ანდრო გოცირიძე - ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა, რომელსაც რუსეთი უკრაინელების და ზელენსკის დასაშინებლად იყენებს

ავტორი
Front News საქართველო
უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე Front News-თან ინტერვიუში აანალიზებს აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მაიამიში ჩაშლილ მოლაპარაკებებს და აფასებს უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივებს.
გოცირიძის განცხადებით, სანამ უკრაინა სრულყოფილ უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ქვეყანა ტერიტორიების დათმობაზე ნებაყოფლობით არ წავა, რაც რუსეთის "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გაგრძელების პირდაპირი საფუძველია. ექსპერტი საუბრობს აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის ობიექტურ და სუბიექტურ მოტივებზე, კორუფციის თემით ზელენსკიზე ზეწოლის რისკებზე, რუსული გაყინული აქტივების საკითხზე და დრონებით თვალთვალის საფრთხეებზე.
ამასთან, გოცირიძე მკვეთრად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ "კამიტის" გამოყენების ბრალდებას და აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის გამოუქვეყნებლობა ამძაფრებს ეჭვს და ხელისუფლებას დასავლეთის დემონიზების პოლიტიკური იარაღისთვის სჭირდება.
- ქალაქ მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივა, რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ. თუმცა, უკრაინის დელეგაციას აღარ შეხვდნენ. რა ხდება? რა სახის მოლაპარაკებებს ვადევნებთ თვალს?
- ახლა აშშ ცდილობს ისეთი სამშვიდობო გეგმის მიღებას და ალბათ, შემუშავებას, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს, სხვაგვარად არანაირი სამშვიდობო გეგმა არ შედგება. ვიცით, რომ ის 28-პუნქტიანი გეგმა უკრაინისთვის მიუღებელი იყო. ევროპელ პარტნიორებთან ერთად მისი დახვეწა და 19 პუნქტამდე გარდაქმნა მოხდა. თუმცა, ახლა ეს რუსეთისთვის არის მიუღებელი, რადგან ავტორიტარული რეჟიმი შესაძლოა, საფრთხის წინაშე დადგეს და ეს სამხედრო მანქანა უკან და უკან წავიდეს, რაც თავად პუტინს და რუსეთს ცუდად შემოუბრუნდებათ. თუკი უკრაინა ვერ მიიღებს შესაბამის და სრულყოფილ უსაფრთხოების გარანტიებს, დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით შეთანხმება არ მოხდება.
- დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი გააგრძელებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", თუ მისი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევა შეუძლებელი იქნება. რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მოსკოვის მიერ მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა ამ ეტაპზე და რა "პირობები" შეიძლება იყოს ის, რასაც რუსეთი უკრაინას შესთავაზებს?
- ამ ეტაპზე ომის დასრულებას არ ველი. უკრაინა არ დაიხევს უკან და არ გამოიყვანს ჯარებს, თუკი რუსეთისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ მიიღებს მნიშვნელოვან და ხელჩასაჭიდ გარანტიებს. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში, იქნება ეს ისევ ზელენსკი თუ სხვა, უკრაინა არასდროს წავა იმ ნაბიჯზე, რომ ნებით გადასცეს მოსკოვს საკუთარი ტერიტორია. ამიტომ რუსეთის ეს განცხადება, რომ ისინი ომს გააგრძელებენ, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მე ომის დასრულებას ამ ეტაპზე არ ველი.
- თქვენ ზელენსკი და ხელისუფლების ცვლილება ახსენეთ. ამაზე მინდა, რომ გკითხოთ: რამდენად ფიქრობთ, რომ შესაძლოა, უახლოეს მომავალში ზელენსკის გადადგომა მოხდეს? ბევრი დასავლური მედია, მისი უახლოესი გარემოცვის, ერმაკის გადადგომის შემდეგ, ამ სცენარს პროგნოზირებს. თქვენი მოლოდინი როგორია? აშშ კორუფციის თემას მასზე ზეწოლისთვის გამოიყენებს?
