საპარლამენტო დელეგაციამ კანადის პარლამენტსა და სენატში შეხვედრები გამართა

ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო დღის შეხვედრები გამართა კანადის საკანონმდებლო ორგანოსა და სენატის საკვანძო კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა კანადის პარლამენტის ადამიანური რესურსების, უნარებისა და სოციალური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარესთან, რობერტ მორისისთან. შეხვედრაში მარიამ ლაშხი, ვიქტორ სანიკიძე და სალომე ქურასბედიანი მონაწილეობდნენ. მხარეებმა განიხილეს სოციალური პოლიტიკის მიმართულებით ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები.
დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პიტერ ბიმთან (Peter M. Boehm) და თავმჯდომარის მოადგილესთან, პიტერ ჰარდერთან (Peter Harder). შეხვედრას, ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანთან ერთად, ესწრებოდნენ დეპუტატები: მარიამ ლაშხი, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე.
საუბრის მთავარი თემები გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ პარტნიორობას შეეხო. ქართულმა მხარემ სენატორებს მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ, ხელშესახებ ფაქტებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ რეიტინგებს, სადაც საქართველო მყარ, მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე მოეწყო სამუშაო აუდიენცია სენატორ მარილუ მაკფედრანთან (Marilou McPhedran). შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერების საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
თაგები:
საპარლამენტო დელეგაცია




