ანრი ოხანაშვილი - მივიღე გადაწყვეტილება სუსის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ.
2016 წლიდან შევუერთდი მმართველ გუნდს, სადაც 8 წლის განმავლობაში აქტიურად ვმონაწილეობდი საპარლამენტო ცხოვრებაში, ხოლო მოგვიანებით იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე განვაგრძე საქმიანობა.
სახელმწიფო სამსახურში ჩემი 9-წლიანი საქმიანობა იყო საკმაოდ შრომატევადი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით სავსე. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას. მიხარია, რომ მმართველ გუნდთან ერთად,საკუთარი წვლილი შევიტანე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და გაძლიერებაში.
მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.
განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის.
როგორც უკვე განვაცხადე, საქმიანობას გავაგრძელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის.
დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება ახალი გამოწვევების წინაშეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისთვის აღნიშნული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებასა და საპასუხო ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ცოდნა დამეხმარება წარმატებით გავართვა თავი ანალიტიკურ საქმიანობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ამავე დროს, ვრჩები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის.
წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს", - წერს ოხანაშვილი.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს