
ავტორი
Front News საქართველო
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად ფეთქებად ფაზაში შედის. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ინტენსიური განახლების საპასუხოდ, თეირანმა პირდაპირი იერიშები მიიტანა რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებზე. რას ცვლის ვაშინგტონის საჰაერო კამპანია სახმელეთო ოპერაციის გარეშე, რამდენად ეფექტურია ირანის ხელში ჰორმუზის სრუტის „კარტი“ და როგორ შეიძლება აისახოს ნავთობის ფასების მანიპულაცია აშშ-ის შიდაპოლიტიკურ პროცესებზე? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე Front News-ს საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ხატიაშვილი ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტა ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ასეთი ინტენსივობით განახლება მაინცდამაინც ახლა, როცა რეგიონში ვითარება ისედაც უკიდურესად ფეთქებადია? გლობალური მასშტაბით, რა კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ვაშინგტონის ეს ნაბიჯი - ეს არის მხოლოდ ნავიგაციის თავისუფლების დაცვა ჰორმუზის სრუტეში, თუ აშშ ცდილობს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი, როგორც „მთავარი ძალის“ პოზიციების დემონსტრირებას ჩინეთისა და რუსეთის მზარდი გავლენების ფონზე?
- პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ არ იმუშავა. ამ ხელშეკრულების გამო ტრამპმა ძალიან ბევრი კრიტიკა მიიღო. ამიტომ ეს წნეხიც არის, რომ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართალი იყო. ტრამპის პოზიციაა ასეთი, რომ არც უზავდება და არც უკან იხევს. ამ მხრივაც ამ სიგნალსაც აგზავნის. ისმება, რა თქმა უნდა, კითხვა, რომ ეს დაბომბვა იმ სამთვიან დაბომბვას რით შეცვლის, თუ არ მოხდება სახმელეთო სამხედრო ჯარების გამოყენება.
მეორე არის ძველი მიზანი - რაც წინა სამ თვეში არ გამოვიდა, ირანის იძულება, რომ რაღაცა პირობებზე წამოვიდეს. ირანის მიზანი კი ის არის, რომ „ვერ დამამხობ და დაბომბვების მერე კიდევ ფეხზე რომ ვიდგები, დაგიმტკიცებ“. ამით აჩვენებს, რომ „ჯობია დამილაგდე, რადგან დაბომბვებით არაფერი შეიცვლება და ისევ ფეხზე ვიდგები“. ირანის მიზანია, რომ ამ ჰორმუზის სრუტით იმანიპულიროს. ირანი გაუქანებს რაღაცას ამ სრუტეს და უნდა, რომ ამ ომიდან ჰორმუზის სრუტით გამოვიდეს. ირანს ურჩევნია ეს დაბომბვები გადაიტანოს და დაუმტკიცოს ამერიკას, რომ ან ჰორმუზის სრუტე იქნება დაკეტილი და რაც გინდა ბომბე, თუ ირანს არ უნდა, ჰორმუზის სრუტე არ იქნება გახსნილი.
ბლოკადაც რომ მოიხსნას, რომელი ტანკერი გაბედავს ჰორმუზის სრუტეში შესვლას? ახლა ირანს ატომური წყალქვეშა ნავებიც აღარ სჭირდება. ერთი დრონიც რომ გაუქანოს ტანკერს, ისიც საკმარისი იქნება. შესაბამისად, ირანის ანალიზია, რომ გაიძულებთ, დამილაგდეთ ჩემი წესებით. ერთგვარი კრივია - რაც არ უნდა მირტყა, მე ნოკაუტში არ ჩავვარდები. შესაბამისად, მერე გაიძულებ, ჩემი პირობებით დამიზავდე. აი, ამ იწილო-ბიწილოსთან გვაქვს საქმე.
- ირანის პასუხი ამჯერად საკმაოდ სწრაფი და პირდაპირი იყო - დარტყმები ამერიკულ ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რა რესურსი აქვს ირანს, რომ აშშ-ს ხანგრძლივ, გამოფიტვაზე გათვლილ სამხედრო კონფლიქტში დაუპირისპირდეს?
- აქვს თუ არა რესურსი, ერთია. ულიმიტო რესურსი ირანს კი არა, ამერიკას არ აქვს. რა თქმა უნდა, გაჭირვებული ქვეყანაა და ის რაკეტებიც ირანს რამდენი გაუნადგურეს, უსასრულო რესურსიც არ აქვს. ვიცით, რომ ლოს-ანჯელესს ვერ ესვრის ირანი, ამიტომაც ესვრის იმ ქვეყნებს, რომლებთანაც ამერიკა თანამშრომლობს.
ირანის პასუხია ასეთი: „მილიონ კაცს მომიკლავთ? დანარჩენი გააგრძელებს სროლას. ხოლო შენ, ამერიკას, 20 კაცი რომ მოგიკვდება, გაზეთებში გექნება ისტერიკა“. ბენზინი დოლარით გაძვირდა და შენ თუ გაქვს ხერხემალი, ეს ომი გააგრძელო? ამერიკის გათვლაა, რომ ირანი ფიზიკურად გამოფიტოს, ეკონომიკურად დააუძლუროს. ირანის გათვლაა, რომ ამერიკა მორალურად გამოფიტოს, აიძულოს ამერიკა, რომ „დამიზავდი“. ამერიკას ეუბნება, რომ „შენ არ გაქვს რესურსი, 20 და 30 კაცი რომ მოგიკლა, ეს შენს ქვეყანაში უკვე ისტერიკაა“. ამიტომ ამ ფასის გაზრდა უნდა ირანს ამერიკისთვის.
