Logo

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი გადარჩა

მსოფლიო
378
Frontnews image description

ინდოეთში ავიაკატასტროფის დროს ერთი მგზავრი 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადარჩა.

ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა.

"როდესაც ავდექი, ჩემ გარშემო ყველგან გვამები იყო. შემეშინდა, ავდექი და გავიქეცი. ჩემ გარშემო ყველგან თვითმფრინავის ნამსხვრევები იყო. ვიღაცამ ხელი მომკიდა, სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩამსვა და საავადმყოფოში წამიყვანა“, – განაცხადა ვიშვაშ კუმარ რამეშმა.

ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის, 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.

ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო.

ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის.

მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

Advertisement