Logo

რამაზ საყვარელიძე - რევოლუციურ კოცონზე ნავთის დამსხმელი აღარ ჰყავთ, ოპოზიცია იძულებულია, ფირფიტა შეცვალოს

ინტერვიუ
38
Frontnews image description

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ფართომასშტაბიანი ვიზიტი თბილისში და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა ხდება. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე Front News-თან ინტერვიუში აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოლოდინებს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე ურთიერთობების აღდგენაზე და დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ადმინისტრაციებს შორის არსებულ რადიკალურ განსხვავებებს უსვამს ხაზს.

საყვარელიძის თქმით, დონალდ ტრამპის პოლიტიკა, რომელიც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა ორიენტირებული, თბილისს ახალ შესაძლებლობებს უჩენს, მაშინ როდესაც შიდა ოპოზიცია, დასავლური ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის შემცირების ფონზე, იძულებულია რევოლუციური სცენარებიდან საარჩევნო ტაქტიკაზე გადაერთოს.

- ბატონო რამაზ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას ყოველგვარი წინაპირობების (პატიმრების გათავისუფლება, შიდა პოლიტიკური დათქმები) გარეშე ითხოვს. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია თბილისის ეს მოლოდინი? წავა თუ არა ვაშინგტონი ურთიერთობების გადატვირთვაზე შიდა დემოკრატიულ პროცესებზე "თვალის დახუჭვის“ ფასად?

- სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა ტრამპის ადმინისტრაციამ მიუღებლად გამოაცხადა. ეს უკვე დეკლარირებულია და უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც ასეთ ჩარევებს აფინანსებდა, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა. ამ მოვლენების ფონზე საეჭვოა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისეთივე პრეტენზიები წამოაყენოს, როგორსაც ბაიდენის ადმინისტრაცია აყენებდა. მით უმეტეს, რომ ბაიდენი და ტრამპი ძაღლი და კატასავით იყვნენ ერთმანეთთან.

ამასთან ერთად, ის ფაქტი, რომ პრემიერმა ასეთი განცხადება გააკეთა, უკვე საფიქრალს ხდის, რომ პრინციპში ეს საკითხი, ავად თუ კარგად, შეთანხმებულია. მხარეები, როგორც წესი, სანამ რომელიმე თემას მაღალ დონეზე ასწევენ, იქამდე ამ თემისადმი დამოკიდებულებაზე თანხმდებიან. რადგან პრემიერმა ეს განაცხადა, ესე იგი შეთანხმებისმაგვარი რაღაც უკვე არსებობს, რათა ბაიდენისდროინდელი ამბავი აღარ განმეორდეს.

- ხელისუფლება ღიად საუბრობს „ორმაგ სტანდარტზე“ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით. მაგალითად კი აზერბაიჯანი და სომხეთი მოჰყავს, სადაც ამერიკამ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება ისე დადო, რომ ამ ქვეყნების დემოკრატიასა და შიდა საქმეებზე დიდი ყურადღება არ გაუმახვილებია. იგივე დამოკიდებულება ექნება საქართველოსთანაც?

- ტრამპის ადმინისტრაცია ორიენტირებულია იმაზე, რომ ამერიკამ რაც შეიძლება მეტი ხეირი ნახოს. შესაბამისად, ამ ლოგიკით მოქმედებისას, მათ არანაირად არ სურთ და არც სჭირდებათ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ასევე, არც სომხეთსა და აზერბაიჯანზე ამბობს ვინმე, რომ იქ დემოკრატია ყვავის. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს არის ამერიკის ხელისუფლების ახალი პოლიტიკა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. ამიტომაც არ ველი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ რაიმე სხვა პოლიტიკა ექნებათ.

- თბილისს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები (პიტერ ანდრეოლი და ჩარლზ იოქი) სტუმრობდნენ, რომლებმაც შეხვედრები გამართეს როგორც ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, ისე საპატრიარქოსთან. რაზე მიანიშნებს მათი ვიზიტის ასეთი ფართო არეალი და განსაკუთრებით ეკლესიასთან შეხვედრა? ხომ არ ცდილობს ვაშინგტონი ნიადაგის მოსინჯვას გრძელვადიანი სტრატეგიისთვის?

- რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ჩამოსული დელეგაცია შეხვდა როგორც ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ისე პატრიარქ შიო მესამეს, აქაც შედარებას ბაიდენისა და ტრამპის ამერიკას შორის გავაკეთებ. ისევ და ისევ, ბაიდენის ამერიკისთვის რელიგია მეასეხარისხოვანი იყო. ისინი ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებდნენ, თუ რას აკეთებდა ოპოზიცია და მათ ინტერესებს ითვალისწინებდნენ, ეს იყო დემოკრატების პოლიტიკა. ახლა ეს პოლიტიკა რადიკალურად შეცვლილია. ტრამპის სტილი კი გულისხმობს, რომ კონტაქტი უნდა გქონდეს ქვეყანასთან, მის კულტურასთან, რელიგიასთან, ეკონომიკასთან და პატივი უნდა სცე ამ ქვეყანას ყველა თავისი წეს-ჩვეულებით.

სხვისი ღირებულებების პატივისცემის გამოხატულებაა სწორედ ეს ყოვლისმომცველი ვიზიტები. ეს იყო არა იმდენად იმის გაგება, არამედ ჩვენება, თუ რა სტილის ურთიერთობას ამყარებს ამერიკა საქართველოსთან. ეს არის ყოვლისმომცველი ღირებულებათა სისტემით ურთიერთობა ამერიკის, როგორც ქვეყნისა, საქართველოსთან, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსთან.

- საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ ზურაბ ჯაფარიძე, აცხადებს, რომ ამერიკელები მაინცდამაინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე არ არიან ფოკუსირებულები და შეხვედრები შედეგს არ გამოიღებს. მეორე მხრივ, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ დასავლური ინტერესების გატარება იქ, სადაც „რუსული ნება“ ხორციელდება, შეუძლებელია და ეს ამერიკელ პარტნიორებს კარგად ესმით. თქვენი აზრით, როგორ დააბალანსებს ვაშინგტონი ამ ორ მოცემულობას - რეგიონულ უსაფრთხოებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვექტორს? რატომ აკეთებს ოპოზიცია ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს?

- ოპოზიციის ლიდერები არანაირ ლოგიკას არ გვთავაზობენ, როცა ერთი ერთს ამბობს და მეორე - მეორეს. მე ვვარაუდობ, რომ გვარამია უფრო ცდილობს, უფრო მეომარი ფიგურა იყოს და შესაბამისი ელექტორატის ხმები დაისაკუთროს. არჩევნებზე მან ეს მოახერხა და სააკაშვილსაც კი გადაუსწრო. ეს შეძლო სწორედ რადიკალური ოპოზიციური ხმების თავისკენ გადმოწევით. რადიკალიზმი მათ საარჩევნოდაც სჭირდებათ, ამიტომ გვარამიას განაცხადი უფრო შორ მიზნებზეა გათვლილი, ვიდრე ზურაბ ჯაფარიძის, რომელსაც, მგონია, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ამხელა ამბიციები არ გააჩნია.

- მაშინ ამ ლოგიკიდან გამომდინარე, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მათმა ლოზუნგმა  „საქართველო უკეთესს იმსახურებს“ ოპოზიციის შიგნითვე პროტესტი და დაპირისპირება გამოიწვია. ასევე, 26 მაისის გამოსვლების შემდეგ, მორიგი აქცია შემოდგომამდე გადაიდო და ოპოზიცია ზაფხულში რეგიონებში გასვლას გეგმავს. როგორ ფიქრობთ, რა სახის ტაქტიკა აქვს ახლა ოპოზიციას არჩეული და როგორ აფასებთ 26 მაისის აქციას?

- 26 მაისს მივიღეთ ის სურათი, როგორიც ადრეც გვინახავს ე.წ. ოპოზიციის დიდი მობილიზაციების დროს. მათ თავიანთ საშუალო რაოდენობას ვერ გადააჭარბეს. პრინციპში, ისეთივე სურათი აჩვენეს, როგორსაც ჩვეულებრივი მობილიზაციის დროს აჩვენებენ ხოლმე. ამ თვალსაზრისით, საინტერესო ის არის, რომ აქციაზე არჩევნების თემამ გაიჟღერა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია არ იყო თანმიმდევრული და აგრესიული ამომრჩევლით დაინტერესებულმა გვარამიამ თქვა, ხალხი ფასდაკლებებზე მაღაზიებში რომ არ შევარდნილიყო და ჩვენთან მოსულიყო, ამ ხელისუფლებას დავამხობდითო (ანუ ისევ რევოლუციაზე გააკეთა გათვლა), მაინც ამოტივტივდა არჩევნების თემა. არჩევნების თემის გამოჩენა ამ შეხვედრის ყველაზე კარგი შედეგია.

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციამ რატომ შეცვალა სტრატეგია? რა არის მათი ტაქტიკის ცვლილების მიზანი?

- მე მგონია, რომ რევოლუციურ კოცონზე ნავთის დამსხმელი აღარ ჰყავთ. საწვავი რევოლუციურ კოცონს შემოაკლდა. ის, რომ ამერიკის სახით ეს მხარდამჭერი აღარ ჰყავთ, ფაქტია. თუმცა, მე მგონი, არც ევროპელები უჭერენ მხარს რევოლუციას ძალიან ინტენსიურად. ამიტომაც, ოპოზიცია იძულებულია, ფირფიტა შეცვალოს.

ელზა პაპოშვილი 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები