ირანი აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ ახლო აღმოსავლეთში "ნავთობის ჯოჯოხეთის" მოწყობით იმუქრება

ავტორი
Front News საქართველო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ თუ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე თავდასხმა განხორციელდება, რეგიონში ნავთობისა და გაზის ობიექტებს დაწვავს.
"ვაფრთხილებთ აგრესორ მთავრობას და მის ყველა მოკავშირეს, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და პორტებზე უმცირეს თავდასხმასაც კი ჩვენი გამანადგურებელი და დამანგრეველი პასუხს მოჰყვება, ასეთი აგრესიის შემთხვევაში, რეგიონის ყველა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შეერთებულ შტატებსა და მის დასავლელ მოკავშირეებს პირადი ინტერესი აქვთ, განადგურდება", - აღნიშნულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
ირანში ოპერაციის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში 5500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, მათ შორის 60-ზე მეტ გემს.
The New York Times ცოტა ხნის წინ წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, თეირანის სამხედრო შესაძლებლობები არასაკმარისად შეაფასა, ეს კი ესკალაციის პირობებში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამატებით რისკებს ქმნის.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, ირანმა დაძაბულობის ფონზე დანაღმა ჰორმუზის სრუტე, რამაც საფრთხე შეუქმნა გლობალურ ნავთობმომარაგებას და აიძულებს აშშ-ის ადმინისტრაცია სასწრაფოდ ეძიოს გზები რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.
საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ეს სიმართლეა, მას თეირანისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად მოიგო ომი ირანის წინააღმდეგ და ერთადერთი კითხვა არის, ზუსტად როდის დასრულდება საბრძოლო მოქმედებები.
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მისი არჩევის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა, რომელსაც თან ახლდა მუქარა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა ამერიკული სამხედრო ბაზა დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს და რომ "ამ ბაზებს თავს დაესხებიან“.





