
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე.
ლაშა მაღრაძის თქმით, არსებული ტერორისტული საფრთხეების ფონზე, დიდ მნიშვნელობას იძენს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება ასევე გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე, ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ხელოვნური ინტელექტის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების საკითხზე და აღნიშნული საფრთხეების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, კონტრტერორისტული ძალისხმევის გაძლიერებაზე.
გარდა ამისა, გაეროს ტრიბუნიდან ლაშა მაღრაძემ დამსწრე საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და განაცხადა, რომ ეფექტიანი საქმიანობის შედეგად, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები არ განხორციელებულა; ამასთან, მაქსიმალურად არის შემცირებული ქვეყნის ტრანზიტული მიზნით და სარეაბილიტაციო ზონებად გამოყენების რისკი.
მხოლოდ 2026 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის შედეგად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დაკავებულია ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული არაერთი პირი.
ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ახორციელებს ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.
დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს კონტრტერორისტული კვირეულის ორგანიზებისა და აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობისთვის.
ნიუ-იორკში მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, მსოფლიო კონტრტერორისტული სამსახურებისა და ორგანიზაციების ლიდერებმა მიმოიხილეს კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტი და იმსჯელეს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.
თაგები:
ლაშა მაღრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს