Logo

ირაკლი ალადაშვილი - ტრამპი არც კი დაფიქრდება, უკრაინის ინტერესებს რუსეთზე ისე გაყიდის, ოღონდ პუტინი ჩინეთს ჩამოაშოროს 

უკრაინაინტერვიუ
330
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკურმა  მოქმედებებმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი ახალი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. ტრამპის განცხადება, რომ უკრაინამ ცეცხლი უნდა შეწყვიტოს "დემარკაციის ხაზზე", სადაც არიან და რუსეთის გავლენა ამ პოზიციაზე – ეს ის საკითხებია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში აქტიურად დგას. ამერიკის პოლიტიკურ მანევრებს, ტრამპსა და პუტინს შორის მოსალოდნელ შეხვედრას და მათ შესაძლო გავლენას ფრონტის ხაზზე, Front News-თან ინტერვიუში  ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი, სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი აფასებს.

- პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინა "უბრალოდ უნდა გაჩერდეს იმ ხაზებზე, სადაც არიან" და ტერიტორიის 78% რუსეთის მიერაა დაკავებული, მოულოდნელი იყო. თქვენი ანალიზით, რამდენად რეალისტურია და რამდენად მისაღები უკრაინისთვის "დემარკაციის ხაზზე" ცეცხლის შეწყვეტა? როგორ აფასებთ პუტინის გავლენას ტრამპის ამგვარ მკვეთრ პოზიციაზე?

- ტრამპის განცხადება, ცეცხლი იქ შეწყდეს, ვინც რა ადგილას იმყოფება, ლოგიკურია, რადგან არც უკრაინას გააჩნია ახლა იმის ძალა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეძლოს, ხოლო რუსეთსაც უჭირს წინ წასვლა და ერთ ადგილას ტრიალებს. თუ ცოტათი მაინც წინ წაიწია, უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. უკრაინასაც საერთო ჯამში აწყობს იქ შეწყდეს ცეცხლი, სადაც დგანან, თუნდაც ფრონტის ხაზის გასწვრივ და დროებით სული მოითქვან. იარები მოიშუშონ, ჯარის გადახალისება მოხდეს და რაც მთავარია, მათი დასავლეთის დახმარება შეძლოს. კი ბატონო, ამის შემდეგ რუსეთიც დაიწყებს ძალების მოკრებას, მაგრამ ახლა მართლა სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ არსებობს.

- თქვენი აზრით, რა ფორმით შეიძლება განხორციელდეს ეს ზეწოლა სამხედრო დახმარების კუთხით? რამდენად მზად არის უკრაინა დათმოს ის ტერიტორიები, რომელთა გათავისუფლებისთვისაც დიდი მსხვერპლი გაიღო?

- ერთ-ერთი ინფორმაციაა, რამაც გამოჟონა, თითქოს ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ზელენსკის ეუბნებოდა, რომ დათმეთ ეს დონბასი, მაინც რუსულენოვანია და იქ ყველა რუსულად საუბრობს, რუსია და ა.შ. მე არ ველი, რომ უკრაინა ამაზე წავა, მაგრამ ძალიან მძიმე და რთული სიტუაცია რომაა, ფაქტია. თქვენ ახლა ხედავთ, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თითქოს გავრცელდა ინფორმაცია,  პუტინისა და ტრამპის შეხვედრა უნდა შემდგარიყო. თუმცა ბოლო ინფორმაციებით უკვე რაც ვრცელდება, ჯერ ლავროვისა და რუბიოს შეხვედრა გადაიდო, როგორც მოსამზადებელი პროცესი. ხოლო ტრამპიც უკვე ამ შეხვედრის მოწყობაზე აღარ ფიქრობს და თქვა, რომ აზრი არა აქვს ფუჭ შეხვედრას.

შეხვედრა შედგება თუ არა, მაინც წაგებული უკრაინა აღმოჩნდება. ზელენსკი ტრამპთან ჩაფრინდა იმის იმედით, რომ „ტომაჰავკებს“ მიიღებდა, თუმცა ეს ტრამპმა, ვფიქრობ, პუტინის დასაშინებლად გააკეთა, რათა მას ტრამპთან შეხვედრის სურვილი კიდევ გამოეხატა. რეალურად, მე არ ველოდი, რომ ამ რაკეტების გადაცემა მოხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მანევრი, რათა პუტინს მასთან ისევ დაერეკა. ასეც მოხდა, ამიტომ ტრამპმა ამ ეტაპზე ამ რაკეტების გადაცემა გაურკვეველი ვადით გადადო.

მე ასევე მგონია, რომ ალასკას შეხვედრის შემდეგ ტრამპმა დაინახა, რომ 3 სექტემბერს პუტინი ჩინეთში ჩავიდა და იმ აღლუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ჩინეთმა დიდი ზარ-ზეიმით გამართა. სი ძინპინმა იქვე სახალხოდ განაცხადა, რომ დროა, შეიცვალოს მსოფლიო წესრიგი და მისი მართვის სადავეები. ტრამპმა დაინახა, რომ ჩრდილოეთ კორეის, რუსეთისა და ჩინეთის, სამი ბირთვული ქვეყნის ერთობა შეიქმნა, რომელიც ანტიამერიკულია. ამიტომ მე მგონია, რომ ტრამპი პუტინის გადაბირებას ცდილობს იმ გაგებით, რომ ის არ შეუერთდეს ამ ერთობას. ამერიკასა და ტრამპს თავის რეალურ მოწინააღმდეგედ ჩინეთი მიაჩნია და არა რუსეთი.

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ "დაუყოვნებლივ შეჩერება" კონფლიქტის ძირეული მიზეზების დავიწყებას ნიშნავს. სამხედრო თვალსაზრისით, რა არის ის "ძირეული მიზეზები" და მინიმალური მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების გარეშე, თქვენი აზრით, რუსეთი სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი იმავეს აგრძელებს, რასაც აქამდე ამბობდნენ. რუსებს როგორც პროგრამა მინიმუმი, ასევე პროგრამა მაქსიმუმი აქვთ. ამ ეტაპზე  პროგრამა მინიმუმი ეს არის დონეცკის და ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის აღება, რომ ე.წ. ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკა“  მთლიანად გააკონტროლონ. მიზანი მაქსიმუმი კი მთელი უკრაინის დაპყრობაა. ამიტომ ამ ეტაპზე საუბარი იმაზე, რომ პუტინი შეწყვეტს ომს ან ცეცხლს, არ მჯერა. ის ამ თამაშებით, ერთის მხრივ, ტრამპთან დროს იგებს, მეორეს მხრივ კი, ცაიტნოტში აყენებს იმ გაგებით, რომ მისი სურვილი პოსტსაბჭოთა სივრცის აღდგენის, არ ასვენებს და სანამ სანამ ცოცხალია ამ ოცნების ახდენა უნდა. ამიტომ ის მიჰყვება თავის გეგმებს და მე არ ველი, რომ რაიმე კორექტირებას საკუთარ სურვილებში შეიტანს. ამ ეტაპზე ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.

- სენატის მიერ რუსეთისთვის ახალი სანქციების პაკეტის მიღების შეჩერება ტრამპ-პუტინის შეხვედრის მოლოდინით, რამდენად აისახება ბრძოლის ველზე რუსეთის სამხედრო პოტენციალზე? რა სახის სამხედრო-პოლიტიკური შედეგი იქნება ყველაზე ნაყოფიერი ამ შეხვედრისთვის, თუკი აშშ-ის მიზანი კონფლიქტის შეჩერებაა?

- როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საერთოდ ამ შეხვედრებით პუტინი იგებს და ის დროში მის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს აგვიანებს. ასევე ფრონტის ხაზზეც, უკრაინისთვის გადადებული ფრთოსანი რაკეტების არმიწოდება, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ მოქმედებს. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. სენატში გადადებული სანქციების პაკეტიც, რა თქმა უნდა, პუტინისთვის ხელსაყრელია. როგორც ტრამპი თამაშობს, იგივე თამაშშია პუტინიც. მე მაქვს ეჭვი, რომ ტრამპი არც კი დაფიქრდება, უკრაინის ინტერესებს რუსეთზე ისე გაყიდის, ოღონდ პუტინი ჩინეთს ჩამოაშოროს.

- დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი-ტრამპის შეხვედრის მომზადება "რთული სამუშაოა". რამდენად დიდია იმის რისკი, რომ ამ შეხვედრაზე მიღწეულმა ნებისმიერმა შეთანხმებამ (უკრაინის გვერდის ავლით) შეარყიოს დასავლეთის ერთიანობა და გააუარესოს უკრაინის სამხედრო მდგომარეობა ფრონტზე? რა არის ყველაზე ცუდი და საუკეთესო სცენარი უკრაინისთვის ამ დიპლომატიური კონტაქტების ფონზე?

- როდესაც გაჟღერდა, რომ შესაძლოა, ტრამპი და პუტინი უნგრეთში შეხვედროდნენ ერთმანეთს, ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის მაკრონმაც განაცხადეს, რომ უკრაინის გარეშე ასეთი მოლაპარაკებები არ უნდა შემდგარიყო. ზელენსკიმაც მოითხოვა, რომ მეც დამასწარით ამ შეხვედრას და მზადყოფნა გამოთქვა. რა თქმა უნდა, პუტინის კატეგორიული მოთხოვნა იქნება, რომ  ზელენსკი არ დაესწროს მათ შეხვედრას, ეს ფაქტია. პუტინს ზელენსკი თავის ტოლად არ მიიჩნევს და უფრო მეტიც, ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც არ აღიქვამს. სამწუხაროდ, ისევ ბევრი რამ ტრამპის პოლიტიკურ თამაშებზეა დამოკიდებული. ის ხან ასე ცვლის, ხან ისე ცვლის განცხადებებს. ‘შვიდპარასკევა“ ტრამპი რას გადაწყვეტს, სამწუხაროდ, სწორედ უკრაინის ომის ბედის განმსაზღვრელია.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement