Logo

საგარეო უწყება - ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას და წარმოადგენს რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას

პოლიტიკა
63
Frontnews image description

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმაურება.

"დღეს, 5 მაისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის თაობაზე, რომლის ავტორია საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.

ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას, რითაც ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას, არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც აისახება საზოგადოების განწყობებში და პოლიტიკური წრეების სამართლიან პროტესტში.

შემაშფოთებელია ევროკავშირის ინსტიტუტების გამოყენება ქართულ სახელმწიფოზე, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ქართულ საზოგადოებაზე და ფასეულობებზე მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რაც უხეშად ლახავს ერის რელიგიურ გრძნობებს.

ანგარიში წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაში პოლარიზაციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ხალხისგან გამიჯვნის, ანტიდემოკრატიული პროცესებისა და რადიკალური განწყობების წახალისების მორიგ მცდელობას.

მიუღებელია ქართული საზოგადოების შანტაჟი და მუქარა, რაც წარმოადგენს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და იწვევს ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სამართლიან შეშფოთებას.

მიუღებელია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების და გეოპოლიტიკური საკითხების ინსტრუმენტალიზაცია, ევროინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ისეთი წინაპირობების დაყენების მცდელობები, რაც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას და რეგიონში ესკალაციის დამატებითი რისკების შექმნას.

ევროკავშირის ინსტიტუტის მხრიდან ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება ძირს უთხრის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს და აზიანებს ჩვენს საერთო ინტერესებს.

საქართველო, როგორც ევროკავშირის პასუხისმგებლიანი და ერთგული პარტნიორი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას პატივისცემაზე, ნდობაზე და საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისთვის და მოელის ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან კონსტრუქციულ და სამართლიან მიდგომას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები