გივი მიქანაძე - საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან

ავტორი
Front News საქართველო
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა ექსპერტების საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გახლავთ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებისა და არსებული მიღწევების უმნიშვნელოვანესი აღიარება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად მიმართვას, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უახლოეს დღეებში წარდგენილ იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).
"სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.
უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები, სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე




