კიბერდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ერთ-ერთ ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩარევის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ერთ-ერთი ბანკის კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო ჩარევით დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის მიღება განიზრახეს. ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს - ბანკის კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებაში ჯგუფურად, უნებართვოდ ჩაერივნენ, რის შედეგადაც ბანკს 374 715 ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





