Logo

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ავტოკრატიზმისკენ მიდის, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა თანამედროვე სახელმწიფოს მეთოდი არ არის 

ინტერვიუ
166
Frontnews image description

საქართველოში ბოლო პერიოდის პოლიტიკურმა მოვლენებმა, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა დაკავებებმა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებამ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივამ და მაღალჩინოსნების სავარაუდო კორუფციაში მხილებამ, ცხადი გახადა, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის ახალ ფაზაში შევიდა. უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე Front News-თან საუბარში  ქვეყანაში ბოლო დროს არსებულ ვითარებას აანალიზებს და ხაზს უსვამს, რომ ეს გზა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. 

- მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურატურამ კიდევ 16 პირი დააკავა. ამავე საქმეზე ბრალდებულია კიდევ 48 პირი, რომლებსაც ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე წარედგინათ. აგრეთვე, მიმდინარეობს გამოძიება ბაჩო ახალაიას ჩართულობასთან დაკავშირებით. ელით, რომ ამ საქმეზე კიდევ უფრო სკანდალური დაკავებები მოხდეს?

- ხელისუფლება 4 ოქტომბრის შემდეგ ცდილობს, უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგას და ავტოკრატიზმის დასამყარებლად სრული კარტ-ბლანში აქვს. რაც შეეხება ფაქტს, მოხდა თუ არა ღობის ხელოვნურად დაზიანება და გადახერხვა, ღობე რომც არ ყოფილიყო მოხსნილი, ეს იყო სტრატეგიული მნიშვნელობის შენობა. მასზე იერიშის მიტანა, რაც არ უნდა მცირერიცხოვანი მონაწილეების მიერ ყოფილიყო, სისხლის სამართლით დასჯადია. ხელისუფლებამ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესები რადიკალიზაციისკენ წაეყვანა, ხოლო წლების მანძილზე არცერთი პლატფორმა არ დატოვა, რომ პროცესები კონსტრუქციულად წარიმართოს. რა თქმა უნდა, დაკავებები გაგრძელდება და ჩვენ ამ სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ.

- 2025 წლის 17 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონი გამკაცრდა. მცირერიცხოვან აქტივისტებს გზის გადაკეტვის უფლება აღარ ექნებათ. ამ ეტაპზე ხელისუფლება ჯერ თავს იკავებს რადიკალური ქმედებებისგან. ელით, რომ რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების სრულიად აკრძალვაც მოხდეს? რა დისკომფორტს უქმნის ახლა ხელისუფლებას რუსთაველზე შეკრებილი ხალხი?

- რა თქმა უნდა, შეეცდება რუსთაველის „გასუფთავებას“, რადგან უწყვეტი პროტესტი არის ის, რასაც დასავლეთი ხელისუფლების კრიტიკისთვის იყენებს და რაც დასავლეთს კიდევ აძლევს საშუალებას, რომ საქართველოს საკითხების მიმართ დაინტერესება გამოხატოს. ეს არის ხელისუფლების აზრი და ამაში ლოგიკაც არის. ეს საპროტესტო აქციები ნამდვილად დასავლეთის მხრიდან დიდი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ხელისუფლება შეეცდება ეს პროტესტი ჩაახშოს. ის თვლის, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ ახლა განსაკუთრებით კარგი დროა. ამას ერთის მხრივ საკანონმდებლო ცვლილებებით შეეცდება, მეორეს მხრივ კი ძალისმიერი მეთოდებით.

აქაც მნიშვნელოვანია, ფართო სურათით დავინახოთ ყველაფერი. ნებისმიერი ამკრძალავი მეთოდი ამოქოლავს ყველა იმ საშუალებას, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლების კონსტრუქციული ურთიერთობის საშუალებას აძლევს. კანონი შეიძლება ბევრნაირი იქნეს მიღებული, მაგრამ ეს პროცესს ლეგიტიმაციას ვერ აძლევს, მით უმეტეს, ერთპარტიულ პარლამენტში. საბჭოთა კავშირში ყველაფერი კანონით ხდებოდა და ადამიანებს სწორედ ის "ტროიკა" ასამართლებდა, რომელსაც სწორედაც რომ კანონით ჰქონდა ეს უფლება მინიჭებული. იგივე იყო ნაცისტურ გერმანიაშიც.

- თქვენ ელით, რომ ნამდვილად მოხდება ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა? „ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ჟურნალისტებს 18 ოქტომბერს განუცხადა, რომ „ქართული ოცნება“ „ალბათ, დაახლოებით ერთ კვირაში“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკავშირებული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის შესახებ სარჩელით. ერთი დღით ადრე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სარჩელში „შეიძლება იყოს 10-მდე პარტია... მცირე პარტიების ჩათვლით“, რომლებიც, კობახიძის თქმით, „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში“ იყვნენ ჩართული. სიას ჯერ არ ამხელენ...

- დიახ, როგორც მოლოდინი მქონდა, დიდი ალბათობით ხელისუფლება სარჩელს შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში. თავად აკრძალვა ერთი ფურცელზე რა მოხდება და მეორეა როგორ მოხდება მისი განხორციელება. თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აკრძალვაზეა საუბარი, მაშინდელი წევრები და მაღალჩინოსნები ისევ „ოცნებაში“ არიან გადაპორტირებულები. ასევე, მათი დამფინანსებლების, ბიზნესმენების ნაწილიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და შემომწირველები იყვნენ. დასასრულს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს მინიმუმ 40-დან 60%-მდე საქართველოს მოსახლეობა უჭერდა. წევრებიც ათასობით ითვლებოდნენ. მათ შორის „ნაციონალების“ სპონსორი ბიძინა ივანიშვილი იყო, კახა კალაძეც ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან ახლოს იყო. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ეს შერჩევითი სამართალი იქნება. მთავარი ამ ყველაფერში ის არის, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მეთოდი არ არის. თუ ჩვენ საბჭოთა კავშირს და რუსულ სახელმწიფოს ვაშენებთ, გვინდა ზოგიერთი რეგიონის მსგავსი დიქტატურის ჩამოყალიბება, კი ბატონო, მაშინ გასაგებია. თუმცა ეს გზა ევროპულ ოჯახსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ვერ მიგვიყვანს.

- რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ასეთ შემთხვევაში „ოცნებას“? დასავლეთიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ამ საკითხს. ჩვენ ვნახეთ სახალხო პარტიის განცხადება და რეზოლუციაც. რას მიიღებს მმართველი გუნდი პოლიტიკურად ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში და რა არის მისი ქმედების რეალური მოტივი 13 წლის შემდეგ?

- სირთულეს რაც შეეხება, ეს ბუნებრივია, სახელმწიფოსთვის იქნება რთული. ხელისუფლებისთვის ეს მარტივი საკითხია, რადგან დასავლეთის კრიტიკას უკვე დიდი ხანია, აღარ დაგიდევენ. მათი კრიტიკის გაუთვალისწინებლობა ჩვენ ევროპულ სტრუქტურებში შეფერხებას გამოიწვევს, რაც ისედაც შეჩერებულია. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება ამის შეფერხებას ხელოვნურადაც ცდილობს. ის განცხადებები, რომ ჩვენ ევროკავშირში 2030 წელს შევალთ, ასე არ ფიქრობენ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნები. ეს შიდა მოხმარებაზეა გათვლილი, რომ ჩვენ მაინც შევალთ, როგორ შევალთ იქ, სადაც მაინც არ გვიღებენ. თუ მაინცდამაინც რაღაცა ასაკრძალი იყო, სჯობდა პრორუსული პარტიები აკრძალულიყო, რუსული სატელევიზიო არხები და რუსული პროპაგანდის სატელევიზიო არხები.

- ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის ვიზიტი თბილისში, უპრეცედენტო სკანდალის მიზეზი გახდა. ის რუსთაველზე მივიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა. ვალტონენი ხელისუფლებამ გზის გადაკეტვის ბრალდებით დააჯარიმა და როგორც პრემიერმა განაცხადა, ამის გამო მასთან შეხვედრაც გააუქმა. მოგვიანებით ეუთოს თავმჯდომარემ თქვა, რომ პირიქით, ის არ შეხვდა ხელისუფლებას. რა სახის დაპირისპირება ვიხილეთ? რატომ ჰქონდა ხელისუფლებას უარყოფითი მოლოდინი ამ ვიზიტისგან?

- "ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ დასავლეთს ადრე თუ გვიან, რადგან ჩვენი ქვეყანა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი სჭირდება, მას მოუწევს ჩვენთან დაკავშირებით პოლიტიკის გადახედვა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ეს მოლოდინი აქვს. ამიტომ „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ როცა დასავლეთი ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდება დათმოს რაღაცა პრინციპები, მათ თავისი პოლიტიკა შესთავაზონ. "ოცნება“ თავის პოლიტიკას არ გადახედავს. თუ ახლა აქ საუბარია ერთი-ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე, ეს არ არის პოლიტიკის გადახედვა. ამას პუტინი და ლუკაშენკოც კი აკეთებენ. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის ის 9 პუნქტი, რომლის შესრულებასაც ევროპელები სთხოვენ.

- იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ანტიკორუფციულმა სამმართველომ დაიწყო გამოძიება და ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახელების ჩხრეკვა მოხდა. სუსი დიდძალი ფულის და ოქროულობის ამოღებაზე საუბრობს. რა სახის რეალობის წინაშე აღმოჩნდა ხელისუფლება და საზოგადოება?

- თქვენ წარმოიდგინეთ, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებშიც კი, მათ მიერვე დაწყებულ გამოძიებაში აღმოჩნდა, რომ მინისტრის დონემდე თავდაცვის სამინისტროში კორუფცია ყვავის. ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის დონეზეც კორუფცია ყვავის. წარმოუდგენელია მინისტრის მოადგილე ამხელა მილიონებს აკეთებდეს და მინისტრმა არაფერი იცოდეს. 

აქვე საუბარია ჯანდაცვის სამინისტროზე. ლაპარაკობენ იმაზე, რომ თურმე ერთ-ერთი პატიმარი რამის სახელმწიფო გადატრიალებას ახერხებს. ციხის უფროსს და მის მოადგილეს ფულის სანაცვლოდ ცემის სცენარებს ადგმევინებს. ამაზე ხომ თავად ხელისუფლება საუბრობს. ახლა კი ამხელა ფულის და ოქროს ამოღებაზეა ლაპარაკი ისეთ მაღალი თანამდებობის პირებზე, როგორიც ყოფილი პრემიერი, სუსის უფროსი და ყოფილი პროკურორია. წარმოიდგინეთ დამოუკიდებელი გამოძიების შემთხვევაში, როცა „ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება, ხოლო გამოძიება დამოუკიდებლად წარიმართება, რამხელა სამართლებრივი პასუხისმგებლობაა მოსალოდნელი. ამიტომ ეს არის ხელისუფლების ძალაუფლებიდან ხელის არგაშვების მცდელობა. ეს არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება, თორემ კორუფცია რომ ყვავოდა, ეს ყველამ ისედაც კარგად იცოდა. 

ელზა პაპოშვილი

Advertisement