაბამისად, არის გარკვეული ტიპის საკადრო საკითხებიც, ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე ინსტიტუციური საკითხები, რომლებიც აუცილებელია, რომ რეფორმის დროს იქნეს გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება გახლავთ სამინისტროს მიერ გაჟღერებული, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, რაც საშუალებას მოგვცემს, აღნიშნული უნივერსიტეტი კიდევ უფრო გაძლიერდეს, დაემატოს ტექნიკურ-ტექნოლოგიური სკოლის მიმართულება, რომელიც ძალიან ძლიერია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ აქვთ უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება, ჰყავთ პროფესიონალი კადრები. შესაბამისად, მათი გამოცდილება ერთ დიდ ფლაგმან უნივერსიტეტს ძალიან გააძლიერებს და, საბოლოო ჯამში, მივიღებთ არა მარტო საქართველოში, არამედ, ჩვენი ვარაუდით, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ლიდერ უნივერსიტეტს“, – განაცხადა გაბისონიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები