საქართველომ შესაძლოა, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესს უმასპინძლოს

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო შესაძლოა, საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF Global) მაღალი დონის საერთაშორისო კონგრესის მასპინძელი ქვეყანა გახდეს, რომელიც მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნიდან 500-მდე დელეგატს გააერთიანებს და რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პლატფორმას შექმნის.
IRF Global-ის ინფორმაციით, კონგრესის ჩატარება საქართველოში მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული ჰაბის პოზიციონირებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინვესტიციო პოტენციალის გაძლიერებისთვის.
საერთაშორისო საგზაო ფედერაცია (IRF Global) 1948 წელს ვაშინგტონში დაარსდა და დღეს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურისა და მობილობის განვითარების სფეროში ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო პლატფორმას. ფედერაცია რეგულარულად ატარებს გლობალურ და რეგიონულ კონფერენციებს ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნებში და აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მსოფლიოს 120-ზე მეტ სახელმწიფოში.
კონგრესის მთავარი თემები იქნება საგზაო უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტის როლი საგზაო ინფრასტრუქტურაში, ინფრასტრუქტურული საინვესტიციო შესაძლებლობები, საერთაშორისო ინტეგრაცია და რეგიონალური შესაძლებლობების გაფართოება, ასევე გარემოსდაცვითი მდგრადობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტრანსპორტის სამინისტროები და საგზაო სააგენტოები, სატრანსპორტო მიმართულების უმაღლესი სასწავლებლები და კვლევითი ინსტიტუტები, საგზაო-საპროექტო დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და რეგიონალური ინსტიტუტები, რომლებიც აქტიურად ოპერირებენ ამერიკაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
"ფედერაცია უზრუნველყოფს ღონისძიების კონცეფციის შემუშავებას, ორგანიზებასა და ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კონგრესის პროგრამა ჩამოყალიბდება სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტის მიერ და საბოლოოდ შეთანხმდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რეგიონის სატრანსპორტო საჭიროებებისა და განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით“, - აცხადებენ საერთაშორისო საგზაო ფედერაციაში.





