არჩილ გამზარდია - როდესაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისთვის ვიღაცას ზიანის მიყენება შეუძლია, მას ოპოზიციურ კალთას გადააფარებენ ხოლმე

ავტორი
Frontnews საქართველო
ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები, მმართველი გუნდის შიგნით არსებული შესაძლო დაპირისპირება და „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლების გადანაწილების მექანიზმები - Front News-ის კითხვებს ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პასუხობს.
არჩილ გამზარდიას შეფასებით, მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესები არა იმდენად სისტემურ გარდაქმნებს, რამდენადაც შიდა კულუარულ დრამატურგიას და ძალაუფლების დისპოზიციას ასახავს. მისი თქმით, ივანიშვილი და კობახიძე ერთგვარი „ცივი ომის“ რეჟიმში იმყოფებიან, თუმცა ორივე სუბიექტი ურთიერთდამოკიდებულია, რაც პროცესს კიდევ უფრო კომპლექსურს და წინააღმდეგობრივს ხდის.
- რას ნიშნავს ხელისუფლებაში ბოლო დღეებში დაწყებული საკადრო ცვლილებები და რა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებებია? არსებობს ვერსია, რომ ეს შესაძლოა, იყოს პრემიერ ირაკლი კობახიძის გავლენების შემცირების მცდელობა და კონკრეტულ სახელისუფლებო ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება. თავად რა მოსაზრება გაქვთ ამ ცვლილებების შესახებ?
- ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ბანალური სტრუქტურირება, რადგან თავისთავად ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ძალაუფლება არ არის დამოკიდებული იმ პიროვნებებზე, ვინც სახელისუფლებო რგოლშია - ვინ წავა ან ვინ მოვა, რადგან ვინც რას ერგება, იმის მიხედვით ინიშნება. ამას გარდა, ეს თანამდებობები როლური თვალსაზრისით ჩვენთვის არის თანამდებობა, რომ ასე აღვიქვათ, ხოლო ვინც ნიშნავს, იმისთვის ეს არაფერია. ეს არის ძალიან სიმბოლური ფუნქციები, რომელსაც ის ადამიანი ძალაუფლების განმახორციელებლად აკისრებს. დამნიშვნელისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ უფროსი იყო და ვინ მოადგილე გახდა. არაფრიდან ისევ არაფერზე აქვეითებს. ეს პროცესი რაღაც ძალაუფლების დისპოზიციაა, მაქსიმუმ შიდა ინტრიგების კვალი ვეძებოთ.
- ბატონო არჩილ, არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ამით ბიძინა ივანიშვილი კობახიძის იზოლაციაში მოქცევას და მისთვის ძალაუფლების შესუსტებას ცდილობს. ამის მაგალითად მდინარაძის გათავისუფლება და პოლიტიკიდან წასვლა მოჰყავთ. ამ ცვლილებებსაც სწორედ ამას უკავშირებენ. არ ფიქრობთ ასე, რომ ეს არის ივანიშვილის მცდელობა, კობახიძე რაც შეიძლება ნაკლები ძალაუფლებით და სანდო კადრებით დატოვოს?
- დიახ, მე ვემხრობი იმ ვერსიას, რომ ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე ცივი ომის პროცესში იმყოფებიან. თუმცა ორივე ერთმანეთზეა დამოკიდებული და ჩამოკიდებული. როგორც კობახიძეს არავინ ჰყავს ივანიშვილის გარდა, ასევე ივანიშვილსაც აღარ ჰყავს არავინ კობახიძის გარდა. ორივე ძალაუფლების მოყვარე სუბიექტია. გასაგებია, რომ ივანიშვილს სხვა ტიპის ძალაუფლება გააჩნია, მაგრამ იქ, სადაც შესაძლებლობები აქვს, კობახიძე მას მაქსიმალურად იყენებს. მაგალითად, ივანიშვილი ძალიან ჩაკეტილია და ყველაფერს სხვისი ხელით აკეთებს, სამაგიეროდ, კობახიძეა აქტიური. ამიტომ ცდილობს, რაღაც კლანიზმი შექმნას. ივანიშვილს ვერ ექნება ასეთი კომუნიკაციები, რადგან ის ჩაკეტილი პირია და მხოლოდ სამ ან ოთხ ადამიანთან კონტაქტობს. ერთმანეთთან ომი გარდაუვალია და ამაზე მე სულ ვლაპარაკობ. ერთმანეთის მოშორებაც ძნელია - ერთმანეთს ხელს უშლიან, მაგრამ ერთმანეთის გარეშეც არაფერი გამოსდით.
- მაგალითად, ივანიშვილს ახლა კობახიძე რატომ სჭირდება? რა არის მიზეზი, რის გამოც მის გადაყენებას არ ჩქარობს?
- პირველი იმიტომ, რომ კობახიძემ მოახერხა და ივანიშვილისთვის ერთადერთ საყრდენად დარჩა. ვიღაც ხომ უნდა არსებობდეს, ვინც მის ტოტალურ ძალაუფლებას შეფუთავს. ადრე უფრო იყვნენ - ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, გომელაური და ა.შ. ახლა ყველაფერი მხოლოდ კობახიძემდე ჩამოვიდა. ამიტომაც, ივანიშვილმა კობახიძე რომ მოიშოროს, ფიქრობს, მერე რა ქნას? ან კი ჩნდება კითხვა: კობახიძეს ასე მარტივად მოიშორებს კი?
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კობახიძის მოშორება ასე მარტივი არ არის. მაშინ, როდესაც სულ იყო საუბარი იმაზე, რომ კობახიძე იყო არარაობა და ნული, მე ჯიუტად მივყვებოდი იმ მოსაზრებას, რომ მას ჰქონდა ძალაუფლება მთელ სისტემებში, რადგან ბიძინასგან განსხვავებით, კობახიძე ტრიალებდა საპარლამენტო, სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ყველგან. მან თავისი გავლენები შექმნა. კობახიძემ შექმნა ისეთი სისტემა, რომ ძირის გამოთხრის მექანიზმი აბსოლუტურად ჩამოცილებაზე ააგო.
კობახიძე არის უნიკალური ტიპი იმით, რომ მასზე ოპოზიციას იერიში არ მიაქვს. ოპოზიცია მას ქედმაღლურად უყურებს და ივანიშვილის იქით არავის აღიარებს. ეს ხომ შესაძლებლობაა, აკეთო შენი საქმე ისე, რომ ეჭვმიტანილი არ ხარ. იმ წლებში, როდესაც კობახიძე ამ გავლენებს ქმნიდა, მისი მოწინააღმდეგეები მას არაფრად აგდებდნენ. შესაბამისად, კობახიძეს სრული სივრცე ჰქონდა გავლენების შესაქმნელად და მოწინააღმდეგეების მოსაშორებლად. ამით კი ივანიშვილი დაიმარტოხელა. ამიტომ, ორივე მათგანი ერთმანეთის ტყვეობაში იმყოფება. კობახიძეს ასევე რეგენერაციის საოცარი უნარი აქვს - სადღაც რომ იზარალებს, ამის კომპენსაციას ახდენს და თავის გადარჩენას ახერხებს. მისი საქმე პრემიერობა საერთოდ არ იყო, მაგრამ მაინც მოახერხა, რადგან საკმაოდ ნიჭიერი კაცია.
- თუმცა ფაქტია, რომ კობახიძის გარემოცვასთან დაკავშირებითაც გაჩნდა კითხვები კორუფციისა და სხვა პრობლემების კუთხით. ასევე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებითაც არსებობს პრობლემები და კითხვები. როგორ ფიქრობთ, ეს რა სახის დამოკლეს მახვილია მის თავზე?
- მე ზოგადად მგონია, რომ მდინარაძის თემა გაბუქებულია. ასეთი მიდგომა არსებობს, რომ თითქოს მდინარაძე იგივე იყო კობახიძისთვის, რაც ივანიშვილისთვის - კობახიძე, ანუ ერთადერთი მთავარი საყრდენი. მე ასე არ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, მდინარაძე იმაში შეცდა, რომ მას კარიერიზმმა უბიძგა იქითკენ, ისეთი რაღაცები აეღო თავის თავზე, რისი განმახორციელებელიც ხელისუფლებაში დიდხანს ვერ რჩება. პლუს, მდინარაძეს ძალიან დიდი ამბიციები გაუჩნდა.
ჩვენ არ ვიცით ამ ძალაუფლების აისბერგის შეუმჩნეველი, ქვედა მხარეები რა და როგორ არის. მე მგონია, რომ თუკი დროდადრო რაღაც მწვავდება, სჭირდებათ ხოლმე განტევების ვაცის პოვნა. ჩვენი საზოგადოება ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია და ათასი პრობლემა გვაქვს. როგორც 90-იან წლებში სულდგმულობდით სერიალებით, ახლაც პოლიტიკური სერიალებით ვარსებობთ. ჯამში, ეს ყველაფერი არის შიდა კულუარული დრამატურგია, რომელშიც შიდა ბრძოლა მიდის.
- აუცილებლად მინდა სუსის ყოფილ უფროსზე, გრიგოლ ლილუაშვილზე გკითხოთ. მას 13 წელი მიუსაჯეს და ოპოზიციაში გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ შესაძლოა, ის ალაპარაკდეს. როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა: „ალაპარაკდეს, მას არაფერი აქვს სალაპარაკო, რაც უნდა, ის თქვასო“. შესაძლოა, ლილუაშვილიც, ღარიბაშვილის მსგავსად, პოლიტიკურად გააქტიურდეს?
- იმისთვის, რომ პირი პოლიტიკურად აქტიური ფიგურა გახდეს, მანამდეც უნდა წარმოადგენდეს პოლიტიკურად აქტიურ ფიგურას, ანუ საზოგადოების მხრიდან ანგარიშგასაწევ ავტორიტეტს - იქნებოდა ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი თუ სხვა. კი, ოპოზიციას ახასიათებს ხოლმე ასეთი რამ: როდესაც ფიქრობენ, რომ ხელისუფლებისთვის ვიღაცას ზიანის მიყენება შეუძლია, მას ოპოზიციურ კალთას გადააფარებენ ხოლმე. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან მცირე და დროებითი რესურსებია, რომელთაც განსაკუთრებული გავლენა არ იქონიეს. ეს მოხდა როგორც გახარიას შემთხვევაში, ასევე ღარიბაშვილის შემთხვევაშიც. ვნახეთ, რომ მაქსიმუმ, ქვედა და ზედა დონეზე ვიღაც დააზიანონ. მაგალითად, ღარიბაშვილის განცხადებებს მდინარაძის გაშვებაში რაღაც ფუნქცია ჰქონდა.
- თუმცა ლილუაშვილი ხომ არის ის ფიგურა, რომელსაც ძალიან ბევრი კომპრომატი შესაძლოა, ხელისუფლებისა და ივანიშვილის წინააღმდეგ ჰქონდეს, ან დიდი ინფორმაციის მატარებელი იყოს. მისი ალაპარაკება არ იქნება ზიანის მომტანი მმართველი გუნდისთვის და მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარისთვის?
- მართალი გითხრათ, ერთი რამ ძალიან მიკვირს როგორც ღარიბაშვილზე, ასევე ლილუაშვილზეც - მით უმეტეს, როცა ღარიბაშვილი პრემიერიც იყო, შსს-ს მინისტრიც, თავდაცვის მინისტრიც და როცა სუსის უფროსზეც ვსაუბრობთ. როცა ამ ადამიანებმა იციან, ძალაუფლება როგორ არის აწყობილი, როგორ კონტროლდება თითოეული ადამიანი, ეს ყველაფერი, რაც მათ წინააღმდეგ არსებობს, როგორ ვერ მოახერხეს, რომ თავიდან აეცილებინათ? ეს ცოტა უცნაური რამ არის. მე მეწარმე ვარ, წინა თვეში 10 ლარი ჩამერიცხა და ისიც კი დავადეკლარირე. თვითონ რატომ ჰგონიათ, რომ ეს მათ არ შეეხებოდათ? ისიც არის, რომ ძალაუფლების პერიოდში ოლიმპოს ღმერთები ხდებიან და სჯერათ, რომ ეს ყველაფერი მარადიული იქნება. ალბათ, ამ ყველაფერს ეს თვითილუზორულობაც ახასიათებს.
მეორე მხრივ - ვინ რა კომპრომატს დაუტოვებს მათ? ეს შეიძლება რაღაც ცოდნის დონეზე იცოდეს ლილუაშვილმა და განცხადებები გააკეთოს, მაგრამ მერე ამით რა? ჩვენ გვახსოვს სუსის თანამშრომლები, რომლებიც ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ, ხან კრებსების შესახებ და ბევრ თემაზე უსაუბრიათ. რაღაც მცირე დრამატული ეფექტი ჰქონია, მაგრამ მთლიანობაში რა შედეგი მიიღეს? არც არაფერი. ისიც ამ დრამატურგიის ნაწილია. მე ეჭვი მაქვს, რომ ლილუაშვილმა რამეზე საუბარი დაიწყოს. თუმცა რომც დაიწყოს, მაშინ მან უნდა თქვას ისეთი განსაკუთრებული რამ, რაც აქამდე საზოგადოებამ არ იცის. მეორეც, მას რატომ დაუჯერებს თუნდაც „ოცნების“ ამომრჩეველი? მას არ მიიღებს არც ყოფილი მომხრე და არც მოწინააღმდეგე.
- ფიქრობთ, რომ ლილუაშვილს არა აქვს საზოგადოებაში, არც „ოცნების“ მხარდამჭერებში ის პოლიტიკური თუ ავტორიტეტული რესურსი, რის ხარჯზეც მას დაუჯერებენ?
- ლილუაშვილი თუ რამეს იტყვის, გარკვეული დღის ეფექტი ექნება - ანალიტიკოსები კომენტარს გააკეთებენ, ტელევიზია რაღაცას ისაუბრებს, პრესა დაწერს და რა მერე? ამ ყველაფრის ფუნქცია უნდა იყოს ის, რომ მან ძალაუფლების შესუსტება შეძლოს. მე ისიც არ ვიცი, რაღა დარჩა ხელისუფლების მიმართ საჩვენებელი. მე ის მგონია, რომ ეს მთელი ტექნოლოგია ხელისუფლებასთან ბრძოლის კრიზისშია. რაღა დარჩა, რა უნდა თქვას ლილუაშვილმა? ხელისუფლება თავად აღიარებს, რომ კორუფციაა სისტემაში და ამბობს, აგერ დავაკავე ხალხიო. ერთადერთი დარჩა ის, რომ ვიღაც ცოცხალი ადამიანი დაკლეს და ცოცხლად მიირთვეს.
მით უმეტეს, როცა ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილად მუშაობს, კობახიძეც მათ შორის. მაქსიმალურად ცდილობენ, რაღაც კუთხით კობახიძე დააზიანონ, მაგრამ არც ეგ მგონია, რომ კობახიძე ასე მარტივად იქცეოდეს, რომ ვიღაცას მის წინააღმდეგ სივრცე მისცეს. ის საკმაოდ მაღალორგანიზებული პოლიტიკოსია, საკმაოდ დისციპლინირებული ფიგურა და ასე მარტივად საბაბს არავის აძლევს. ამიტომ ყველაფერი რიტორიკის დონეზე რჩება.
- ოპოზიციურ ველზე არსებულ სიტუაციაზეც მინდა გკითხოთ. ოპოზიციაში დაპირისპირებამ ყოველდღიური სახე მიიღო. თითქოს იყო მოლოდინი, რომ შემოდგომიდან პროცესები დაიძვრებოდა და რაღაც სიახლე ოპოზიციურ ველზე იქნებოდა, თუმცა ურთიერთდაპირისპირების გარდა სხვა არაფერ პროცესს თვალს არ ვადევნებთ. რა ხდება ოპოზიციაში?
- პირველი - ოპოზიციას მე აღარ ვიცი, რაიმე რესურსი შერჩა თუ არა. მე მგონია, რომ არ შერჩა. ოპოზიციური სუბიექტების მიმართ ნდობა და სიტყვის ფასი, თუ რამდენად დარჩათ მათ საზოგადოებაში, ეს უკვე საკითხავიც აღარ არის, რადგან რეალურად არ დარჩათ. რა პერსპექტივა აქვთ მათ, რომ საზოგადოებაში რაღაც რეპუტაციული რესურსი გააჩნდეთ? მე ვფიქრობ, რომ აქ საკმაოდ სკეპტიკური მოცემულობა გვაქვს.
მეორე მომენტია ის ილუზიები, რაც იყო ერთობასთან დაკავშირებით - ეს აბსურდი და შეუძლებელი იყო, რაზეც არაერთხელ მისაუბრია. ამას გარდა, ეს არის მოძველებული ოპოზიცია, რომელსაც კონკურენტუნარიანობა და კონკურენცია არ გააჩნია. ისინი ერთმანეთის დისკრედიტაციაში ეძებენ საკუთარ ბენეფიტს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
არჩილ გამზარდია