- აშშ-ის ახლანდელი ადმინისტრაცია ვიცით, რომ დაინტერესებულია, როგორმე სამშვიდობო ხელშეკრულება შედგეს. ეს არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე სურვილი. სუბიექტური მიზეზი ვიცით, რომ პიარის თვალსაზრისით ტრამპისთვის ეს მნიშვნელოვანი და პირადი იმიჯის საკითხი გახდა უკვე. ობიექტური მიზეზები კი ეკონომიკური გარემოებებია. ამ ომის შენახვა და დაფინანსება, რა თქმა უნდა, ევროპისთვისაც უკვე რთულია და დასავლეთისთვის ეს გარკვეულ ტვირთადაც იქცა. ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ვინც არ უნდა მოვიდეს უკრაინის ხელისუფლებაში ან რა სახის ზეწოლაც არ უნდა მოხდეს ზელენსკიზე, ის ვერ შეძლებს ისეთი ხელშეკრულების დადებას, რომელიც უკრაინას დააზიანებს და უკრაინელი ხალხისთვის მიუღებელი იქნება.
- ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი აქტიურად განიხილება, რასაც რუსეთი "ქურდობად" და casus belli-ის კვალიფიკაციის მქონე ქმედებად აფასებს. რა საფრთხეებს ხედავთ ამ ნაბიჯში საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებების კუთხით? ვიცით, რომ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ევროპისგან ამ აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი და მეტ გარანტიებს ითხოვს.
- მე არ ველი, რომ ამის გამო რუსეთი რაიმე სამხედრო ქმედებებს დაიწყებს ევროპის წინააღმდეგ. ალბათ, კრემლი რუსეთში არსებულ დასავლურ აქტივების მითვისებას გულისხმობს. მოსკოვში არსებობს ასეთი დასავლური ბიზნესი და სავარაუდოდ, მუქარა მათ მიმართ იყო მიმართული. მეორე მხრივ, ალბათ, საერთაშორისო სამართალს გულისხმობენ, სადაც დამარცხებული მხარე იძულებულია ეს გაყინული აქტივები დაუბრუნოს მოწინააღმდეგეს. ამიტომ ევროპა ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ეკიდება და ცდილობენ, არსებული საერთაშორისო სამართალი დაიცვან. ეს სიფრთხილე კი მოსკოვს ძალიან ათამამებს და უფრო ზუსტ ნაბიჯებს დგამს. ფიქრობენ, რომ ევროპა ამ შანტაჟს დაემორჩილება.
- ირლანდიაში ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის მახლობლად უცნობი დრონების გამოჩენის ინციდენტს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში არ უკავშირებს ვიზიტის ჩაშლას. რამდენად ხშირად ხდება მსგავსი უსაფრთხოების ინციდენტები მაღალი რანგის ოფიციალური პირების ვიზიტების დროს და ვინ შეიძლება იდგეს ამ კონკრეტული ინციდენტის უკან? ან რა საფრთხეს შეიცავს ზელენსკისთვის მსგავსი თვალთვალი?
- რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთის მხრიდან უფრო პროვოკაციული და ხისტი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა, რომელსაც ისინი უკრაინელებისა და ზელენსკის დასაშინებლად იყენებენ. ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის ტაქტიკა – მთელი ევროპის დრონებით დაშინება. ამიტომ მათი ეს ქმედება გასაკვირი არ არის და მოსალოდნელიც არის ზელენსკისთან დაკავშირებით. კი ბატონო, ეს რისკები არსებობს და ამას რომ მოინდომებს რუსეთი, არავისთვის მოულოდნელი არ იქნება.
- საქართველოს ხელისუფლება BBC-ის მიერ გავრცელებულ საგამოძიებო ფილმს, რომელშიც უმძიმესი ბრალდებებია გაჟღერებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომისდროინდელი, აკრძალული ქიმიური ნივთიერების, "კამიტის“ (ბრომბენზილციანიდის) გამოყენების თაობაზე, ჰიბრიდული ომის ტაქტიკის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს. მათი თქმით, ეს ბრალდება, რომელიც მტკიცებულებებს მოკლებულია, მხოლოდ ოპოზიციონერ აქტივისტთა და მათთან დაკავშირებული არასამთავრობოების მონათხრობს ეფუძნება და ქიმიურ და ტექნიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ვნახეთ ხელისუფლების რამდენიმე ვერსია ამ „კამიტის“ შესყიდვასთან დაკავშირებით. როგორ უნდა დაარწმუნოს ხელისუფლებამ დასავლეთი და საკუთარი მოსახლეობა იმაში, რომ ეს ნივთიერება არ გამოუყენებია?
- ამ სპეკულაციებისთვის წერტილის დასმა ძალიან მარტივად შეეძლო ხელისუფლებას. უბრალოდ აეღო და გამოექვეყნებინა იმ ნივთიერების შეძენა და შემდეგ მისი გამოყენების ბრძანება, რომელიც ამ აქციების დროს ხალხის დასაშლელად იქნა გამოყენებული. ხელისუფლება რაც უფრო ღრმად შედის ამ პოლიტიკურ დისკუსიაში, მით უფრო ჩნდება ეჭვი, რომ მართლაც რაღაცა ისეთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც აკრძალულია ასეთი აქციების დაშლის დროს.
ვისაც ამ სტრუქტურებში უმუშავია, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი საპოლიციო ძალების მოქმედება ჰაერზე არ ხდება. მსგავსი ბრძანების გაცემა და შემდეგ მოქმედება, ყველაფერი დოკუმენტირდება და ხელმოწერილი დოკუმენტებია. სიტყვიერად არავინ მოქმედებს ჰაერზე. მით უმეტეს, ასეთი ქიმიური ნივთიერების გამოყენების დროს. არსებობს პროტოკოლები, სტანდარტული ოპერაციები და შეთანხმებები. ყველაფერი ეს სტანდარტული ოპერაციები, პირდაპირ არის აღწერილი. ეს ნივთიერება ასე საწყობში არ დევს. როგორც იარაღის აღწერა და მისი ყველა გამოყენება კონტროლდება, ასევე ხდება ამ ნივთიერებების გამოყენების აღწერაც და ა.შ.
მეორე საკითხი კი ის არის, რომ ხელისუფლება ყველა მსგავს სიტუაციას დასავლეთის დისკრედიტაციისთვის იყენებს. რაღაც დროის მანძილზე ეს ამბავი თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და ის ქვეყნები დაადანაშაულოს ისევ საქართველოს მიმართ შანტაჟისთვის, რომლებსაც "გლობალური ომის“ და "დიფ სთეითის“ გავლენის ობიექტად იხსენიებენ ხოლმე. აქ ვგულისხმობ წამყვან ევროპულ ქვეყნებს, რომელთა გაშავებით დიდი ხანია ხელისუფლება დაკავებულია.
- თქვენ ფიქრობთ, რომ სიტუაციას რაღაც დონემდე მიიყვანენ და შემდეგ შესაძლოა, ეს დოკუმენტაცია გამოაქვეყნონ, რომელიც, როგორც თქვენ აღწერეთ, არ არსებობს, რომ მათ არ ჰქონდეთ?
- ერთ-ერთი ვარიანტი ეს არის, დიახ, რომ მათ აქვთ დოკუმენტები და მტკიცებულებები იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც რეალურად იმ აქციის დარბევის დროს გამოიყენეს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს სიტუაცია პოლიტიკურად აწყობთ და მას დასავლეთის დემონიზებისთვის გამოიყენებენ. მოსახლეობის თვალში თავს დასავლეთის მსხვერპლად და შანტაჟის ობიექტად გამოიყვანენ, შემდეგ კი არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი დოკუმენტი მართლაც გამოაქვეყნონ.
თაგები:
ანდრო გოცირიძე




