ანდრო გოცირიძე - საქართველოს უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში პოლიტიკური პროცესები სწრაფად და მოულოდნელად ვითარდება. ბოლო დღეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, მრავალგვარ ინტერპრეტაციას იწვევს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია მტკიცედ ცდილობს პოზიციების შენარჩუნებას, ხოლო დასავლეთთან ურთიერთობები კრიტიკულ ნიშნულამდეა დაქვეითებული. საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე მიმდინარე პროცესებს Front News-თან ინტერვიუში აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმის გზაზეა გადასული.
– ბატონო ანდრო, ბოლო პერიოდში ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ძალიან დინამიურად ვითარდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბოლო დღეებში განხორციელებული საკადრო ცვლილებები. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას?
- ეს ცვლილება გარკვეული გუნდისთვის სრული კარტ-ბლანშის მიცემას ნიშნავს, თუმცა საერთო პოლიტიკურ ვითარებაზე ეს გავლენას არ მოახდენს. მმართველი ძალა მტკიცედ ჩამოყალიბებულია ერთ მიზანზე – ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. ამას თან სდევს პროპაგანდისტული რიტორიკა, რომელიც ვითარების გამართლებას ცდილობს. თითქოს ბრძოლაა „დიფ სთეიტთან“ ან დასავლეთის რაღაც გლობალურ ომთან. რეალურად კი, ეს არის დემოკრატიული სისტემიდან სამხრეთ-აზიური ჰიბრიდული ან პირდაპირი ავტორიტარიზმისკენ გადახვევა.
– ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს თავის ჩართულობა მართვაში ნაკლებად ხილული ფორმით განაგრძოს. შესაბამისად, მასთან პირდაპირ დაკავშირებული პირები ტოვებენ მთავრობას – მაგალითად, ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური. ამ ვერსიაში ხედავთ ლოგიკას?
- დიახ, ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური გადაწყვეტილება, რათა ივანიშვილმა ფორმალურად დაიჭიროს დისტანცია. თუმცა მისი გავლენა იმდენად დიდია, რომ ამ პროცესიდან გამიჯვნა მხოლოდ დეკლარატიულია. არაერთხელ გვინახავს, როგორ „გავიდა“ ის პოლიტიკიდან და მალევე „დაბრუნდა“. ასევე უნდა აღინიშნოს ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილი შეხვედრა, რომელიც მისივე მხრიდან ჩაიშალა – ეს ცხადყოფს, რომ დასავლეთშიც არავის სჯერა, თითქოს ივანიშვილი პოლიტიკურად განრიდებულია.
– განვიხილოთ სწორედ ეს – ამერიკის ელჩთან ჩაშლილი შეხვედრა და შემდგომი განმარტება. როგორ გაიგეთ ივანიშვილის უარი და რა ნიშნულზეა დღეს საქართველო–აშშ-ის ურთიერთობა?
- სამწუხაროდ, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა ამჟამად ისტორიულად დაბალ დონეზეა. 1990-იან წლებში ინტერესი შეიძლება ნაკლები იყო, მაგრამ ასეთი კრიზისული ფონი არასოდეს ყოფილა. ყველაზე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აშშ ახლა ცდილობს კომუნიკაცია არა პრემიერ-მინისტრთან ან პარლამენტთან, არამედ პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან – ივანიშვილთან. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი ქვეყანაში სხვა პასუხისმგებელ ფიგურას აღარ ხედავს.
რაც შეეხება უარს, ივანიშვილმა შეხვედრაზე თავი შეიკავა იმიტომ, რომ საელჩომ ცხადად გააჟღერა პირობები – დემოკრატიის გაძლიერება, მისი უკუსვლის შეჩერება და ანტიამერიკული რიტორიკის დასრულება. ეს სწორედ ის სამი სვეტია, რაზეც მმართველი პარტიის სისტემა დგას. მათზე უარის თქმის შემთხვევაში დღის წესრიგში შესაძლოა, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება დადგეს – თუ ამას ქართველი ხალხი არჩევნებით დაადასტურებს. ამიტომ, ივანიშვილის უარი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის ფორმალურად ხელისუფლებაზე გადატანას, მაშინ როცა რეალური ძალაუფლება კვლავ მის ხელში რჩება.
– ამ კონტექსტში როგორ შეაფასებთ იმ წერილს, რომელიც დონალდ ტრამპმა მიხეილ ყაველაშვილს გამოუგზავნა?
- ზუსტად ვერ შევაფასებ, რადგან ორიგინალი დოკუმენტი ჯერ არავის უნახავს. ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება ტექსტის სრული გამოქვეყნება, რაც აქამდე არ მომხდარა. თუმცა მაინც ვთვლი, რომ წერილი შესაძლოა, არსებობდეს – ისიც, დიპლომატიური კლიშეს სახით, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვას შეეხება და პოლიტიკურ კონტექსტს მოკლებულია.
უარესი ისაა, რომ ქვეყანაში დღეს უკვე უნდა ვიმსჯელოთ – აღიარებს თუ არა ახალი ადმინისტრაცია ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად. ეს ის შემთხვევაა, როცა რაიმე წერილის არსებობით განვსაზღვრავთ პოლიტიკურ აღიარებას. ეს კი ქართული საგარეო პოლიტიკისთვის დიდი მარცხია – ფაქტობრივად, რუსეთის გამარჯვება.
– და ბოლოს, როგორ აფასებთ აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს, სადაც საუბარია რუსეთის გაძლიერებულ გავლენაზე საქართველოში? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების გასამყარებლად საქართველოს იყენებს?
- სამწუხაროდ, ასეა. რუსეთი საკმაოდ წარმატებით ახორციელებს გავლენის ზრდის პოლიტიკას საქართველოში. დღეს ჩვენი ევროპული ინტეგრაცია ფაქტობრივად შეჩერებულია. საფრთხე ემუქრება ასოცირების შეთანხმებას და მისგან მიღებულ ბენეფიტებს. ასევე შეჩერებულია სტრატეგიული ქარტია აშშ-სთან. ბევრმა არ იცის, რაში მდგომარეობდა ქარტიის არსი, თუმცა რეალურად ის იყო უსაფრთხოების გარანტი.
პუტინის ბოლო განცხადება – რომ მზადაა შეწყვიტოს უკრაინაში ომი, თუ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება – პირდაპირ გულისხმობს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო რუსეთის მოთხოვნას დაეთანხმება, საქართველოც შეიძლება აღმოჩნდეს ობიექტურად გამორიცხული უსაფრთხოების დასავლური სისტემიდან. ჩვენს პარტნიორებთან ამ თემებზე კომუნიკაცია არ გვაქვს, რადგან არსებული მმართველობის პირობებში ეს ველი ანტიდასავლური პროპაგანდით არის დაფარული. შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ანდრო გოცირიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა