
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის დიდ ქალაქებში შექმნილი საწვავის კრიზისი და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმები კრემლისთვის სულ უფრო მზარდ შიდა პოლიტიკურ რისკებს აჩენს. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლელა ჯეჯელავა Front News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსკოვში მასობრივ სახალხო მღელვარებაზე მეტად, მოსალოდნელია „კარის გადატრიალება“, რადგან ეკონომიკური კრიზისი და აქტივების შესაძლო ექსპროპრიაცია პირდაპირ უქმნის საფრთხეს რუსული ელიტების ფინანსურ ინტერესებს. ექსპერტის შეფასებით, ვლადიმერ პუტინი ნებისმიერ სცენარში პოლიტიკურად განწირულია, ხოლო ომის დასრულების ფორმატს დიდწილად უკრაინის სამხედრო სტრატეგია და რუსეთის შიგნით არსებული ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსი განსაზღვრავს.
- ბენზინგასამართ სადგურებთან არსებული კილომეტრიანი რიგები და მოქალაქეების მწვავე კრიტიკა სოციალურ ქსელებში უკვე თვალსაჩინოა. როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს საწვავის დეფიციტს, რომ რუსეთის დიდ ქალაქებში უფრო ფართომასშტაბიან სოციალურ პროტესტში ან პირველადი მოხმარების პროდუქტების პანიკურ შესყიდვებში გადაიზარდოს?
- ის, რასაც ახლა ჩვენ რუსეთში ვხედავთ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. როგორ განვითარდება მოვლენები, ბევრად არის დამოკიდებული ზელენსკის მიერ გამოცხადებულ 40-დღიან სპეცოპერაციაზე, რომლის მიზანიც ის არის, რომ რუსეთში სახალხო მღელვარება დაიწყოს, რამაც პუტინს უნდა აიძულოს, უკრაინაში ომი შეწყვიტოს. გააჩნია, როგორ განვითარდება ეს დაგეგმილი სამხედრო სპეცოპერაცია, რომელიც მიმართული იქნება კვლავ რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ეს ძირითადად, ალბათ, იქნება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების ოპერაცია, რაც ხელშესახები იქნება და პირდაპირ მოსახლეობაზე აისახება. ამაზე იქნება დამოკიდებული მოვლენების განვითარება.
სულ ცოტა ხნის წინ გენერალ ივაშოვის წერილი გამოქვეყნდა. ეს არის ის გენერალი, რომელმაც სპეცოპერაციის დაწყების წინ, ანუ უკრაინაში ომის დაწყებამდე, გამოაქვეყნა 70 გენერალთან ერთად წერილი, სადაც ის დეტალურად აღწერდა იმას, თუ რას მოუტანდა რუსეთს უკრაინასთან ომი. მათ არ ჰქონდათ იმ ეტაპზე პოტენციალი იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი ომი ეწარმოებინათ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო რუსეთის არმია, არც თავდაცვისუნარიანობით და არც სამხედრო-სამრეწველო თვალსაზრისით და არც რუსეთის ეკონომიკა, არ იყო ომისთვის მზად. ცხადად ვხედავთ, რომ ივაშოვის და 70 ოფიცრის წერილში ნაწინასწარმეტყველები მოვლენები რუსეთში უკვე სახეზე გვაქვს.
ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის. ამას, ზელენსკის სამხედრო ოპერაციის გარდა, ხელს უწყობს ის სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს როგორც ევროკავშირს, ასევე შეერთებულ შტატებს. ჩანდა, რომ ბოლო მაშველი რგოლი რაც იყო, ეს გახლდათ ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც სურდა ომი შეეჩერებინა, და იქ უკრაინის ინტერესები არ იყო დიდად გათვალისწინებული - უკრაინელებს პრესინგში ამყოფებდნენ, რათა ომის დასრულებაზე ხელი მოეწერათ. თუმცა ვნახეთ, მოვლენები როგორ განვითარდა. ტრამპის სახით მაშველი რგოლი პუტინმა დაკარგა.
- მაშინ რუსეთის ირგვლივ მოვლენების რა სცენარით განვითარება წარმოგიდგენიათ?
- სცენარების განვითარების ყველაზე მოსალოდნელი ვერსია მგონია ის, რომ რუსეთის ელიტა პუტინის ბედზე პირდაპირი მნიშვნელობით იფიქრებს. მოგეხსენებათ, რომ სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი ექსპროპრიაციის შესახებ, განსაკუთრებით საბანკო სფეროში, რომ სახელმწიფომ, შესაძლოა, მოსახლეობის ანაბრები წაიღოს. შესაბამისად, პუტინი თუ ომის გაგრძელებაზე წავიდა, ფული არ არის და სხვა გამოსავალი მას უბრალოდ არ ექნება. ეს, რასაკვირველია, კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ის ელიტები, გნებავთ სამხედრო ელიტა, გნებავთ სამხედრო-სამრეწველო, ძალოვანი უწყებები, "ეფესბეს“ წარმომადგენლები, რომლებმაც ბევრი ფული იშოვეს (აღარაფერს ვამბობ ბიზნესელიტაზე) - ამ ხალხმა, შესაძლოა, ექსპროპრიაციის შემთხვევაში ეს ნაშოვნი ფული დაკარგოს. ამიტომ მათი მთავარი საზრუნავი ამ ფულის შენარჩუნება იქნება.
- ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე უკრაინის მოქმედებებს "ტერორისტული მეთოდები“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს საკმარისი ძალა ნებისმიერი გარე წნეხის გასაძლებად. რამდენად ასახავს ეს რიტორიკა კრემლის რეალურ თავდაჯერებულობას და ვისკენ არის მიმართული ეს გზავნილები - შიდა აუდიტორიის დასამშვიდებლად თუ დასავლეთის შესაშინებლად?
- ეს განცხადებები უფრო მეტად მეტყველებს იმაზე, რომ მას არანაირი რესურსი აღარ აქვს, ვიდრე იმაზე, რომ რაიმე რაციონალურ გათვლებს ემყარება მისი ასეთი იმედიანი შეძახილები. საქმე იმაშია, რომ რეალურად ნაბიულინაც კი, რომელმაც წარმოუდგენლად დიდი სამუშაო გასწია და გონიერი ადამიანი გახლავთ, მან შეძლო რუსეთის ეკონომიკა აქამდე მოეყვანა, ისიც კი, მგონი, უკვე პროცესებს ჩამოშორებულია.
გამორიცხულია... ჩვენ რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის, განსაკუთრებით ფინანსური ბლოკიდან, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს ეკონომიკაში. როდესაც ნავთობის მოპოვება ჩერდება, მისი ხელახლა ფუნქციონირებაში მოყვანას დიდი დრო და რესურსი სჭირდება, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება. ვნახეთ, რომ რუსეთის სიღრმეში ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები და ა.შ. ისპობა. ასე რომ, რუსეთი იძულებულია, პირველად ამ ხნის განმავლობაში, ნავთობის იმპორტზე ისაუბროს. პესკოვმაც არ დამალა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ ფასზე შეთანხმდებიან, შესაძლოა, ნავთობი შემოიტანონ. ვინ მისცემს ხელსაყრელ ფასში ამ წუთში რუსებს ნავთობს, როცა ირანის ნავთობზეც კი უკვე ამერიკელები აპირებენ დაპატრონებას?
ასე რომ, პროცესი, რომელიც ახლა ვითარდება, არცერთ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებისთვის ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ბუნებრივია, მათ შორის ძალოვან უწყებებში, „ეფესბეში“, გადასარევად იციან, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. უკრაინაში ომის შეჩერება თუ სურთ, იციან, რომ ეს არის პუტინის შეჩერება. ამის გამოცდილება რუსეთს ისტორიულად აქვს - გაიღვიძებ და აღარ არის მმართველი. მე მგონია, მაინც ყველაზე უმტკივნეულო ეს აღმოჩნდეს.
- ფიქრობთ, რომ პუტინი ყველა მხრივ განწირულია? ანუ, თუ ხელს მოაწერს ომის დასრულებას, წაგებული გამოჩნდება და თუ გააგრძელებს, კიდევ უფრო შორს შეტოპავს და რუსეთის ბედსა და მომავალს საბოლოოდ სასწორზე დადებს?
- დიახ, პუტინი ყველა შემთხვევაში განწირულია. რუსეთის გამარჯვება ახლა ძალიან ძნელად წარმოსადგენია. გამორიცხულია, ომის თეატრი ისე შემობრუნდეს, რომ რუსეთმა ხელშესახები რაიმე ტიპის გამარჯვება აჩვენოს. ასეთ შემთხვევაშიც ის განწირულია, როგორც პოლიტიკოსი, თუ ის ამას არ გააკეთებს და ქვეყანას კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში შეითრევს. ამიტომ პუტინის შეჩერება ახლა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ომის შეჩერებისკენ.
- როგორ ფიქრობთ, ახლა ზელენსკის ხელში მოლაპარაკების წინ რა სახის კარტები უკავია? ვის უფრო აწყობს ახლა მოლაპარაკება და ომის დასრულება?
- ომის გაგრძელების დიდი რესურსი აღარც რუსეთს და აღარც უკრაინას აღარ აქვს, ამიტომ ომის დასრულება უკრაინის ინტერესებშიც შედის. უკრაინა ცდილობს ომი დაასრულოს ისე, რომ რუსეთის გამარჯვება არ დაუშვას. რაც შეეხება მარცხის და გამარჯვების თემას, აქ ყველაფერი პირობითი იქნება. მე ეჭვი მეპარება, რომ აქ ყველაფერი 1991 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება - რომ ზელენსკის განსაკუთრებული ყურადღება სამხრეთისკენ აქვს გადატანილი, ეს აბსოლუტურად სწორი პოზიციაა სტრატეგიული თვალსაზრისით.
რაც შეეხება ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს, რომელიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობით არის დასახლებული, ისეა განადგურებული, რომ შესაძლოა, აღდგენასაც კი არ ექვემდებარებოდეს, ყოველ შემთხვევაში, ამას რუსეთი დიდხანს ვერ გააკეთებს. ამიტომ შესაძლებელია, დროებით ფრონტის ხაზი იქ გაივლოს.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერჯერობით ცოტა რთულია ვარაუდების გამოთქმა. რუსეთი არ არის ჰომოგენური სახელმწიფო. ერთგან რაღაც ხდება და მისი ექო ყველგან ისმის. მთავარია, მოსკოვი, პეტერბურგი და ეკატერინბურგი რამდენად შეწუხდება ამ ეკონომიკური კრიზისისგან. როდის მოხდება იქ მოსახლეობის გამოღვიძება, რომ სახალხო მღელვარება დაიწყოს, ცოტა რთული სათქმელია. მე რუსეთში უფრო კარის გადატრიალებას ველი, ვიდრე სახალხო მღელვარებას.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ლელა ჯეჯელავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს