აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

ავტორი
Frontnews საქართველო
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზაქარაშვილი მუშაობას 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.
"გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2026 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი ზაქარაშვილს ეწურება როტაციის ვადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, რომელსაც იგი იკავებს 2021 წლიდან. 2016-2019 წლებში გიორგი ზაქარაშვილი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
სხვადასხვა დროს, გიორგი ზაქარაშვილს, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გიორგი ზაქარაშვილი




