Logo

გიორგი ლოლაძე - ბოლო 10 წელია და მეტიც, აზერბაიჯანი უფრო და უფრო შორდება რუსეთის ორბიტას

პოლიტიკა
305
Frontnews image description

ბოლო 10 წელია და მეტიც, აზერბაიჯანი უფრო და უფრო შორდება რუსეთის ორბიტას, რუსეთმა ფუნქცია დაკარგა აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, - ამის შესახებ "რეალპოლიტიკის" მკვლევარმა გიორგი ლოლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელშიც ერთდროულად არიან ჩართული აზერბაიჯანი და სომხეთი.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა. ამაზე მნიშვნელოვანი სკანდალი იყო ის, რაც შარშან, დეკემბერში მოხდა, როდესაც რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო აზერბაიჯანული ავიალაინერი, რასაც შეეწირა 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. დღეს ეს საკითხი თავიდან გახდა აქტუალური. აზერბაიჯანულ სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნდა, როგორც აუდიო ჩანაწერი ბრძანების გაცემის და მისი ჩამოგდების, ასევე პატაკის, რომელიც დაწერა ამ საზენიტო დანადგარის მეთაურმა, სადაც ირკვევა, რომ ცხადი წარმოდგენა არ ჰქონდათ, რას ესროდნენ იმიტომ, რომ მეტეოროლოგიური ცუდი პირობები იყო და ეს მიუთითებს ამ ჯგუფის არაკომპეტენტურობასა და გულგრილობაზე. ჩანაწერში ისმის, რომ სამჯერ გაიცა სროლის ბრძანება. თვითმფრინავს და დრონებს ვერ არჩევს ეს ჯგუფი და არავინ დასჯილა ამ საქმეზე. ეს იყო ერთი ფაზა.

ეს უკანასკნელი ეპიზოდი მე არ მგონია ცენტრალიზებული დავალება რუსეთის ხელისუფლების ის, რაც ეკატერინბურგში მოხდა. ეს იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადგილობრივი სამართალდამცველების სისასტიკისა და იმის გამოვლინება, როგორიც არის რუსული სახელმწიფო. ამას პასუხი მოჰყვა აზერბაიჯანიდან და ეს არ არის იზოლირებული კრიმინალთან ბრძოლის შედეგი. ამას მოჰყვა ის, რაც ჩვენ ვნახეთ - "ეფესბეს" აგენტობაში დადანაშაულება ამ რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლების.

ბოლო 10 წელია და მეტიც, აზერბაიჯანი უფრო და უფრო შორდება რუსეთის ორბიტას, რუსეთმა ფუნქცია დაკარგა აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც თითქმის სრულად დაიბრუნა აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორია. 

ეს არის ცივილიზაციური დაპირისპირება რუსეთის გავლენის წინააღმდეგ, რომელშიც ერთდროულად არიან ჩართული აზერბაიჯანი და სომხეთი", - განაცხადა გიორგი ლოლაძემ.

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი შაჰინ შიხლინსკი გუშინ დააკავეს. დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და  ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს.

Advertisement