- ელოდებით თუ არა, რომ ირანი სრულად აამოქმედებს თავის „წინააღმდეგობის ღერძს“ (მარიონეტულ დაჯგუფებებს რეგიონში) და გადავა რეგიონული ინფრასტრუქტურის ტოტალურ საბოტაჟზე?
- ჰამასი 3-წლიანი დაბომბვის მიუხედავად დღემდე ტოკავს. იემენში კი ის ხალხი 2015 წლიდან ომშია. მით უმეტეს, უკრაინა-რუსეთის ომიც გვაჩვენებს, რომ რამდენიმე დრონია საჭირო, რათა ნავთობქარხანა მწყობრიდან გამოიყვანო. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა რესურსი, ირანის საცეცები, რა თქმა უნდა, ძალიან არის დასუსტებული. თუმცა აქ არის კითხვა - მინიმალური ძალა, რომ რაღაცა ააფეთქოს, თუ მოინდომა, რა თქმა უნდა, აქვს. მეორეა, გადაწყვეტს თუ არა, რა დონის ესკალაციაზე წავა.
- ესკალაციამ უკვე პირდაპირ დააზარალა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბაჰრეინი, ქუვეითი და იორდანია, რომლის საჰაერო სივრცეშიც ირანული რაკეტები ჩამოყარეს. რა სახის გრძელვადიან გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ზიანს მოუტანს ეს დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთს? ხომ არ გამოიწვევს აშშ-ის ეს ცალმხრივი სამხედრო კამპანია ყურის მონარქიების (მაგალითად, კატარის ან საუდის არაბეთის) დისტანცირებას ვაშინგტონისგან საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მოტივით?
- ირანის გათვლა რა არის: რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ლოს-ანჯელესს ვერ ვწვდები, ამიტომ რასაც ვწვდები, იმას უნდა დავარტყა. ეს არის ამერიკის მოკავშირეები, მისი ბაზები და ინტერესები. ამის მიზანი ის არის, რომ ტრამპთან დარეკონ და მას დაზავება სთხოვონ. მეორე ის არის, აჩვენოს, რომ „რა თქმა უნდა, ამერიკა ვერ გიცავთ“.
ამის გამო უკმაყოფილებას ეს ქვეყნები საჯაროდაც ვერ გამოხატავენ, რადგან გაირკვა, რომ ქაღალდის ვეფხვები არიან. ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი ამერიკაა და მასზე საჯაროდ გაბრაზება არ გამოვა. როგორც ეს სამი თვე აიტანეს, ახლაც ზუსტად ისევე აიტანენ ამ დაბომბვას.
- როგორ იმოქმედებს ახლო აღმოსავლეთში მორიგ ხანგრძლივ სამხედრო კამპანიაში ჩაბმა თავად ტრამპის პოლიტიკურ რეპუტაციაზე - როგორც აშშ-ის შიგნით (მისი ამომრჩევლის თვალში), ისე საერთაშორისო ასპარეზზე? ხომ არ აღმოჩნდება ეს კონფლიქტი ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი საგარეო პოლიტიკური ჩავარდნა? ვიცით, რომ ნოემბერში ამერიკის ადგილობრივი არჩევნებია.
- ირანის კონფლიქტი რამდენად იმოქმედებს არჩევნებზე, ცოტა რთული სათქმელია. ნოემბრამდე ჯერ კიდევ დროა. უმეტესობას ამხელა მეხსიერება მართლაც არა აქვს. ამერიკაში ადამიანები ხმას პარტიული იდენტობის მიხედვით აძლევენ. როგორც ფეხბურთში არიან მხარდამჭერები, ასე არიან ამერიკაშიც - წლობით და ოჯახებით არიან კონკრეტული პარტიების მხარდამჭერები.
ირანის ომი პირდაპირ გავლენას არ იქონიებს, მაგრამ ირიბად ბენზინის ფასი ნამდვილად იმოქმედებს. ირანელები სწორედ ამას ცდილობენ, რომ ნავთობის ფასი გაიზარდოს და ამერიკელებს ბენზინის ყიდვა გაუჭირდეთ. აი, ეს უკმაყოფილება კი ნამდვილად შეიძლება წავიდეს ტრამპის საწინააღმდეგო ხმის მიცემაში. აქ უნდა გვესმოდეს, წააგებს თუ არა ტრამპი. პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი და ეს სამხედრო მოქმედებების დინამიკაზე მაინცდამაინც გავლენას არ მოახდენს. ეს საკითხი ტრამპს ბოლომდე აქვს მისაყვანი და ისიც ცდილობს ირანს აჩვენოს, რომ ბენზინის ფასით მისი დასუსტებას ვერ მოახერხებენ - „ვერ მაიძულებ, რომ რაღაცა დათმობებზე წამოვიდე“. ორივე მხარე ერთმანეთს ემამაყლინწება და აი, ვართ ამათი კინკლაობის შემყურე.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხატიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს