
ავტორი
Front News საქართველო
"ინტერ რაოს“ სანქცირების ფონზე საქართველოს ენერგოსისტემა და კრიტიკული ინფრასტრუქტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა. მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ „თელასსა“ და „თელმიკოს“ საფრთხე არ ემუქრებათ, ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანიები ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულები არიან, რადგან უცხოურ ვალუტაში ოპერაციების განხორციელება აღარ შეუძლიათ. ექსპერტი საუბრობს იმ ფინანსურ, ლოგისტიკურ და უსაფრთხოების რისკებზე, რაც შესაძლოა, საბანკო სექტორის მხრიდან მომსახურების შეწყვეტას ან შეზღუდვას მოჰყვეს. ამასთან, ხიშტოვანი აფასებს ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების პაკეტში მოხვედრის შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს სატრანზიტო რეპუტაციას.
- ხელისუფლება ირწმუნება, რომ „თელასსა“ და „თელმიკოს“ საფრთხე არ ემუქრება და სისტემა შეუფერხებლად იმუშავებს. თუმცა, „ინტერ რაოს“ სანქცირების ფონზე, რამდენად რეალურია, რომ ქართულმა კომერციულმა ბანკებმა მეორადი სანქციების შიშით ამ კომპანიების ფინანსური ოპერაციების გატარება საერთოდ შეაჩერონ?
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. იმ განცხადებებიდან, რაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკიდან და მარეგულირებელი კომისიიდან, უნდა დავაფიქსირო სამწუხარო ფაქტი: როგორც „თელასი“, ასევე „თელმიკო“ ფაქტობრივად დასანქცირებულები არიან. ქართული კომპანიები თუკი უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებს ვეღარ ახორციელებენ, ეს უკვე მათ დასანქცირებას ნიშნავს. საუბარი არ არის მხოლოდ „ინტერ რაოს“ სანქცირებაზე - საუბარი უნდა იყოს სწორ, შესაძლო ეფექტებზე „თელასის“ და „თელმიკოს“ დასანქცირებაზე.
მეორე საკითხი ეხება ფორმას რა ფორმითაც პირველ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა გასცა კომენტარი ამ თემაზე და შემდეგ კომისიის კომენტარებსაც. მაგალითისთვის, ეროვნული ბანკის კომენტარები მე აღვიქვი, როგორც მითითება კომერციული ბანკების მიმართ, რომ მათ ლარში ამ კომპანიების მომსახურება გააგრძელონ. როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს კარგად ესმის, რომ დოლარში ამას ბანკები არ გააკეთებენ, ამიტომ მითითებას აზრი არ ჰქონდა. ხოლო ამას ლარში გააკეთებენ თუ არა, ეს არის მილიონდოლარიანი შეკითხვა - გააგრძელებენ თუ არა ბანკები ლარში ამ ორი კომპანიის მომსახურებას.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, არაფორმალური კომუნიკაციის პარალელურად, ამ არხითაც სცადა ეროვნულმა ბანკმა, რომ ეს მესიჯი მიეტანა ბანკებამდე გააგრძელონ მათი მომსახურება ლარში. რას გააკეთებენ კომერციული ბანკები, ეს სულ სხვა საქმეა. ჩვენ გვახსოვს შემთხვევები, როცა ასეთი საჯარო განცხადებების შინაარსსა და ტონში ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის განსხვავებული პოზიციები ფიქსირდებოდა. გავიხსენებ ფარცხალაძის ქეისს, იმ პერიოდში, როცა ბიძინა ივანიშვილი დასანქცირდა და ასევე სხვა პიროვნებებიც, სხვადასხვა განცხადებები გვესმოდა ეროვნული ბანკიდან და კომერციული ბანკებიდან. ამიტომ საინტერესო იქნება საბანკო ასოციაციის მოსმენა რას აპირებენ კომერციული ბანკები, გააგრძელებენ თუ არა ისინი მომსახურებას.
- თუ ბანკებმა მომსახურებაზე უარი განაცხადეს, ამ შემთხვევაში რა ხდება?
- მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ამ ორ კომპანიას ფუნდამენტური პრობლემები შეექმნებოდა და ასევე მთელს საქართველოს. აქ საუბარია ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ზოგადად, ენერგომომარაგების საკითხი რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა.
თუ ბანკები მომსახურებას მაინც გადაწყვეტენ, აქაც სერიოზულ პრობლემას ვხედავ. აქ საუბარი არ არის მიკროკომპანიაზე ან მიკროსაწარმოზე, საუბარია ქვეყანაში ერთ-ერთ უმსხვილეს, კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ სულ რაღაც ერთი კვირის წინ დავინახეთ, თუ როგორ მოხდა ამ ინფრასტრუქტურის დაზიანება. არ ვიცით საბოლოო მიზეზები, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ საქმე კიბერშეტევასთან გვქონდა.
ეს არის კომპანია, რომელსაც სჭირდება ტექნიკა და ტექნოლოგიები, რომლებიც მან ქვეყნის გარეთ უნდა შეიძინოს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება აცხადებს, თითქოს „თელასს“ და „თელმიკოს“ ინფრასტრუქტურის მობილიზებაში დაეხმარებიან, არასერიოზულია. კითხვის ნიშანი დგას, რამდენად მოახერხებს ამხელა ზომის კომპანია ლარში ოპერირებას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ საუბარია არა მხოლოდ მომხმარებლების მიერ გადასახადების გადახდაზე, არამედ მსხვილი სავაჭრო ოპერაციების განხორციელებაზე ქვეყნის გარეთ. აქ საუბარია ქვეყნის გარეთ უსაფრთხოების ინსტრუმენტების შეძენაზე - როგორ და რანაირად აპირებს კომპანია ლარში ამის გაკეთებას. მე ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები მაქვს.
- ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს პროცესების გასაკონტროლებლად. თუ მოვლენები „ბორჯომის“ სცენარით განვითარდა და რუსულ მხარეს წილების იაფად დათმობა არ მოუნდა, რეალურად რა ეკონომიკური და სამართლებრივი მექანიზმი აქვს მთავრობას, რომ იძულებით შევიდეს მართვაში ან გამოისყიდოს აქტივები?
- პირველ რიგში, „ბორჯომის“ ქეისი სწორედაც არის იმის მაგალითი, რომ როდესაც კომპანიას საქმიანობის გაგრძელება უნდოდა, კომპანიის წილი უსასყიდლოდ დათმო და ეს წილი საქართველოს სახელმწიფოს გადასცა. რა კონტექსტში მოიხსენიებს „ოცნება“ ამ მაგალითს, არ ვიცი, მაგრამ ისტორია არის შემდეგი: კი, ნამდვილად, თუ კომპანიის საქმიანობას რისკი შეექმნა, ეს ოფციაც მაგიდაზე უნდა იყოს.
მეორე საკითხია, როგორ მოხდება ეს და სამართლებრივად რა ბერკეტები არსებობს, მე არ ვარ იურისტი, თუმცა ფაქტია, რომ წესით ეს არის მკაცრად რეგულირებადი სფერო. ამისთვის არსებობს მარეგულირებელი კომისია და ამისთვის მექანიზმები უნდა ჰქონდეს, რომლებიც უზრუნველყოფს საქმიანობის უწყვეტობას. ეს ქვეყნის ფუნქციონირების უწყვეტობასაც ნიშნავს, ამ კომპანიების მნიშვნელობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, თუ აქამდე მარეგულირებელს არ ჰქონია ასეთი ინსტრუმენტი, ახლა სასწრაფოდ მოუწევს ასეთი ინსტრუმენტისა და მექანიზმის მოფიქრება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თუ ამ კომპანიების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ოფციაა ამ წილის გამოსყიდვა და სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლა.
ზოგადად, მე მგონია, რომ თავისთავად სახელმწიფო საკუთრებაში აქტივების არსებობა არ არის ეფექტური ზომა, თუმცა რეალობა გვეუბნება, რომ აქ არ არის საუბარი კარგსა და ცუდზე - აქ არის საუბარი უარესსა და კიდევ უფრო უარესზე. ყველაზე ცუდ სცენარად მიმაჩნია ის, რომ ასეთი აქტივი რუსების მფლობელობაშია და ფაქტობრივად, საქმიანობის უწყვეტობა რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
- თქვენ ახსენეთ ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა, ერთი კვირის წინ ქვეყანა რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად იყო ჩაბნელებული. სუსმა ამასთან დაკავშირებით გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. ზოგს გაუჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, ეს ამ კომპანიების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ შანტაჟი ყოფილიყო. რა ვერსიებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?
- მე ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება, გამოძიება მიმდინარეობს. არ გამოვრიცხავ, რომ კიბერშეტევას ჰქონდა ადგილი, ან საუბარია ტექნიკურ გაუმართაობაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს კომპანიების მხრიდან მიზანმიმართული აქტივობაა, ეს იქნებოდა თვითმკვლელობის ტოლფასი, რადგან ამით ქვეყნის ფუნქციონირებას უქმნი საფრთხეს. ეს ნამდვილად საბოტაჟის შემთხვევა შესაძლოა, აღმოჩნდეს.
მე აქ ორ ვერსიას განვიხილავ: ერთი არის ტექნიკური ხარვეზი, ხოლო მეორე კიბერშეტევა. ორივე შემთხვევა კიდევ უფრო რელევანტურს ხდის შიშებსა და საფრთხეებს, რაც ჩემი მხრიდან გამოითქვა. კიბერშეტევისგან დაცვასა და ტექნიკური მხარის გაძლიერებას სწორედაც რომ ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა სჭირდება, ამის შეძენას კი ვალუტა სჭირდება.
- ევროკავშირის მიერ ყულევის ტერმინალის სანქციების პაკეტში შეყვანა პირდაპირ ეხება ქვეყნის სატრანზიტო იმიჯს. რა კონკრეტულ ფინანსურ და ლოგისტიკურ ზიანს მიაყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს დერეფანს, რომლის უსაფრთხოებაზეც ხელისუფლება აპელირებს?
- დიახ, ეს ფაქტი ნამდვილად ძალიან ცუდია. აღსანიშნავია ის, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა - ეს ამბავი მეხივით არ გავარდნილა, ევროკომისიამ რამდენიმე თვის წინ გაგვაფრთხილა. მოგვცა გარანტიები „ოცნებამ“, რომ გაითვალისწინებდა და ეს არ მოხდებოდა, თუმცა მაინც მოხდა. ეს პირველ რიგში მეტყველებს იმაზე, რომ ან მიზანმიმართულად მიიღო „ოცნებამ“ ეს შედეგი, რაც დადგა, ან უბრალოდ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება რეპუტაციულ საკითხს: რა თქმა უნდა, როდესაც ერთი მხრივ ქვეყანა პოზიციონირებს, როგორც სატრანზიტო დერეფანი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივი, რომელშიც სახელმწიფო თანამონაწილეობით არის შესული, სანქცირდება, როგორც რუსეთის მხარდამჭერი უკრაინასთან ომში, ეს, რა თქმა უნდა, მიწასთან ასწორებს ქვეყნის რეპუტაციას, მინიმუმ დასავლეთში. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა მივიღეთ შედეგი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან ცუდია.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ხიშტოვანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს