Logo

ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა

კულტურა
290
Frontnews image description

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ოთარ ტატიშვილის საიუბილეო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

მსმენელს საშუალება ჰქონდა, მოესმინა ქართველი ხელოვანის მიერ შექმნილი ჟანრობრივად განსხვავებული მუსიკის მდიდარი მემკვიდრეობიდან მასშტაბური სიმფონიური ქმნილებები, მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი სოლისტების მონაწილეობით.

ღონისძიების პროგრამაში იყო სავიოლინო კონცერტი, konzertstuck “DEJA VU”, ჩელოს კონცერტი, N1 სიმფონია.

კომპოზიტორის საიუბილეო შემოქმედებითი საღამოსთვის პირველად საქართველოს ეწვივნენ  ვიოლონჩელისტი გერმანიიდან ალექსანდრ პირიევი და მევიოლინე ყაზახეთიდან აიდა აიუპოვა. შემოქმედებით საღამოში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი და ოპერის ორკესტრი, მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით.

შემოქმედებითმა საღამომ მსმენელს საშუალება მისცა, ახლოს გაეცნო თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის უაღრესად საინტერესო, მდიდარი, მიმზიდველი და მრავალფეროვანი სამყარო.

საღამოს დასასრულს კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა მადლობა გადაუხადა მაყურებელს, ოჯახს, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.

"სიამოვნებით შევქმენი სამნაწილიანი საკრავიერი კონცერტი. მსურდა, მუსიკითაც გადმომეცა ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და მენტალიტეტისთვის მახასიათებელი ევროპულ-აღმოსავლური წინამძღვრები. ამიტომაც დაიტვირთა სამუსიკო ქარგა განსხვავებული შინაარსის თემებით", - განაცხადა კომპოზიტორმა.

ღონისძიება საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით გაიმართა, მხარდამჭერები და სპონსორები - საქართველოს კულტურის სამინისტრო, ორგანიზაცია "შემოქმედებითი საქართველო", თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია „იმედი“, "რადიო ფორტუნა" და მაღაზიათა ქსელი "ლუტეცია".

Advertisement