საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია - Norwegian Air Sweden შემოდის

ავტორი
Front News საქართველო
2026 წლის ივნისიდან, თბილისს კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი (დანიის სამეფო) დაუკავშირდება პირდაპირი ავიარეისებით. ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს ცნობილი სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი - Norwegian Air Sweden შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო, 15 აგვისტოდან - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
"კოპენჰაგენი - თბილისი - კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების მატებას ქვეყანაში. ამასთან, კოპენჰაგენის აეროპორტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სატრანზიტო ჰაბს ევროპის რეგიონში, რაც ქართველ მგზავრებს დამატებით შესაძლებლობებს მისცემს კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ სხვა ევროპული თუ ამერიკული მიმართულებებისკენ", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
თაგები:
საავიაციო ბაზარი




