Logo

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე

სამართალი
321
Frontnews image description

შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული კიდევ ერთი საპოლიციო ღონისძიების შედეგად, გვიან ღამით, აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები – 3 კილოგრამამდე „კოკაინი”, 13 000-მდე „ექსტაზის” აბი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

"აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, სავარაუდოდ, ბათუმში არსებულ სხვადასხვა ღამის კლუბში იგეგმებოდა, რაც გამოუსწორებელ ზიანს მოუტანდა ადამიანების და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულში დახმარების ფაქტებზე ბელარუსის ორი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული რ.ს. და 2004 წელს დაბადებული მ.ვ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებები ბათუმში, ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. გარდა ამისა, პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ამოღებულია 7 ცალ ბურთულაში მოთავსებული „კოკაინი“, „ექსტაზი“ და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო სხვა ნივთები. ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციისთვის შერჩეული კონკრეტული ლოკაციების ფოტოსურათებიც.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს შესაბამის კომპლექსურ საგამოძიებო მოქმედებებს, აღნიშნული ნარკოდანაშაულის ფაქტთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18-260-ე ტერცია მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ, კანონით განსაზღვრული უმკაცრესი ზომების გატარებას.

ჩვენი უწყება, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის", - განაცხადა დარახველიძემ.

Advertisement