ლელა ჯეჯელავა - ამ დროისთვის ამერიკისთვის ახლო აღმოსავლეთისა და ირანის პრობლემა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა

ავტორი
Front News საქართველო
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა Front News-თან ინტერვიუში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალი დონის კონტაქტებს, უკრაინის ომის სტრატეგიულ დინამიკასა და საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ექსპერტის განცხადებით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში უფრო ახლო აღმოსავლეთში ირანის პოზიციების ნეიტრალიზებას და პრევენციულ გზავნილებს უკავშირდება, ვიდრე უკრაინის საკითხზე „სტრატეგიულ გარიგებას“. ამასთან, ჯეჯელავა ყურადღებას ამახვილებს უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ასიმეტრიულ დარტყმებსა და შიდაპოლიტიკურ კრიტიკაზე, ხოლო საქართველოს მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენებს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ბრძოლის კონტექსტში განიხილავს.
- აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს დონალდ ტრამპმა „ნახევრად რუტინული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრიდან „შესაძლოა, რამე გამოვიდეს“. კრემლი კი აცხადებს, რომ ურთიერთობების კრიზისიდან გამოსვლაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თქვენი შეფასებით, რეალურად რა გზავნილების გაცვლა ხდება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და რამდენად არსებობს საფუძველი, რომ ეს პროცესი უკრაინის ზურგს უკან რაიმე სტრატეგიულ გარიგებაში გადაიზარდოს?
- რაღაცის რაღაცაში გაცვლა - ეს არის ძალიან სტერეოტიპული წარმოდგენა, რომელიც ჩვენ გასული საუკუნის გეოპოლიტიკური რეალობიდან გადმოგვყვა. თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ დღეს სრულიად სხვა რეალობის წინაშე ვდგავართ. ყველას ძალიან მკაფიოდ აქვს, განსაკუთრებით დიდ პოლიტიკურ სუბიექტებს, თავისი ინტერესები განსაზღვრული, შესაბამისად, არავინ არაფერს გაცვლის. მართალი გითხრათ, რატომ გადაწყვიტეს, რომ უკრაინა რამეში უნდა გაიცვალოს, ვერ გეტყვით. ამ წუთში, მე მგონია, ეს შეხვედრა, ალბათ, გარკვეულწილად უფრო ახლო აღმოსავლეთის თემატიკას უკავშირდება, ვიდრე უკრაინას. თუმცა ფაქტია, საუბარი უკრაინაზეც იქნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთი, როგორც ირანის მოკავშირე, გაანეიტრალოს. ამის გაკეთება ყველაზე უკეთ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსს შეეძლო, რომელიც ფლობს ზუსტ, ობიექტურ და ოპერატიულ ინფორმაციას, თუ რუსეთი ირანს რა ტიპის დახმარებას უწევს. შესაბამისად, ბუნებრივია, იქ ამაზე იქნებოდა საუბარი. იმ გზავნილების გადაცემა, რომ პრევენციისთვის ამერიკას სხვა შესაძლებლობები აქვს. ჯერჯერობით არ არის ინფორმაცია, რაზე შეთანხმდნენ. მიმდინარე პერიოდში, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში, პროცესების განვითარება მოგვცემს წარმოდგენას, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე ინფორმაცია გავითვალისწინოთ და გავიგოთ. ამ წუთში აშშ-ისთვის ახლო აღმოსავლეთისა და ირანის პრობლემა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა.
- რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და ომის ეკონომიკური ფასი: უკრაინულმა დრონებმა რუსეთის სიდიდით მეოთხე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა („ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტეორგსინტეზი“) გათიშეს, რითაც „ლუკოილის“ პრაქტიკულად ყველა მსხვილი ქარხანა მუშაობის გარეშე დარჩა. რამდენად ეფექტურია უკრაინის ეს ასიმეტრიული სტრატეგია რუსეთის სამხედრო მანქანის ფინანსურად და ლოგისტიკურად დასასუსტებლად და შეუძლია თუ არა ამ ფაქტორს მოსკოვის საომარი გეგმების კორექტირება?
- პოლიტიკური თვალსაზრისით, მე ახლა რასაც ვხედავ, უკრაინელების გათვლა მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთის შიგნით ისეთი დისკომფორტი შექმნან, რომ საომარი მანქანა მაქსიმალურად დაასუსტონ. აქედან გამომდინარე, თუ შევხედავთ, რა არის სტრატეგიულ სამიზნეებად მიჩნეული, ეს არის საშუალო ბიზნესის ყველაზე დიდი კერები - Wildberries-ისა და Ozon-ის საწყობები, ასევე ნავთობგადასამუშავებელი ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი რუსეთს აზიანებს. ის იღებს ზიანს როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე განსაკუთრებით სამხედრო მანქანას უქმნის პრობლემებს. ასევე, როგორც ვხედავთ, რუსეთში მოსახლეობის უკმაყოფილება მზარდია. როდესაც ამას სექტემბრის ბოლოს, არჩევნების შემდეგ, მასობრივი მობილიზაციაც დაემატება (პუტინი არ ამბობს ამაზე უარს), რასაკვირველია, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უკმაყოფილება გაიზრდება. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მათ ქვეყნიდან გასვლაც გაუჭირდებათ. მობილიზაციას რაც შეეხება, აქ უკვე მობილიზაციის გამოცხადება შეეხება ისეთ დიდ ქალაქებს, როგორებიცაა მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, სადაც საზოგადოებრივი აზრი უფრო დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე რეგიონებში. ამიტომ მიმაჩნია, ამ თვალსაზრისით უკრაინელების მიდგომა სწორია, თუმცა არის თუ არა ეს საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა წყობიდან გამოვიდეს, აქ კითხვები არსებობს და არის უკმარისობის განცდა. რუსეთს ჯერჯერობით ჰყოფნის იმის რესურსი, რომ უკრაინის ქალაქები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბოს. უკრაინელები ცდილობენ, რომ ზამთრამდე წყობიდან გამოიყვანონ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რუსეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის არის მნიშვნელოვანი, გასაგებია. თუმცა ჯერჯერობით რუსეთსაც აქვს ამის შესაძლებლობა. ამიტომ რაღაც გარდატეხა ამ რუსული მანქანის დასამარცხებლად უკრაინას სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, უფრო მეტად უნდა უზრუნველყონ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყობიდან გამოყვანა.
- ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ უკრაინა ნელ-ნელა აგებს ომს და არ გააჩნია გამარჯვების საერთო ხედვა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირიბი კრიტიკით უპასუხებს. რამდენად საგანგაშოა ეს შიდა აზრთა სხვადასხვაობა ომის ამ ეტაპზე და როგორ აისახება ის დასავლელი პარტნიორების განწყობებზე?
- დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სტრატეგია აქვს, მათ შორის, განსხვავებული აქვთ ევროპასა და ამერიკას. ეს არ იცვლება უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირების განწყობების შესაბამისად. ხოლო საქმე ის არის, რომ "უკრაინა რომ აგებს", ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ ახსოვთ ხოლმე. ფედოროვზე არანაკლებ გონიერი ადამიანი არესტოვიჩია, რომელიც სანამ ხელისუფლების ნაწილი იყო, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ საინფორმაციო პროპაგანდაში მიეღო მონაწილეობა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა იმაში, რომ უკრაინა რუსეთს მედგარ წინააღმდეგობას უწევს. ხოლო როგორც კი ის ხელისუფლებიდან წავიდა, მაშინვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ უკრაინა ომს აგებს. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა და უკრაინა ისევ მედგრად უწევს რუსეთს წინააღმდეგობას. ფედოროვი თავდაცვის მინისტრი სულ რაღაც ორი თვის წინ იყო და მაშინ ის არ ამბობდა, რომ უკრაინა აგებდა. უკრაინის წაგება-მოგება არ არის ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ეს არის ხალხის ნებაზე დამოკიდებული, პირველ რიგში. დიახ, ფედოროვი მართალია, რომ უკრაინაში კორუფცია არის, თუმცა პოსტსაბჭოთა გავლენის ქვეშ იყო უკრაინა და რუსული გავლენები უკრაინაში ჯერ კიდევ შემორჩენილია. ასევე ფედოროვს ავიწყდება, რომ გაცილებით დიდი კორუფცია იმ ქვეყანაშია, რომელიც უკრაინას ებრძვის. ეს უკვე შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და ამაში გასაოცარი არაფერია. ფედოროვი არის ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები და ეს ყველაფერი უფრო შიდა პოლიტიკის მოხმარების ნაწილია. რასაკვირველია, ამას რუსული მედია აიტაცებს. ასევე დასავლური მედიაც ისედაც უთმობს ყურადღებას უკრაინაში არსებულ თემებსა და სქემებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 5 წელია, უკრაინა იბრძვის გაცილებით მასზე ძლიერი არმიის წინააღმდეგ, ხოლო ომის დაბრუნება მოახდინა იქ, სადაც დაიწყო - ეს ფაქტია, რომელსაც ვერც ფედოროვი და ვერც არესტოვიჩი შეცვლის. დასავლეთის ინტერესია, რომ უკრაინამ არ უნდა წააგოს. ესეც უკვე დავინახეთ ამ 5 წლის განმავლობაში.
- ბოლო დღეებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო ახალი მძიმე ბრალდებები გაჟღერდა, მათ შორის საუბარია თავდაცვის სამინისტროში შესაძლო კორუფციულ სქემებსა და „ჯარის ძარცვის“ ეპიზოდებზე. როგორ აფასებთ ამ შიდაპოლიტიკურ პროცესს, რამდენად აზიანებს ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ინსტიტუტების რეპუტაციას და რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს მმართველი გუნდის შიგნით ამგვარ ხმაურიან მხილებებს? რა სახის დინებებია სახელისუფლებო ვერტიკალში?
- ბიძინა ივანიშვილი იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ეს არის მისი ერთადერთი ამოცანა. აქ იგულისხმება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური ძალაუფლება. ხოლო ამისთვის რომელ თოჯინას როდის მოისვრის და როდის რომელიმეს ყუთიდან ამოიღებს, ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი ჩიხშია. დიდი ალბათობით მოუწევს ახლა კობახიძის შეცვლაც, რადგან მისი მთავარი საყრდენი ივანიშვილმა „მგლის ბილეთით“ გაუშვა. „პოლიტიკიდან მივდივარო“ - ეს ნიშნავს, რომ ამ ბილეთით გაუშვა. ალბათ, იგივე მოუწევს კობახიძესაც. რა მნიშვნელობა აქვს ახლა, რომელ თოჯინას, გამოყენებულს თუ გამოუყენებელს, ყუთიდან ამოიღებს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლება წავართვათ. ვინ სად როდის წავა და მოვა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ლელა ჯეჯელავა




