Logo

მირიან მირიანაშვილი - ირანი ვაჭრობს არა გამდიდრებული ურანით, არამედ ატომური იარაღის შექმნის პერსპექტივით, ტრამპსაც დრო ცოტა დარჩა

ინტერვიუ
147
Frontnews image description

ახლო აღმოსავლეთში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და თეთრი სახლის მხრიდან მომავალი ურთიერთგამომრიცხავი სიგნალების ფონზე, ვაშინგტონ-თეირანის ფარული თუ ღია დაპირისპირება კრიტიკულ ფაზაში შედის. რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და მათ სამხრეთ კავკასიაზე გავლენას საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი აფასებს. Front News-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ექსპერტი დეტალურად განიხილავს ირანის შიდა ეკონომიკურ და კატასტროფულ ინფრასტრუქტურულ კრიზისს, დონალდ ტრამპის „მათრახისა და თაფლაკვერის“ პოლიტიკის მიზნებს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შიდაპოლიტიკურ მოტივაციებს და იმ ახალ რეალობას, რომელშიც ამიერკავკასია, რუსული გავლენების დასუსტების ფონზე, საბოლოოდ გადადის ამერიკის ინტერესების სფეროში.

- ბატონო მირიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონალდ ტრამპისგან ირანთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მივიღეთ. თქვენი ანალიზით, რასთან გვაქვს საქმე, ეს არის ტრამპის კლასიკური „ვაჭრობის ხელოვნება“ და ირანის შანტაჟი, თუ თეთრ სახლში მიმდინარეობს მწვავე დაპირისპირება სამხედროებსა და პრეზიდენტს შორის?

- რთული დასადგენია, ტრამპს სამხედროების წრეში რა დონის ოპოზიცია ჰყავს. ამის ობიექტური ინფორმაცია არა გვაქვს. რასაც ირანის შიგნიდან ვიღებ ინფორმაციას, იქ ბევრი სანაცნობო მყავს და მაწვდიან ამ ინფორმაციას. ირანს ახლა ძალიან სწრაფად წყლის კრიზისი უახლოვდება. ძალიან ბევრი დამბა და ინფრასტრუქტურული მოცემულობა წყლის ბალანსის რეგულირებასთან დაკავშირებით მწყობრიდან არის გამოსული. მისი რეაბილიტაცია არ მომხდარა ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე. პრობლემა აქვს ირანს ეკონომიკის, შემოსავლების, უმუშევრობა აქვს. ერთადერთი, რასაც ტრამპი არ შეეხო, ეს არის სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი, იმ განზრახვით, რომ ამერიკის კომპანიების მონაწილეობა მასში მაქსიმალურად ხელსაყრელი და მომგებიანი ყოფილიყო.

განსაკუთრებით თავდაცვითი მრეწველობა, ავტოინდუსტრია სრულიად დანგრეულია. რამდენიმე სტრატეგიული ხიდია ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთს შორის დანგრეული, რისი რეაბილიტაციაც არ მომხდარა. საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს იმ კონტექსტში, ამიტომ ირანი ცდილობს არც საომარ და არც მშვიდობის სიტუაციაში იყოს, ვიდრე ყოველგვარი სერიოზული ბონუსების გარეშე ტრამპთან ხელს მოაწერდეს. შემდეგ აწყდება მთელ რიგ ეკონომიკურ პრობლემებს, რომლის ფინანსური რეალიზება ბონუსების გარეშე შეუძლებელია.

ტრამპისგან თუ არ მიიღეს სანქციების მოხსნის დაპირება და გაყინულ აქტივებზე წვდომა, ირანისთვის ასეთ ზავს არავითარი აზრი არა აქვს. ტრამპისთვის კიდევ ეს ყველაფერი ვაჭრობის სფერო გახდა. ამას იყენებს ირანზე პედალირებისთვის.

თავად ტრამპსაც პრობლემა აქვს, რადგან ერთი თვეც აღარ დარჩა დროის ლიმიტი იმისთვის, რომ ირანის თემა გადაწყვიტოს. შემდეგ კუბაში გამარჯვებით უნდა საარჩევნო კამპანიაში შევიდეს. ამიტომ დრო ცოტა დარჩა. სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის საკმარისი არ იქნება. ამიტომ ასეთი დამუქრებებით, მათრახით და თაფლაკვერის პოლიტიკით ირანის დაყოლიებას ცდილობს იმ შედეგზე,  რაც ტრამპისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება.

- თავად რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ირანის ახალი ხელმძღვანელობა და რა არის ტრამპის საბოლოო წითელი ხაზი?

- როგორც შიგნიდან ამბობენ, ირანი მზად არის ეს ურანი დათმოს, როგორც  გამდიდრებული ისე გაუმდიდრებელიც. რაც არის ის ნახევარი ტონა, ამას ირანმა წლები ანაცვალა, სანქციები და ყველაფერი, რომ მიეღწია ატომური ბომბების აწყობისთვის და შემდეგ სხვა ენაზე დალაპარაკებოდა ამერიკას და სპარსეთის ყურის ქვეყნებს. ატომური ბომბის ქონის შემთხვევაში მას შეეძლო ამ თემით ეშანტაჟა. ირანს ატომური ბომბი სჭირდება იმისთვის, რომ სპარსეთის ყურე ჩაკეტოს. ფაქტობრივად, უნდოდა ამ კოლოსალური მატერიალური რესურსის პოლიტიკური კონტროლისთვის.

ირანს მიაჩნია, რომ ამ შედეგთან ახლოს არის. ირანს ფაქტობრივად ატომური ბომბის ტექნოლოგიამდე მიყვანილი გამდიდრება გაკეთებული აქვს. უბრალოდ ატომური ბომბის აწყობის ტექნოლოგია არა აქვს. ეს ყველაფერი, თუ მას ექნება მხარდაჭერა ჩინეთიდან, რუსეთიდან, სამხრეთ კორეიდან, მისი აწყობა რამდენიმე თვის პრობლემაა, მეტის არა.

შესაბამისად, ირანი ვაჭრობს ამერიკელებთან არა გამდიდრებული ურანით, არამედ ატომური იარაღის შექმნის პერსპექტივით. ირანს მიაჩნია, რომ ამ შანტაჟს ამერიკიდან ბონუსად შემხვედრი სერიოზული წინადადებები უნდა ჰქონდეს და არა ისე. ირანისთვის მარტივად გადასაწყვეტი გზა დაიხურა. ირანისთვის, მოლების რეჟიმისთვის, გეგმა იყო, რომ ატომური ბომბი 2027 წელს ჰქონოდათ. უცებ კი არარაობა გახდნენ, ამიტომ მათთვის ასე უცებ დათმობაზე წასვლა წარმოუდგენელია.

ტრამპი კი სერიოზულ ბონუსებს ვერ იძლევა. არც აქვს ამის სურვილი, რადგან მან ეს თავისი გეგმები ისრაელის პოლიტიკაზე ააწყო.

- თეირანმა გამოაცხადა ახალი თავდაცვის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი იერიში მის პროქსი ჯგუფებზე (ჰეზბოლა, ჰუსიტები) ავტომატურად ჩაითვლება იერიშად უშუალოდ ირანზე. როგორ შეცვლის ეს „ახალი ნორმალი“ ძალთა ბალანსს? ნიშნავს ეს იმას, რომ ისრაელის მიერ ლიბანსა თუ იემენში განხორციელებული ნებისმიერი ლოკალური ოპერაცია მომავალში პირდაპირ რეგიონულ ომს დაუდებს სათავეს? თითქოს ვრცელდება ბოლო დროს ინფორმაცია, რომ ტრამპსა და ისრაელის პრემიერს შორის დაპირისპირებაა?

— ამ დაძაბული ურთიერთობის მე პირადად არ მჯერა. ტრამპს ნეთანიაჰუსთან მჭიდრო ურთიერთობის გამო ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც ამუნათებდნენ. ამიტომ ეს ვითომ დაშორება უფრო ამის გამო სიმულირებული მგონია. ირანის ქეისში ებრაელები და ამერიკა ერთიანად არიან, ამიტომ ეს მათი პირველი პირების დაპირისპირებას გამორიცხავს. ისრაელის ამოცანაა, რომ ირანის რეჟიმი სრულად დაინგრეს. მხოლოდ რაიმე ზიანის მიყენება არ სურთ. ისევ მერე ყველაფერი არ დაიწყოს - ასე არ უნდათ. ირანს დააზიანებდა ამერიკა, მერე რაღაცა პერიოდი ირანის რეჟიმი გადაქოქავდა ხოლმე იმ თავის გეგმებს და ისევ იგივე იწყება.

ამიტომ ებრაელებს მორიგი სიტუაციის დაშვება არ უნდათ. ეს არ სურთ როგორც ისრაელის ებრაელებს, ასევე გლობალურად ებრაელებს. მათ აქვთ გეგმა, რომ ისრაელი წინა აზიის ზესახელმწიფოდ აქციონ. პრობლემა ისაა, რომ კილომეტრნახევრიდან და 5 კილომეტრიდან რაკეტებს რომ გიმიზნებენ ჰამასი და ჰეზბოლა, საფინანსო ცენტრი ასეთ პირობებში ვერ იმუშავებს. ასევე არ ვიფიქროთ, რომ ირანი ამ გლობალური გეგმების მოგერიებაში მარტოა. ირანსაც ჰყავს სხვა ქვეყნები მხარდამჭერები კულუარულად, ვისაც ისრაელის ამ დონემდე დაწინაურება არ სურს. დასავლეთის საერთაშორისო გავლენიან წრეებში ისრაელი თვალში ბევრს არ მოსდის.

- ისრაელის პოზიცია ვაშინგტონის ამერიკულ-ირანულ დიალოგთან მიმართებაში საკმაოდ ხისტია, იერუსალიმი ეწინააღმდეგება თეირანისთვის სანქციების შემსუბუქებას. თუ ტრამპმა ირანთან ნავთობის ექსპორტის ნაწილობრივ აღდგენაზე მოაწერა ხელი, წავა თუ არა ისრაელი ცალმხრივ სამხედრო ესკალაციაზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რაც ზავს საბოლოოდ დაასამარებს?

- საქმე იმაშია, რომ ტრამპს თუ აქვს ოქტომბერში არჩევნები, ისრაელის პრემიერს სექტემბერში აქვს არჩევნები. შიდაპოლიტიკურ ველზე ნეთანიაჰუს ტრამპზე ნაკლები პრობლემები არ აქვს, ალბათ, უფრო მეტიც. ნეთანიაჰუს ემუქრება ციხე და სასამართლო. ერთადერთი, მას ამ ვარიანტიდან გამოძრომა შეუძლია, ეს არის ტოტალური გამარჯვება, ისრაელის სახელმწიფოს ახალი დამფუძნებლის სტატუსის მიღება. ამ გამარჯვებების ფონზე მისი პერსონა ხელშეუხებელი იქნება. სხვა ნებისმიერ სცენარში ამ კონფლიქტის დასრულება მიუღებელია.

რაც შეეხება ტრამპს, ნუ ვიფიქრებთ, რომ ის ისრაელის გეგმებს ჩაჰყვება. ის ძალიან სერიოზულ თამაშს თამაშობს, ის რამდენიმე პიანინოზე უკრავს. ის ებრაელებსაც აშანტაჟებს. ტრამპს გლობალური ებრაელები სჭირდება ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ფინანსური და საინფორმაციო მდგენელები. ამიტომ კულუარული ვაჭრობა ტრამპსა და გლობალურ ებრაელებს შორის სერიოზულად მიმდინარეობს, რას გადაიხდიან ისინი ტრამპისთვის ადგილობრივ არჩევნებში. თუ ის წააგებს ადგილობრივ არჩევნებს, შესაძლოა, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტიც კი დადგეს.

- როგორც იცით, ამერიკულ კანონპროექტებში (მაგალითად, ჯო უილსონის მიერ ინიციირებულ აქტში) პერიოდულად ჩნდება სამხრეთ კავკასიის კონტექსტი, სადაც საუბარია რეგიონში ჩინეთის, რუსეთისა და ირანის ინტერესების შეკავებაზე. თუკი ირანის ირგვლივ კონფლიქტი ახალ, ცხელ ფაზაში გადავიდა და ჰორმუზის სრუტე საბოლოოდ ჩაიკეტა, როგორ იმოქმედებს ეს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნებზე?

- საქართველოსთან მიმართებაში პრობლემა ერთია, რომ ეს ირანის ქეისს სცილდება. ამიერკავკასია ამერიკის გავლენის სფეროში ფაქტობრივად უკვე გადავიდა. ეს უბრალოდ ქართული პოლიტიკური ელიტისთვის არის უცნობი. ამიერკავკასიაში რუსეთი აღარ არსებობს. მოაზრება, რომ ახლა რუსეთი არ გავაღიზიანოთ და ამერიკასთან ცოტა სიხისტე გამოვაჩინოთ და ამით რუსები დავამშვიდოთ, აღარ მუშაობს. ამერიკელების გაღიზიანება უფრო შესაძლოა, ეგზისტენციალური პრობლემა გახდეს, ვიდრე რუსეთის გაბრაზება. ფაშინიანმა კი არ წაართვა სომხეთი რუსებს, სომხეთი რუსებს ამერიკამ წაართვა.

ელზა პაპოშვილი

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები