გიორგი ტუმასიანი - ფაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალური შანსი აქვს

ავტორი
Front News საქართველო
სომხეთი 7 ივნისს ისტორიული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინშია, რომელიც ქვეყნის საგარეო ვექტორთან ერთად მთელი სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების არქიტექტურას განსაზღვრავს. წინასაარჩევნო დინამიკაზე, კრემლის მხრიდან მომდინარე უპრეცედენტო ეკონომიკურ და პოლიტიკურ წნეხზე, სამხედრო ესკალაციის რისკებსა და თბილისის ინტერესებზე Front News-ს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი ესაუბრა. მისი ანალიზით, ერევანში მიმდინარე პროცესები პირდაპირ აისახება საქართველოზე, რადგან ნიკოლ ფაშინიანი დღეს სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიული და პროევროპული კურსის ერთადერთ საყრდენად რჩება.
- ბატონო გიორგი, არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. კვლევებით ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“ ლიდერობს, თუმცა მისი რეიტინგი მკვეთრად არის შემცირებული წინა არჩევნებთან შედარებით და გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი 44%-ს აღწევს. თქვენი პროგნოზით, შეძლებს ფაშინიანი ერთპიროვნული უმრავლესობის მოპოვებას, თუ სომხეთი კოალიციური მთავრობის რეალობის წინაშე დადგება?
- მე ვფიქრობ, რომ ფაშინიანს საკონსტიტუციო უმრავლესობის (რაც 67%-ზე მეტს გულისხმობს) მოპოვების რეალური შანსი აქვს. ამ ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი მაძლევს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ოპოზიციურ ფლანგზე გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა, მათ საერთოდ არ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო თუ მივლენ, უმრავლესობა მაინც ხელისუფლების მხარეს დაიჭერს. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან ბოლო დროს განხორციელებულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა წნეხმა სომხურ საზოგადოებაში პირიქით, საპირისპირო - ანტირუსული რეაქცია გამოიწვია.
- ფაშინიანის წინასაარჩევნო კონცეფცია "ნამდვილი სომხეთი“ (ყარაბაღის გარეშე) და ეკლესიასთან ღია დაპირისპირება საზოგადოებაში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას იწვევს. რამდენად ამართლებს ეს სტრატეგია და რამდენად ახდენს პრორუსული ოპოზიცია - კარაპეტიანის, ქოჩარიანისა და წარუკიანის ძალები ამ თემებით ამომრჩევლის მანიპულირებას?
- ყარაბაღის თემას რაც შეეხება, ოპოზიციას ამ მიმართულებით რაიმე რეალური, ალტერნატიული შემოთავაზება არ გააჩნია. ისინი ღიად ქვეყნის ომში ჩართვას მხარს ვერ უჭერენ და ვერც აპროტესტებენ არსებულ მოცემულობას ქმედითი გეგმით. რაც შეეხება ეკლესიის საკითხს, ფაშინიანი არ უპირისპირდება უშუალოდ ინსტიტუციას; ის უპირისპირდება ეკლესიის დღევანდელ ხელმძღვანელობას. სომხეთში კათალიკოსის რეიტინგი ისედაც ძალიან დაბალია, ამიტომ ეს პროცესი ფაშინიანს სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებს არ უქმნის. შესაბამისად, არ ველოდები, რომ ამ თემებს მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიასა და რეიტინგზე რაიმე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა შეეძლოს.
- მოსკოვის მხრიდან წნეხი უპრეცედენტოა, EAEU-ს წევრმა ქვეყნებმა ერევნისგან ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანის რეფერენდუმზე გატანა მოითხოვეს, პუტინი კი "უკრაინის სცენარით“ და ეკონომიკური ბლოკადით ღიად დაემუქრა ქვეყანას. რამდენად რეალურია სამხედრო ან ეკონომიკური ესკალაციის საფრთხე, თუ არჩევნებში პროდასავლური კურსი გაიმარჯვებს?
- რუსეთის მხრიდან სომხეთის არჩევნებსა და ხელისუფლებაზე ზეწოლა ახლაც აქტიურ ფაზაშია. ეს გამოიხატება როგორც ეკონომიკურ წნეხში, ისე აგრესიულ საჯარო განცხადებებში. გარდა ამისა, რუსეთიდან ათიათასობით სომხეთის მოქალაქეა ორგანიზებულად გამოგზავნილი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რადგან პრორუსული ოპოზიციური ძალების კოორდინაცია და მართვა პირდაპირ მოსკოვიდან ხდება.
ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, ეკონომიკური ბლოკადის გაძლიერება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მოსალოდნელია. მოსკოვი ახლა ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს უქმნის ბარიერებს, თუმცა შემდგომში შესაძლოა, საუბარი შეეხოს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტასაც, ვინაიდან სომხეთის გაზმომარაგების 85% სწორედ რუსეთზე მოდის. საფრთხის ქვეშ დადგება სხვა სტრატეგიული რესურსებიც — ბენზინი, დიზელი და ხორბალი, რაც დიდწილად რუსეთიდან იმპორტირდება. ამასთანავე, ამ დაძაბულობამ შესაძლოა ასახვა პოვოს უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებზეც.
- როგორ აფასებთ ფაშინიანის პასუხს, რომ ამ ეტაპზე რეფერენდუმის ჩატარება "თეორიულია“ და ალოგიკური? ხომ არ არის ეს ერევნის მცდელობა, არჩევნების წინ კიდევ უფრო მეტად არ გააღიზიანოს კრემლი, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან ტრამპის ადმინისტრაციისა და მარკო რუბიოს ვიზიტის სახით მკაფიო მხარდაჭერა აქვთ?
- ფაშინიანი ფრთხილ დიპლომატიურ პროცესს წარმართავს და რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს ამ მძიმე ვითარების დაბალანსებას. ბუნებრივია, სომხეთისთვის ძალიან რთულია რუსულ აგრესიასთან მარტო გამკლავება, თუმცა ერევანი მოსკოვის პროვოკაციებზე წამოგებას არ აპირებს. სწორედ ამ მიზნით ინარჩუნებს ხელისუფლება კრემლის მიმართ შედარებით რბილ რიტორიკას - ფაშინიანი ყველანაირად ცდილობს, აწონ-დაწონილი პოლიტიკით არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო მეტად არ გაამწვავოს.
- მარკო რუბიოს ვიზიტი რა სახის გზავნილი იყო ამერიკის მხრიდან ამ რთულ სიტუაციაში? რა შეუძლია აშშ-ს ახლა სომხეთისთვის გააკეთოს, რომ რუსეთის წნეხი არ იყოს უფრო მძიმე, თუკი ფაშინიანი გაიმარჯვებს? რა სახის მხარდაჭერა აქვს ახლა მას დასავლეთიდან? არსებობს თუ არა შიდა დაპირისპირების პროვოცირების საფრთხე კრემლის მხრიდან?
- სრულიად მოსალოდნელია, რომ რუსეთი შიდა დესტაბილიზაციის კუთხითაც გააქტიურდეს. მაგალითად, მან შეიძლება აამოქმედოს ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების არაღიარებისა და მასობრივი შიდა არეულობების მოწყობის სცენარი. არ არის გამორიცხული, რომ კრემლმა გიუმრიში განთავსებული საკუთარი სამხედრო ბაზიდან იარაღითაც კი მოამარაგოს რადიკალური ჯგუფები. რუსულ მედიაში პროპაგანდისტები ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ სომხეთში ე.წ. "სპეციალური ოპერაციის“ ჩატარება ურიგო არ იქნებოდა.
პირდაპირი სამხედრო ესკალაციის ალბათობა ამ ეტაპზე დაბალია, თუმცა რუსეთის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდინარე, გამორიცხული მაინც არაფერია. მოსკოვიდან ღიად ისმის მუქარები, რომ სომხეთი „უკრაინის გზას“ ადგას, რაც უსაფრთხოების სერიოზულ რისკებს შეიცავს. ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზები ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხის მატარებელია, თუმცა მჯერა, რომ ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში, მისი გუნდი უკან არ დაიხევს.
- თბილისსა და ერევანს შორის ბოლო პერიოდში უპრეცედენტოდ მჭიდრო, სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა და ფაშინიანი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ვისი გამარჯვება აწყობს თბილისს და რა შეიცვლება ჩვენთვის, თუ სომხეთში ხელისუფლებაში პრორუსული რევანშისტული ძალები მოვლენ?
- თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ნებაზე, რა თქმა უნდა, თბილისს ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება აწყობს. თუმცა, თუ საკითხს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ჭრილში შევხედავთ, მათთვის ფაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენა, შესაძლოა, სულაც არ იყოს ხელსაყრელი. დღეს ფაშინიანი სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ლიდერია, რომელიც გამოკვეთილად დემოკრატიულ, პროევროპულ კურსს ატარებს. მისი გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთის ყურადღება და ჩართულობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო გააქტიურდება.
სომხეთის პრორუსული ოპოზიცია, მართალია, აცხადებს, რომ საქართველოსთან მეგობრობის მომხრეა, თუმცა ისინი ღიად ლობირებენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, თანაც ისეთი ფორმით, თითქოს თბილისსა და მოსკოვს შორის ამ საკითხზე კულუარული შეთანხმება უკვე მიღწეულია. ვინაიდან „ქართული ოცნება“ დღეს ევროპულ სტრუქტურებს მტრულად აცხადებს, მათთვის სომხეთში პრორუსული ოპოზიციის გამარჯვება პოლიტიკურად ბევრად უფრო "კომფორტული“ იქნება. თუმცა, ვიმეორებ, საქართველოსა და მისი მოსახლეობის სტაბილური, ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის სათავეში ფაშინიანი და მისი გუნდი დარჩეს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
გიორგი ტუმასიანი




