Logo

თეირანი აცხადებს, რომ ომანთან შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ავტომატურად გახსნას არ ნიშნავს

მსოფლიო
202
Frontnews
თეირანი აცხადებს, რომ ომანთან შეთანხმება ჰორმუზის სრუტის ავტომატურად გახსნას არ ნიშნავს

ომანთან ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის საკითხზე შეთანხმება თავისთავად არ ნიშნავს, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის წყლის გზა სრულად გაიხსნება, - ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, თეირანსა და მუსკატს შორის ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების ორგანიზებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია და მხარეები საბოლოო შეთანხმებაზე მუშაობენ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება სრუტეში უსაფრთხო სანაოსნო მარშრუტის განსაზღვრა, თუმცა გემების ტრანზიტთან დაკავშირებული საბოლოო პირობები ირანის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და შეერთებული შტატების ქმედებებზეც იქნება დამოკიდებული.

ამასთან, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ომანთან მიმდინარე მოლაპარაკებები თავისთავად არ განსაზღვრავს ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნის საკითხს.

8 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი და მუსკატი ჰორმუზის სრუტეში დროებითი სანაოსნო მარშრუტის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ირანის პოზიციით, სრუტეში ნაოსნობის სრულად აღდგენა უფრო ფართო პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებთან არის დაკავშირებული, მათ შორის შეერთებულ შტატებთან არსებული დაპირისპირების მოგვარებასთან.

ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული დერეფანია, რომლის გავლითაც გლობალური ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიზიდება. სრუტეში ნაოსნობის შეფერხება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები