
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმები და ყირიმზე მზარდი სამხედრო ზეწოლა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საომარი მოქმედებების დინამიკაზე, თუმცა კონფლიქტში გარდამტეხი მომენტის დადგომას კიდევ მინიმუმ ერთი-ორი წელი დასჭირდება. სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ლექვინაძე Front News-თან ინტერვიუში კრემლის ეკონომიკურ ბლოკადაზე და ნავთობინფრასტრუქტურის პარალიზება საუბრობს და ამბობს, რომ ეს პირველ რიგში რუსეთის ბიუჯეტს აზარალებს, თუმცა მოსკოვი ალტერნატიული გზებითა და შიდა რესურსებით ომის წარმოების გაგრძელებას კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს.
ექსპერტის პროგნოზით, ომის დასასრული არა ფრონტის ხაზის მყისიერ კოლაფსთან, არამედ რუსეთის შიდა ელიტების მიერ პუტინის კულუარულ მოშორებასთან იქნება დაკავშირებული, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს დასავლეთში, კერძოდ ევროპის წამყვან ქვეყნებში, მოსალოდნელი პოლიტიკური ლიდერშიპის ცვლილებები და ნატოს მიერ უკრაინისთვის გაწერილი გრძელვადიანი ფინანსური მხარდაჭერა.
- დღეს, როდესაც კიევს შეუძლია რუსეთის ეკონომიკური არტერიები 2 500 კმ-ის რადიუსში აკონტროლოს, რა ტიპის სტრატეგიულ უპირატესობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ? რამდენად ცვლის ეს დარტყმები ძალთა ბალანსს და აძლევს თუ არა ეს უკრაინას შესაძლებლობას, კრემლს მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარი პირობები წაუყენოს?
- რუსეთის სიღრმეში დარტყმები, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს, ოღონდ არა ასე მყისიერად. მე მგონია, ძალიან შორს ვართ საკვანძო ცვლილებებისგან და გარდამტეხი მომენტი ჯერ არ დამდგარა. ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი-ორი წელი ის ჯერ არ დადგება. ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ამისთვის. ამ დარტყმების მიმართ რუსეთი რეზიდენტულობას გამოიმუშავებს და ადაპტირებას მოახდენს. მართალია, მთლიანად ვერ გაანეიტრალებს, უკრაინაც თავის მხრივ დარტყმების საშუალებებს ხვეწავს და ბალისტიკურ რაკეტებს გამოცდის, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ეს ეტაპი, რომელიც მიმდინარეობს, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება.
აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყირიმის მიმართულებით ყოველდღიურად ხდება ზეწოლა. იქაც დარტყმებს ახორციელებენ ნავთობისა და საწვავის მარაგებზე. სახმელეთო დერეფანზე ხომ ხორციელდებოდა დარტყმები, ხიდსაც ადრე თუ გვიან დაარტყამენ და დაანგრევენ. თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა, არის ის, რომ აქამდე ამ დრონებით ძირითადად საზღვაო ხომალდებს უტევდნენ, აქ კი უკვე მეორე დღეა, რაც ორ რეიდში 19 ტანკერი ჩაძირეს. სახმელეთო და საზღვაო დერეფნები პრაქტიკულად გადაკეტესო, ვერ ვიტყვით, მაგრამ ისეთ ზეწოლას ახორციელებენ, რომ ფაქტობრივ ბლოკადაში მოაქციეს.
ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ყირიმი ძალიან საკვანძო ნახევარკუნძულია. უკრაინის ოკუპაცია 2014 წელს სწორედ მისი ოკუპაციით დაიწყო. რუსებისთვისაც ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და სტრატეგიულად, შავი ზღვის კონტროლისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია. რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყნებისთვის და ნატოსთვისაც ყირიმი მნიშვნელოვანი კუნძულია. ასევე რუსეთისთვის დიდი და სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ამიტომ, თუკი ყირიმის დაკარგვა მოხდა, აი მაშინ უნდა ველოდოთ რუსეთში სერიოზულ პრობლემებს.
- რა დრო დასჭირდება იმას, რომ რუსეთის ნავთობქარხნების პარალიზებამ და საავიაციო ნავთობის დეფიციტმა ფრონტის ხაზზე მყოფი ტექნიკისა და ავიაციის რეალური „შიმშილი“ და სამხედრო ოპერაციების გაჩერება გამოიწვიოს?
- ეს ახლაც ახდენს გავლენას, თუმცა მანდ უფრო აქცენტი იმაზეა გაკეთებული, რომ პირველ რიგში სამხედრო საჭიროებისამებრ მარაგდება. რაც შეეხება ამ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, ამას იმით დააკომპენსირებენ, რომ ნედლ ნავთობს გაყიდიან და სანაცვლოდ ნავთობპროდუქტებს შემოიტანენ, რის ნიშნებიც ნამდვილად არის - ყაზახეთს შეუთანხმდნენ და ა.შ. სამხედრო თვალსაზრისით დიდი დეფიციტი არ შეექმნებათ. სხვა საქმეა, რომ ადგილზე ლოგისტიკურ ჰაბებზე მიდის დარტყმები. რა თქმა უნდა, ეს უქმნის პრობლემებს და სულ რაღაც შეფერხებები აქვთ. ის, რომ საწვავის მიწოდება შეუწყდეთ და ამის გამო ომი შეჩერდეს, არ მოხდება.
ამის მიზანი მაინც ისაა, რომ რუსეთს ეკონომიკური ზიანი მიაყენონ. ნავთობგადასამუშავებელი და ნავთობის გადაზიდვის ინფრასტრუქტურა რუსების შემოსავლის წყაროა. მათზე დარტყმა უფრო ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილი მცირდება, ხოლო გასავალი ყოველწლიურად ისედაც იზრდებოდა და იზრდება, შესაბამისად, საბიუჯეტო დეფიციტი გაეზრდებათ. მათი შევსება სხვა წყაროებიდან დასჭირდებათ. ვალების აღება და რაც ჰქონდათ ეს ორი ფონდი, საიდანაც ამ ხარჯებს 4 წლის განმავლობაში ავსებდნენ, მისი ლიკვიდური ნაწილი გაიხარჯა. ჩავთვალოთ, იქ რუსეთის ობლიგაციები დარჩა, რომლის გაყიდვა და ცოცხალი ფულის აღება შეუძლებელია. რუსეთს აქვს ოქროს რეზერვი, რომელსაც ასევე ყიდის და ა.შ., თუმცა ბიუჯეტის შევსების დიდი რესურსი აღარ აქვს დარჩენილი.
ჩინეთიც არ აძლევს სესხებს. ჰქონდათ ამის რამდენიმე მცდელობა, რომ ჩინეთიდან მოეზიდათ, მაგრამ მათაც უარი უთხრეს. რაც დარჩენიათ, ეს არის კერძო მეანაბრეებს მიადგნენ და იქიდან ამოიღონ თანხები. იყო ამისკენ მოწოდებები მათივე დანიშნული ოპოზიციის - კომუნისტების მიერ, რომლებმაც მისცეს ერთგვარი წამოძახება, რომ ვითომ იდეა მიაწოდეს, მანდედან შევავსოთ დეფიციტიო. ასევე შეუძლიათ დამატებითი ფულის ბეჭდვა, რომელიც გამოიწვევს დამატებით ინფლაციასა და რუბლის გაუფასურებას. ამ კუთხით რუსეთი კიდევ რამდენიმე წელი შეძლებს თავის გადარჩენას.
- რამდენად რეალურია, რომ საწვავზე ფასების ზრდამ და ლოგისტიკურმა კოლაფსმა კრემლის შიგნით სერიოზული პოლიტიკური რყევები ან მოსახლეობის უკმაყოფილების ისეთი ტალღა გამოიწვიოს, რომელსაც პუტინის რეჟიმი რეპრესიებით ვეღარ ჩაახშობს?
- ნამდვილად არის მოსალოდნელი და მაგას აკუმულირების ეფექტი აქვს. ჯერ ეს ყველაფერი ყოფით დონეზეა, იქ ვიღაც ჩხუბობს და პრინციპში, ხალხის აღშფოთებასაც რუსეთი მიჩვეულია, მაგასაც გადაიტანს. რუსეთში ასეთი გადატრიალებები მაშინ ხდება, როცა ამაზე ელიტები თანხმდებიან ხოლმე - მნიშვნელოვანი გადატრიალება მოაწყონ და ლიდერები კულუარულად მოიშორონ. ასეთი რაღაცები მოსალოდნელია და პრინციპში, მგონია, რომ სიტუაციაც ასე დასრულდება. სხვანაირად ასეთი ომები სრულდება იმით, რომ ერთი ქვეყნის ჯარი მეორე ქვეყნის დედაქალაქში შედის. ესეც წარმოუდგენელია ახლა, რომ უკრაინა ჯარს წითელ მოედანზე შეიყვანს. სავარაუდოდ, ამ ომის გამო ბოლოს ელიტები ისე შეწუხდებიან, რომ შეთანხმდებიან პუტინის მოშორებაზე. მანამდე ჯერ კიდევ შორია. ვნახეთ, რომ ირანზე ამერიკის მხრიდან დარტყმები ისევ განხორციელდა. ნოემბერში ვიცით, რომ ამერიკაში ადგილობრივი არჩევნებია და ვფიქრობ, ირანში ომი ამის მერე კიდევ განახლდება. ეს გამოიწვევს ნავთობზე ფასების ზრდას, რაც მისცემს რუსეთის ბიუჯეტს საშუალებას, რომ გაიზარდოს და შემოსავლები ნამდვილად ექნებათ - ნედლი ნავთობის გაყიდვიდან უფრო მეტი მოგება დარჩებათ.
- როგორ ფიქრობთ, რუსეთი საგარეო კუთხით, ანუ დასავლეთის მიმართულებით ფსონს რაზე დებს? სადამდეა შესაძლებელი ევროპა ერთსულოვანი იყოს, რადგან ვიცით, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში შესაძლოა, ლიდერშიპის ცვლილებები მოხდეს?
- დიახ, რუსეთი ფსონს ამ მიმართულებითაც დებს. რუსეთი ელოდება, რომ ევროპაში ლიდერშიპი შეიცვალოს. ძირითადად აქცენტი წამყვან და დიდ ევროპულ ქვეყნებზე აქვთ - ეს არის გერმანია, საფრანგეთი. მართალია, მერცს ვადა ჯერ არ ეწურება, მაგრამ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები არ არის გამორიცხული. მას დაბალი რეიტინგი აქვს და შესაძლოა, კოალიცია ნებისმიერ დროს დაეშალოს. საფრანგეთში კი უკვე უწევს საპრეზიდენტო და მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლის დროსაც შეიძლება, თეორიულად მოვიდნენ ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც სრულიად სხვა დამოკიდებულება და პოზიცია ექნებათ უკრაინის ომზე. ერთმა ქვეყანამაც რომ დაბლოკოს უკრაინისთვის ეს დახმარება, ეს ევროკავშირის შიგნით დიდ პრობლემებს შეუქმნის უკრაინას.
- უკრაინის ამ მასშტაბური სამხედრო წარმატებების ფონზე, ნატოს სამიტზე საკმაოდ მკაფიო და ხშირად ხისტ განცხადებებს ვისმენთ. თქვენი შეფასებით, როგორ იკითხება სამიტის პოლიტიკური გზავნილები კულუარებში? რამდენად შეცვალა უკრაინის ამ „დამოუკიდებელმა ომმა რუსეთის ტერიტორიაზე“ დასავლელი ლიდერების განწყობა და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ალიანსი ემზადება კიევის მხარდაჭერის თვისობრივად ახალ, უფრო აგრესიულ ფაზაზე გადასასვლელად?
- აქ ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ერთი ის, რომ ვერბალურად მაინც ამერიკის პრეზიდენტი დათანხმდა იმას, რომ „პატრიოტის“ რაკეტების დეფიციტი, რომელიც არის, მისი ლიცენზირებული წარმოება დაიწყოს უკრაინაში. ესეც ერთ და ორ თვეში ვერ დაიწყება, ამას შესაძლოა, დრო დასჭირდეს, სანამ აამოქმედებენ. იქამდე უკრაინას კვლავ მოუწევს მცირე პარტიების მოძიება და რაღაცების შოვნა.
მეორე რაც მოხდა, არის ის, რომ სამიტის დეკლარირება იყო და ყველამ მხარი დაუჭირა: წელს 70 მილიარდს და მომავალ, 2027 წელს ასევე 70 მილიარდის დაფინანსებას უკრაინას გამოუყოფენ. თუმცა არ იყო წყარო მითითებული, თუ საიდან მოხდება ამ თანხების მოძიება. ეს უფრო განზრახულობათა დეკლარაციას ჰგავს. რა წყაროებიდან გამონახავენ ამ თანხებს და შესრულდება თუ არა ეს რეალურად, რთული სათქმელია. თუმცა არსებობდა იმის შიში, რომ ასეთ დაპირებაზეც ვერ შეთანხმებულიყვნენ. ფაქტია, რომ შეთანხმდნენ, რაც დადებითია. მეორე მხრივ კი, ამას შესრულება უნდა - მარტო დაპირება არ კმარა და ამას რეალურად სჭირდება დაფინანსება. როგორ გამოინახება და შესრულდება, არ ვიცი.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ირაკლი ლექვინაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს