ლევან დავითაშვილი - ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი

ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, სუსის შენობა დატოვა.
"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზით მომარაგების საკითხი, ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელიწადია, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში, კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ვფიქრობ, ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო.
ძალიან ლოგიკური კითხვები იყო, იყო კითხვები რამდენად ეს ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა შეიძლება ჩვენ მომარაგების კუთხით ქმნიდეს გარკვეულ რისკებს ან არ ქმნიდეს. ასევე, ჩვენ განვიხილეთ მომავალში საქართველოში სტაბილურად როგორ მოხდეს გაზმომარაგება. არის ხელშეკრულებები, რომელსაც გარკვეული ვადები აქვს, გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გვაქვს, გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო და ეს საკითხებიც განვიხილეთ", - განაცხადა დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილის გარდა, გამოკითხვაზე იმყოფებოდა ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანიც, რომელსაც ამ დროისთვის სუსის შენობა არ დაუტოვებია.
თაგები:
ლევან დავითაშვილი




