Logo

გიორგი კობერიძე - უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ხდება იმიტომ, რომ რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით წარმატება არ აქვს

Frontnews image description

ფრონტის ხაზზე შექმნილი კრიზისისა და სამხედრო ინიციატივის დაკარგვის ფონზე, კრემლი უკრაინის ქალაქებზე, კერძოდ კიევზე, კომბინირებულ იერიშებს აძლიერებს, რაც სამხედრო წარმატების მიღწევის ნაცვლად, მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების სტრატეგიას ემსახურება. საერთაშორისო ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე Front News-თან ინტერვიუში ფრონტზე არსებულ მიმდინარე დინამიკას აფასებს, რუსული ლოგისტიკის გარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, თუ რატომ მიმართავს მოსკოვი „ორეშნიკის“ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის ტაქტიკას მაშინ, როდესაც ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში მისი ძალების გამოფიტვა ხდება.

- რუსეთი უკრაინის ქალაქებზე, კერძოდ კიევზე, კომბინირებულ იერიშებს აძლიერებს. როგორ აფასებთ ამ ფაქტს, რა სამხედრო მიზანს ემსახურება არაბირთვული, კინეტიკური ქობინების მასობრივი სროლა?

- ფრონტის ხაზზე რუსეთს ახლა ნამდვილად უჭირს. ეს სიტუაცია მოულოდნელად განვითარდა. შარშან ამ დროს უკრაინა უფრო მკაცრ თავდაცვაში იდგა, სადაც რუსული დანაკარგები დიდი იყო. პოკროვსკის დასაკავებლად რუსებს წელიწადზე მეტი დასჭირდათ. თუმცა, ეს თავდაცვიდან გამოსვლის ელემენტები, მიუხედავად უკრაინული საჰაერო შეტევებისა და დრონების გამოყენებისა, მაინც არ იყო ასეთი თვალნათელი და პროგნოზირებადი. აშკარაა, რომ რუსული ნაწილები, რომლებიც მობილიზებული ჰყავდათ, დონეცკის ოლქში გამოაშიშვლეს და მათი გამოხშირვა მოხდა.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარკოვის ოლქში რუსებმა მაინც ვერ მიაღწიეს წარმატებას, მიუხედავად უზარმაზარი დაწოლისა. უშუალოდ ხორციელდებოდა შეტევა ქალაქ კუპიანსკზე, მასზე უშუალო იერიში მიიტანეს, თუმცა მაინც ვერ აიღეს ეს ქალაქიც და აქაც დამარცხდნენ. აი, ამ ფონზე მოხდა მათი გამოხშირვა.

ვხედავთ, რომ ახლა ინიციატივა გადავიდა უკრაინაზე როგორც მიწაზე, ისე ჰაერში. მით უმეტეს, როცა "სტარლინკი“ გაუთიშეს რუსეთს, ამ შემთხვევაში უკრაინის დრონებით დარტყმები გახშირდა, მათ შორის მარიუპოლის მიმართულებით, რაც უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ რუსეთის ლოგისტიკური ვითარება და სიტუაცია გართულდა. რუსული დანაყოფები სტარობელსკში დაიბომბა, ეს არის რუსების ლოგისტიკური ჰაბი და ლუგანსკის ოლქში გახლავთ.

ამ კომბინირებული, წარმატებული თავდასხმების შედეგად, რომლებიც ასევე რუსულ ნავთობობიექტებზე ხორციელდებოდა, საპასუხო დარტყმა განხორციელდა დედაქალაქზე. როდესაც რუსეთი ფრონტის ხაზზე სამხედრო წინსვლას ვერ ახდენს და სამხედრო ინიციატივას ვერ აბრუნებს, კიევზე თავდასხმა იყო გზავნილი, რომ "აი, მე სამაგიეროდ შემიძლია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მივწვდე".

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ რუსეთისთვის სამოქალაქო ობიექტები განხილული არ არის, როგორც არალეგიტიმური სამიზნე. რუსეთისთვის ყველა სამოქალაქო ობიექტი პოტენციური სამიზნეა. მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთის ამ სტრატეგიაში ახალი არაფერია. ჯერ კიდევ კიევის სამოქალაქო შენობების დაბომბვა 2022 წელს, ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო, რუსები პირდაპირ კიევში სამოქალაქო შენობებს ესროდნენ. რუსებს სურთ, რომ უკრაინელ ხალხს ბრძოლის მოტივაცია დაუკარგონ. ეს უნდა განხორციელდეს მშვიდობიან მოსახლეობაში მაქსიმალური მსხვერპლის შედეგად. ეს არის რუსული სამხედრო მანქანის კონცეფცია.

- პრეზიდენტმა ზელენსკიმ პარტნიორების დაზვერვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ კრემლი კიდევ უფრო მასშტაბურ დარტყმას ამზადებს. მედიაში აქტიურად განიხილება კიევის სამთავრობო კვარტალსა და საპრეზიდენტო სასახლეზე (ბანკოვას ქუჩაზე) პირდაპირი იერიშის სცენარი. რამდენად რეალურია ეს საფრთხე უახლოეს დღეებში?

- დიახ, ადრე რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტები სამთავრობო შენობები არ ყოფილა. ხოლო სამთავრობოზე არდარტყმას თავისი ახსნა ჰქონდა: რუსეთსა და უკრაინას შორის არსებობდა უსიტყვო შეთანხმება, რომ არცერთი მხრიდან სამთავრობო ობიექტები სამიზნე არ უნდა ყოფილიყო. ახლა კი, როგორც კი ერთი მხარე მაინც ამ პირობას დაარღვევს, აუცილებლად მოჰყვება ამას მეორე მხრიდან პასუხი. უკრაინის პარლამენტს რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი რუსული რაკეტა მოხვდა, მაგრამ სადავოა, ეს რამდენად მიზანმიმართული დარტყმა იყო. რუსეთი ამბობს, რომ ეს სამიზნე არ ყოფილა და შემთხვევითი დარტყმა იყო.

თუკი რუსეთის მხრიდან ეს პირობა დაირღვევა, მაშინ სამიზნე კრემლი გახდება. ეს რუსეთმა კარგად იცის და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც კიევის სამთავრობო შენობებს არ არტყამს. თუმცა, ახლა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი გადადგას და კიევს დაარტყას სამთავრობო შენობებზე. ესეც იმ დათქმით უნდა მოხდეს, რომ მაშინ ეს იმის ნიშანი იქნება, რომ რუსეთს სხვა ყველა გააზრებული სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯი ამოწურული აქვს და ამ დონის დარტყმებზე ჩამოვიდა. რუსეთი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მას ომის მოგება შეეძლო და ფრონტის ხაზზე სიტუაციას აკონტროლებდა.

- რუსული მხარე ღიად იმუქრება, რომ "ორეშნიკის" გამოცდას საბრძოლო პირობებში გააგრძელებს. არის თუ არა ეს დასავლეთისთვის იმ წითელი ხაზის ჩვენება, რომ მოსკოვი მზად არის სტრატეგიული იარაღის გამოყენებისთვის, და სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიურ შანტაჟსა და რეალურ ბირთვულ საფრთხეს შორის?

- უნდა აღვნიშნოთ, რომ „ორეშნიკი“ არის ძალიან ძლიერი რაკეტა, ხოლო მეორეს მხრივ, ბირთვული ქობინის გარეშე მისი გამოყენება ლიმიტირებულია. მისი უპირატესობა არის ის, რომ მისი ჩამოგდება ძალიან რთულია. რუსების მიზანი ახლა მხოლოდ ის არ არის, რომ სამიზნე გაანადგურონ, ეს არის ფსიქოლოგიური ეფექტი. თუკი დარტყმები გაგრძელდება, ეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც გადაილახება, ამიტომაც არის, რომ რუსები ამას ხშირად არ იყენებენ.

რუსეთს ეს რაკეტები გასაშვებად მზადყოფნაში ბევრი არ აქვს მარაგში. მართალია, საბჭოთა პერიოდის პროტოტიპიდან აწარმოებენ, მაგრამ მის გამოყენებას ახლა ახდენენ. შესაბამისად, არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ხშირად გამოიყენონ. გასაშვებად გამზადებული რაკეტები მაგდენი არ გააჩნიათ.

დამანგრევლობის განსხვავება რომ ავიღოთ „ისკანდერსა“ და „ორეშნიკს“ შორის, ძალიან დიდი არ არის. თვითონ ეფექტი, რაც „ორეშნიკს“ აქვს, ეს არის სისწრაფის ეფექტი და ის, რომ მისი ჩამოგდება რთულია. თუ ეს ეფექტი მოიხსნა, თავად რუსეთის ეს ფსიქოლოგიური სამხედრო იარაღიც გარკვეულწილად შემცირდება. ეს არის მიზეზი, რის გამოც რუსეთმა შესაძლოა, ამ რაკეტის აქტიურად გამოყენება არ გადაწყვიტოს.

სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, იმიტომ ხდება, რომ რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით წარმატება არ აქვს. ძვირად ღირებულ და მნიშვნელოვან რაკეტებს ტყუილად არ ხარჯავ. უკრაინაში ფრონტის ხაზი იმხელაა, რომ თუ მათი გამოყენება სამოქალაქო ობიექტებზე არ მოხდა, სამხედრო თვალსაზრისით ფრონტის ხაზზე მისი გამოყენება რუსეთის მხრიდან აზრს კარგავს, რადგან წარმატებას ვერ აღწევს. რუსულ სამხედრო დოქტრინას ასეთი ლოგიკა აქვს: თუ ფრონტის ხაზზე ვერ ვაღწევთ წარმატებას, მაშინ ვესროლოთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და უკრაინელები დავაშინოთ.

- უკრაინა დასავლეთისგან სასწრაფოდ ითხოვს ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას. ზელენსკი პარტნიორებს სთხოვს რეაგირებას არა პოსტფაქტუმ, არამედ პრევენციულად, რათა მოსკოვმა ომის გაფართოება ვერ გაბედოს. თქვენი პროგნოზით, რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგან აშშ-მა და ევროკავშირმა უახლოეს საათებში ამ ესკალაციის შესაჩერებლად?

- სამწუხაროდ, არ ველი, რომ ახლა ამერიკა რუსეთზე ზეწოლას დაიწყებს უკრაინაში ომის მიმდინარეობის შესაცვლელად. ახლა ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ისეთი არეულობაა, რომ რუსეთის შეკავება ამერიკისთვის პრიორიტეტული არ არის.

რაც შეეხება ევროპელების მხრიდან შეკავებას, მათ არ აქვთ ახლა მყარი რესურსი, რომ რუსეთის შეკავება შეძლონ. რაც შეუძლია ევროპას, ეს არის რაც შეიძლება მეტი საჰაერო თავდაცვითი სისტემის შექმნა დაიწყოს და უკრაინელებისთვის გადაცემა.

მეორე აუცილებელი პირობაა ის, რომ დღის წესრიგში დადგეს უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა. ეს არის იდეალური პროგრამა-მაქსიმუმი, რასაც მართალია არ ველოდები, მაგრამ ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა.

- ახლა რუსეთს აქვს იმის რესურსი, რომ ზაფხულისთვის ახალ კონტრშეტევაზე გადავიდეს? ამის რამე წინაპირობას  ხედავთ?

- ახლა ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს ოლქში, ინიციატივა უკრაინელებს აქვთ. რუსეთი ახლა ცოცხალ ძალას აგროვებს. რუსეთს უნდა, რომ ახალი შეტევა წამოიწყოს. ეს შესაძლოა, იყოს ბელარუსიდან დასავლეთ უკრაინაზე, ან ბელარუსიდან კიევზე; ასევე არ არის გამორიცხული ბელარუსიდან ჩერნიგოვზე. ეს სურვილი არის, მაგრამ რუსეთისთვის პრობლემა ახლა ლოგისტიკაა.

უკრაინელები ამის პრევენციას ახორციელებენ იმით, რომ ზურგში რუსეთის ლოგისტიკას ბომბავენ. ამის მიზანი სწორედ ის არის, რომ რუსებმა ინიციატივის დაბრუნება და ახალი ფრონტის ხაზის შექმნა ვერ შეძლონ. ამიტომ, ერთადერთი სივრცე, რასაც უკრაინელები არ ბომბავენ, ბელორუსია, ამიტომაც არის ეს ქვეყანა საშიში.

რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. თუკი უკრაინელებმა ვერ შეძლეს რუსების ლოგისტიკური გამოფიტვა, ისინი შეეცდებიან მობილიზების გაგრძელებას. რუსეთი ცდილობს ინიციატივა ზაფხულში დაიბრუნოს. რუსეთი ძირითადად ივნისსა და ივლისში უტევს ხოლმე, ეს არის რუსეთის ინიციატივის თვეები და გამოჩნდება, რეალურად შეძლებს თუ არა ამას. უკრაინა კი ცდილობს, რომ ზუსტად ეს შეტევა ჩაშალოს.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები