ივანე აბაშიძე - საქართველო საიმედო პარტნიორად ყალიბდება, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს

ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველო მხოლოდ სატრანზიტო დერეფანი აღარ არის; ქვეყანა ყალიბდება საიმედო პარტნიორად, რომელიც ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო, ეფექტიან და პროგნოზირებად დაკავშირებადობას უზრუნველყოფს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე.
მისი თქმით, 2026 წლის იანვარ-აპრილის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს საზღვაო სექტორი დინამიკურად ვითარდება და ზრდა პრაქტიკულად ყველა ძირითად ნავსადგურს და ტერმინალში დაფიქსირდა.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების ზრდა ძირითადად მსხვილტონაჟიანი გემების შემოსვლამ განაპირობა.
„ეს პოზიტიური შედეგი შემთხვევითი არ არის. გაზრდილი ეფექტიანობა, ოპერაციების ოპტიმიზაცია, ბიუროკრატიული პროცესების შემცირება, სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ციფრული განვითარება ქმნის საფუძველს, რომ საქართველოს პორტები თანამედროვე, კონკურენტუნარიან და რეგიონულად მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ჰაბებად გადაიქცეს“, – აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, 2026 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა.
„მზარდი დინამიკა შენარჩუნდა კონტეინერების მიმართულებითაც – საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ (TEU) 8%-იანი მატება აჩვენა. ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, პოზიტიური ტენდენცია ქვეყნის ყველა საზღვაო ნავსადგურში დაფიქსირდა“, - აღნიშნულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციაში.
თაგები:
ივანე აბაშიძე




