ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ავტორი
Frontnews საქართველო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე აღინიშნა ელჩის საქმიანობის მნიშვნელობა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს.
მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
2021 წლიდან გიორგი ზაქარაშვილი იყო უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
თაგები:
ირაკლი კობახიძე




