
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობასა და თავდაცვის უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ქვეყნის სამხედრო სტრატეგიაში ახალ, ტექნოლოგიურ ფაზაზე გადასვლას მოასწავებს. „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი Front News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს ახალი მთავარსარდლის მიხაილო დრაპატისა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ევგენი ხმარას დანიშვნას.
მამულაშვილის განმარტებით, წინა ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, სადაც ადამიანური რესურსის მასობრივ გამოყენებაზე კეთდებოდა აქცენტი, ახალი თაობის ოფიცრები ყურადღებას ინოვაციებზე, უპილოტო სისტემებსა და შორ მანძილზე დარტყმის უნარებზე ამახვილებენ. სამხედრო მეთაური ასევე განმარტავს სამობილიზაციო სისტემის რეფორმირების პერსპექტივებს, გენერალურ შტაბსა და სამინისტროს შორის არსებული შიდა დაპირისპირების განეიტრალებას და პოლიტიკურ-სამხედრო წნეხის იმ მექანიზმებს, რომლებმაც კრემლი თანასწორ მოლაპარაკებებამდე და საოკუპაციო ძალების გაყვანამდე უნდა მიიყვანოს.
- ზელენსკიმ ახალი სარდლობის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მობილიზაციის სისტემის რეფორმირება დაასახელა. თქვენი შეფასებით, რას გულისხმობს ეს ცვლილებები პრაქტიკაში და როგორ უნდა აირიდოს უკრაინამ ის ხარვეზები და საზოგადოებრივი პროტესტი, რაც სირსკის პერიოდში არსებობდა?
- მე ვფიქრობ, რომ ეს არის პოზიტიური ცვლილებები, რადგან როგორც მთავარსარდალი, ისევე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ორივე სამხედროა. ხმარაც და დრაპატიც 2014 წლიდან უკრაინის სუვერენიტეტისთვის იბრძვიან და არსებობს მოსაზრება, რომ ორივე ახალი თაობის სარდალია, სირსკისგან განსხვავებით. მისი მიდგომა რადიკალურად განსხვავდებოდა ახალი მეთაურებისა და თავდაცვის ახალი მინისტრის მიდგომებისგან. სირსკის მიდგომა იყო ის, რომ ის იბრძოდა ადამიანების რაოდენობით, ხოლო ახალი მთავარსარდლები ახალი ტექნოლოგიებით იომებენ. ახალ ტექნოლოგიებზე კიდევ უფრო დიდი კონცენტრაცია ხდება. თანამედროვე ომი უფრო მნიშვნელოვან ფაზაში გადავა.
მთავარსარდალი 2014 წლიდან იბრძვის უკრაინის ომში - ის რიგით ჯარისკაცადაც იბრძოდა. მან ძალიან კარგად იცის ის სპეციფიკა, რაც სამხედროებს უშუალოდ ფრონტის ხაზზე სჭირდებათ, ძალიან ახლოს არის იმ პრობლემატიკასთან, რასაც ფრონტზე ჯარისკაცი აწყდება. ორივე ჩემი თანამებრძოლი იყო. მე და მთავარსარდალი ერთად დავჯილდოვდით ერთ-ერთი ჯილდოთი, ფაქტობრივად, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს და ქართველებს დიდ პატივს სცემს.
ევგენი ხმარა ჯარისკაცების დაბალი ფენიდან არის მოსული და კარგად იცის ის, რაც სჭირდება ჯარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უპირატესობის მოსაპოვებლად. ჩემი აზრით, ამ ორი ადამიანის დანიშვნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და პოზიტიურად გადადგმულ ნაბიჯებს ჯარის სისტემაში მალე დავინახავთ.
- მიხაილო ფედოროვს და სირსკის ირგვლივ დაწყებული დაპირისპირება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რაც მათ გადაყენების საბაბად ზელენსკიმ დაასახელა. როგორ ფიქრობთ, ევგენი ხმარას დანიშვნით რამდენად სწრაფად შეძლებს ახალი მეთაურობა, აღმოფხვრას სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის არსებული უთანხმოებები და გაზარდოს მართვის ეფექტიანობა?
— რა თქმა უნდა, გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც ფედოროვსა და სირსკის შორის ხდებოდა, თავდაცვის სისტემაში კატეგორიულად მიუღებელია. ეს, პირველ რიგში, ჯარსა და ყოველდღიურად ადამიანების სიცოცხლეებზე აისახება. მე მგონია, რომ როგორღაც ეს დაპირისპირება განეიტრალდა, რადგან ორივე თანამდებობიდან გათავისუფლდა. რამდენადაც თანამედროვე თავდაცვის მინისტრადაც არ უნდა მიიჩნევდნენ ფედოროვს, ამ დაპირისპირებამ გამოიწვია ის, რომ მთლიანად სტრუქტურა არაეფექტურად მუშაობდა. თავის დროზე რომ მოგვარებულიყო სერიოზული დაპირისპირების გარეშე, არცერთის მოხსნა არ მოუწევდათ. თუმცა სიტუაცია მაინც კარგისკენ მიდის, რადგან მგონია, რომ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება კარგია. ასეთი კარგი სარდლები უკრაინის თავდაცვის სისტემაში ჯერ არ ყოფილან. ხმარა უშიშროების სამსახურის უფროსის მოვალეობებს ასრულებდა, ბოლო დროს უშიშროების სისტემას მართავდა. მთლიანობაში, ძალიან კარგი ტანდემი შედგა - დრაპატიც და ხმარაც ოპტიმისტურად არიან განწყობილები. რაც შეეხება სამობილიზაციო სისტემაში ცვლილებებს, ამას დრაპატი ბევრად უფრო ადვილად გააკეთებს. ისიც ჯარისკაცების ფენიდან არის და ამ თანამდებობაზე დაბლიდან არის მოსული. მას ეს პრობლემატიკა ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, შეძლებს ადამიანების ისე მიზიდვას, როგორც ეს თავიდან, ომის დაწყების წელს იყო. მე მგონია, რომ დრაპატის შეუძლია უკრაინაში ეს მომენტი გაამეოროს. ადამიანები მიხვდნენ, რომ მობილიზებულები უნდა იყვნენ და ყველამ ერთად უნდა დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი.
- ტექნოლოგიურ ომზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით უპილოტო სისტემებს. ბოლო პერიოდში უკრაინის მხრიდან დრონებით შეტევების ინტენსივობა და სიღრმე საგრძნობლად გაიზარდა. ცნობილია, რომ სირსკი ხშირად აჭიანურებდა ინოვაციების სწრაფ დანერგვას. თქვენი მოლოდინით, დრაპატის და ხმარას ხელმძღვანელობით რამდენად სწრაფად მოხდება დრონების ქვედანაყოფების კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სტანდარტულ საბრძოლო ოპერაციებში და რამდენად ეფექტურად შეძლებს ახალი სარდლობა მტრის ზურგში არსებული ობიექტების განადგურების სტრატეგიის გაფართოებას?
- დავიწყოთ იქიდან, რომ ოპერაციების დიდი ნაწილი ჩატარებულია სწორედ უშიშროების სამსახურის მიერ და უდიდესი რაოდენობით დრონები უშიშროების სამსახურის მიმართულებიდან არის გაშვებული. ასე რომ, ხმარა სწორედ მაგ დროს იყო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი, როდესაც ეს ხდებოდა. ამიტომ ზელენსკიმ თავდაცვის სისტემაში ძალიან დიდი გამოცდილება გადმოიტანა. რაც შეეხება დრაპატის, ის არის ახალი თაობის სარდალი. მას განათლება და სამხედრო ცოდნა აშშ-შიც აქვს მიღებული. ახალი თაობის მეთაურად მიიჩნევს ყველა. ამიტომ, მე მგონია, რომ ისინი ამ თანამედროვე ომში ყველაზე დიდ როლს შეასრულებენ.
- რუსეთის თემას მინდა შევეხო. როგორ ფიქრობთ, სანამ კრემლზე სამხედრო და პოლიტიკური წნეხი არ გაზრდილა, მოლაპარაკებები ფორმალურია? ახალი სარდლობის პირობებში, რამდენად რეალურია, რომ უკრაინამ უახლოეს თვეებში შეძლოს ინიციატივის ხელში ჩაგდება და ფრონტზე გარდატეხის შეტანა?
- მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე ვადაში უკრაინული მხარე შეძლებს, რუსეთი თანასწორ მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს. რუსეთი, ფაქტობრივად, ოკუპირებული ტერიტორიების მითვისებას და ამის ლეგალიზებას ითხოვს უკრაინის მხრიდან. ეს რომ ცალკეულ პიროვნებასაც სურდეს, პრეზიდენტს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, იურიდიული უფლება არა აქვს. გამორიცხულია ასეთი ქმედება უკრაინის მხრიდან. უკრაინაში ასეთ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. იმას, რასაც რუსეთი ითხოვს, თვითონაც იცის, რომ იურიდიულადაც ვერ შეძლებს, ამის სურვილიც რომ ჰქონდეს. კრემლმა იცის, რომ ეს არ მოხდება, ამიტომ, რასაც ითხოვს, არალეგიტიმური მოთხოვნაა. რუსეთი არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ უკრაინასთან თანასწორი მოლაპარაკებები აწარმოოს. მომწიფდება სწორედ ახალი ტექნოლოგიებით, ახალი ბალისტიკური რაკეტებით, რომლებზეც უკრაინა უკვე მუშაობს და, ფაქტობრივად, წარმოების პროცესშია. სწორედ ეს შეძლებს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ საოკუპაციო ჯარი უკრაინიდან გაიყვანოს.
ელზა პაპოშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს